საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში მეხუთე ფრე ითამაშა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო D ჯგუფში VIII ტურის მატჩი სტუმრად ავსტრიის ნაკრებთან გამართა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 1:1.
ვენაში, "ერნსტ ჰაპელის" სტადიონზე ანგარიში უკვე მე-8 წუთზე ვაკო გვილიამ გახსნა, რომელსაც ასისტენტობა ჯანო ანანიძემ გაუწია.
გოლის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდმა უკან დიდი ძალებით დაიხია, მასპინძლებს კი გათანაბრების შანსი არაერთხელ მიეცათ. ერთხელ კარის ხარიხამ გვიხსნა, რამდენიმეჯერ - გიორგი მაკარიძემ, მაგრამ ტაიმის მიწურულს გატანა ლუის შაუბმა
მეორე ტაიმში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში მეხუთე ფრე ითამაშა. მოპოვებული ქულის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდს 5 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-5 ადგილზეა.
შესარჩევ ციკლში მომდევნო შეხვედრას ვაისის გუნდი 6 ოქტომბერს თბილისში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, გვილია (69, მერებაშვილი), ანანიძე, ყაზაიშვილი (90+2, ხოჭოლავა), ქვილითაია (88, დვალიშვილი).
რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის სხვა შეხვედრებს, სერბეთმა სტუმრად ირლანდიას მინიმალური ანგარიშით მოუგო (1:0), ხოლო უელსმა მოლდოვაში გაიმარჯვა - 2:0.