სერია A. XIII ტურის წინ: როცა რომი ორია

AutoSharing Option
"სკუარდა აძურას" კრახის შემდეგ იტალიას, ალბათ, გახედვაც აღარ უნდა ფეხბურთისკენ, მაგრამ... ცხოვრება გრძელდება და მოუწევს სტადიონების შევსება. მით უმეტეს, ამ უქმეებზე ორი სუპერმატჩი გაიმართება და მათი შედეგები ძალიან ბევრს განსაზღვრავს სატურნირო ცხრილში.

შაბათს რომი ორად გაიყოფა. შესანიშნავ ფორმაში მყოფი ორი დედაქალაქური კლუბი, "რომა" და "ლაციო", უკომპრომისო ბრძოლისთვის ემზადებიან. საერთოდ, რომაული დერბი გაცილებით მეტია, ვიდრე ფეხბურთი. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს არის ევროპის ყველაზე სასტიკი დერბი.

"რომას" არ ეყოლებიან რიკ კარსდორფი, ბრუნო პერესი და პატრიკ შიკი. "ლაციოს" რიგებში რამდენიმე ფეხბურთელის თამაშია საეჭვო,
მათ შორის - ფელიპე ანდერსონის, მაგრამ "ბიანკოჩელესტე" უკვე მიეჩვია ბრაზილიელი ლიდერის გარეშე გარჯას.

"ნაპოლი", მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგა თითქმის რომ ანაცვალა სკუდეტოსთვის ბრძოლას, "მილანს" მიიღებს, რომელსაც ბოლო დროს სულ უგებს. ესეც მეორე სუპერმატჩი, რაკი ორივე გუნდს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. მასპინძლებს არ ეყოლებათ არკადიუშ მილიკი და ფაუზი გულამი. რაც შეეხება "მილანს", ვერ ითამაშებენ ჯაკომო ბონავენტურა, დავიდე კალაბრია და ანდრეა კონტი. საეჭვოა, ითამაშებს თუ არა არგენტინელი ნახევარმცველი ლუკას ბილია.

რთული გასვლა ელის "იუვენტუსს" გენუაში, სადაც მას "სამპდორია" დაუხვდება. ტურინელებს არ ეყოლებათ მეჰდი ბენატია, საეჭვოა მირალემ პიანიჩის თამაში. ყველაფრის მიუხედავად, "იუვე" ფავორიტად ითვლება.

"ინტერს" სხვა გზა არა აქვს - აუცილებლად უნდა მოუგოს საშინაო მატჩი "ატალანტას", რათა საჩემპიონო რბოლაში პოზიციები არ დაკარგოს. მასპინძლებს ამის გაკეთება, ალბათ, მაურო იკარდის გარეშე მოუწევთ, ვისი თამაშიც თითქმის გამორიცხულია.

ფაქტები
* რომამ" ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, "ლაციომ" - 7.
* "მილანმა" ბოლოს 2014 წელს მოუგო "ნაპოლის".
* "კროტონემ" უკანასკნელად 2002 წელს სძლია "ჯენოას".
* 8 თამაშია, "სამპდორიას" "იუვენტუსისთვის" არ მოუგია.
* "ტორინოსა" და"კიევოს" შორის ბოლო სამ შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
* "ინტერსა" და "ატალანტას" შორის უკანასკნელ სამ დაპირისპირებაში ორივე გუნდმა გაიტანა ერთი გოლი მაინც.
ალეკო კაკაურიძე

სერია A. XIII ტური
შაბათი, 18 ნოემბერი
რომა-ლაციო 21:00
ნაპოლი-მილანი 23:45

კვირა, 19 ნოემბერი
კროტონე-ჯენოა 15:30
ბენევენტო-სასუოლო 18:00
სამპდორია-იუვენტუსი 18:00
სპალ-ფიორენტინა 18:00
ტორინო-კიევო 18:00
უდინეზე-კალიარი 18:00
ინტერი-ატალანტა 23:45

ორშაბათი, 20 ნოემბერი
ვერონა-ბოლონია 23:45

ბომბარდირები: 14 - ჩირო იმობილე (ლაციო); 11 - მაურო იკარდი (ინტერი), პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული