ჩემპიონთა ლიგა. II ტური: "რეალი" მეორე წაგებას გადაურჩა, "შახტარმა" ბოლო წუთზე მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
1-ელ ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის 2 მატჩი ჩატარდა. პირველ ტურში პარიზში განადგურებული "რეალი" სახლში "ბრიუგეს" დაუზავდა, "შახტარმა" კი კომპენსირებულ დროში "ატალანტას" სძლია.

A ჯგუფი
"რეალმა" კინაღამ სენსაციური მარცხი განიცადა საკუთარ მოედანზე "ბრიუგესთან", რომელიც ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდა და ამ სეზონში არ წაუგია.

21 წლის ნიგერიელმა ნახევარმცველმა დენის ბონავენტურემ პირველ ტაიმში ბელგიური გუნდი დუბლით დააწინაურა და "ბლანკოსი" გულშემტკივრებმა გასახდელში სტვენით გააცილეს.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა ზიდანმა კურტუა არეოლათი, ხოლო ნაჩო მარსელოთი შეცვალა.

54-ე წუთზე არეოლამ დენისს ჰეთ-თრიკის შესრულების საშუალება არ მისცა, ხოლო მალე
სერხიო რამოსმა თავურით ანგარიში 1:2 გახადა (მსაჯმა ჯერ თამაშგარე დააფიქსირა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის მერე ჩათვალა). 67-ე წუთზე ზიდანმა მესამე შეცვლაც გამოიყენა - ვასკესის ნაცვლად ვინისიუსი შეუშვა.

84-ე წუთზე "ბრიუგეს" კაპიტანმა ვორმერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ცოტა ხანში კი საჯარიმოდან კროოსის ჩაწოდებულ ბურთს მინოლეს კარში თავით კაზემირომ მიუჩინა ადგილი.

სერხიო რამოსმა ტურნირზე 120-ე მატჩი ჩაატარა და მცველებს შორის რობერტო კარლოსის შედეგი გაიმეორა.

"რეალმა" 2 და მეტი გოლი ზედიზედ ჩემპიონთა ლიგის სამ საშინაო მატჩში პირველად გაუშვა.

მადრიდი."სანტიაგო ბერნაბეუ". 65 112 მაყურებელი
რეალი - ბრიუგე 2:2
გოლები: 0:1 დენისი (9), 0:2 დენისი (39), 1:2 სერხიო რამოსი (56), 2:2 კაზემირო (85)
გაძევება: ვორმერი (84)



C ჯგუფი
"ატალანტამ" "შახტარს", რომლის განაცხადში ტრავმირებული დავით ხოჭოლავა არ იყო, მილანში უმასპინძლა.

მე-15 წუთზე ილიჩიჩის შესრულებული თერთმეტმეტრიანი პიატოვმა მოიგერია, შემდეგ კი პიატოვი კარიდან უხეიროდ გამოვიდა და საპატამ ანგარიში გახსნა. 41-ე წუთზე მორაესმა პატრიკის გადაცემა გამოიყენა და საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო ზედ შესვენებაზე გასვლის წინ დონეცკელმა მარლოსმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა.

მეორე ტაიმში მომენტები იშვიათად იქმნებოდა და თითქოს ფრე გარდაუვალი იყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში სოლომონმა "მეშახტეებს" გამარჯვება მოუპოვა.

"შახტარმა" ტურნირზე მიჯრით 18 შეხვედრაში ვერ შეინახა კარი მშრალად, მისმა მეკარე პიტოვმა კი 5 თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

მილანი. "სან სირო". 26 022 მაყურებელი
ატალანტა - შახტარი  1:2
გოლები: 1:0 საპატა (28), 1:1 მორაესი (41), 1:2 სოლომონი (90+5)
გამოუყენებელი პენალტი: ილიჩიჩი (15)


მკითხველის კომენტარები / 3 /
ადრეც დავწერე, რომ კურტუა არ უნდა იყოს იქ, სადაც ეხლა არის.
გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
აჩი
09:59 02-10-2019
0
მთელი მსოფლიო ყომარობს და რა ერთი ამბავი აუტეხეთ საბურთალოს. ბიჭებმა პატარა ფული გაჭრეს. ატალანტამ საერთოდ მილანში ითამაშა ტიფოზებს დაემალა. ეხლა იტყვია ატალანტა ფორმაში არაო დაგავა მერე დაიუვენტუს მოუგებს ან ვინმე ძლიერს
გრიგოლ1408
23:20 01-10-2019
12

სიახლეები პოპულარული