"მარსელის" თავდამსხმელ მარიო ბალოტელის ცოტა ოდიოზურად კი თვლიან, მაგრამ ხანდახან ისეთ მოსწრებულ სიტყვას იტყვის, ყველას გააკვირვებს.
"ბარსელონასა" და "ლივერპულის" მატჩის შემდეგ მან "ინსტაგრამზე" დაწერა: "მესი ფენომენია, გთხოვთ, ფეხბურთის გულისთვის, ნუ ადარებთ მას "იუვენტუსის" 7 ნომერს".
შემდეგ მან თავისი მოსაზრება Football Italia-სთან განავრცო.
"თუ სტატისტიკით ვიმსჯელებთ, ისინი ერთ დონეზე არიან. ორივეს წინააღმდეგ მითამაშია და შემიძლია გითხრათ, მესი ჩვენი პლანეტიდან არაა. შეუძლებელია მას აჯობო.
მესი და რონალდო ორი ფენომენია, მაგრამ ისინი ერთი კლასის ფეხბურთელები არ არიან. რომ არა მესი, რონალდო საუკეთესო იქნებოდა.
შრომისმოყვარეობის გამო რონალდოს დიდ პატივს ვცემ. მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა.
ხალხი ამიმხედრდა, თითქოს არ ვიცი, რას ვლაპარაკობ. რონალდო "ატლეტიკოსთან" მატჩში სამჯერ შეეხო ბურთს და სამი გოლი გაიტანა. ეს მისი ძლიერი მხარეა.
გუშინ მესიმ "ლივერპულთან" შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. სტატისტიკას ჟურნალისტებს მივანდობ, მაგრამ ეს მარადონას და პელეს შედარებასავითაა. პელემ მარადონაზე მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ როდესაც მარადონა ბურთს ფლობდა, ეს რაღაც განსაკუთრებული იყო".