სერია A. XV ტური: ახალი ლიდერი, იკარდი ისტორიას წერს... [VIDEO]

AutoSharing Option
ტურისა და, შესაძლოა, წლევანდელი სერია A-ს ერთ-ერთი მთავარი მატჩი ნეაპოლში შედგა. ზოგადად, "ნაპოლისა" და "იუვენტუსს" ძალიან არ უყვართ ერთმანეთი. ამას თან ერთვის თავდაუზოგავი ბრძოლა სკუდეტოსთვის. აქედან გამომდინარე, ამ ორი გუნდის შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა...

იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის გამოც შეხვედრას განსაკუთრებული ელფერი ჰქონდა. ვგულისხმობთ გონსალო იგუაინს. ცოტა ხნის წინ "პიპიტა" "ნაპოლის" უპირველესი ბომბარდირი იყო, თუმცა ყოფილმა კლუბმა ის ვერ შეინარჩუნა და ამაში არგენტინელი ვარსკვლავი ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ადანაშაულებდა...

საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ ამ შეხვედრის ბედი
სწორედ იგუაინმა გადაწყვიტა. ეს იყო "ნაპოლის" პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში. სტუმრებისთვის კი ეს შეხვედრა ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო. მოგების შემთხვევაში, "ბებერი ქალბატონი" თავს კომფორტულად იგრძნობდა, წაგება კი მასიმილიანო ალეგრის გუნდს ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენებდა.

"იუვენტუსმა" გოლის გატანა სწრაფადვე შეძლო. პაულო დიბალამ შესანიშნავ კონტრშეტევას ჩაუყარა საფუძველი. არგენტინელმა კარგი გადაცემა გაუკეთა თანამემამულე იგუაინს, ვინც პეპე რეინასთან პირისპირ დარჩენა იდეალურად შეირგო. არადა, არგენტინელის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. მას ხელი აწუხებდა, თუმცა მონახა ძალა, მინდორზე გავიდა და საკვანძო როლიც შეასრულა "იუვეს" გამარჯვებაში.

ფაქტია, ნეაპოლში იგუაინი არც აქამდე იყო ღმერთი, მისი ძველი დამსახურების მიუხედავად და ახლა ხომ საერთოდ. როგორც წესი, ყოფილი გუნდის კარში გატანილ გოლებს არ აღნიშნავენ, "პიპიტამ" კი ეს ძალიან ემოციურად გააკეთა. რა თქმა უნდა, ამან ნეაპოლელები ძალიან აღაშფოთა...

რა იყო ამ შეხვედრაში "იუვენტუსის" წარმატების გასაღები? ალეგრი აბსოლუტურად მართალი იყო, როცა სამოქმედო არეალი მაქსიმალურად შეუზღუდა მასპინძლებს. "ნაპოლის" გაუჭირდა დაცვაში ძალიან დალაგებულად მოთამაშე მოწინააღმდეგის გატეხა.

ვერ ვიტყვით, რომ მაურიციო სარის გუნდი უშანსოდ იყო. მაგალითად, ლორენცო ინსინიეს სამი დიდებული შანსი ჰქონდა და აქედან ორჯერ ბრწყინვალედ ითამაშა ჯანლუიჯი ბუფონმა. სტუმართა მხრიდან უნდა გამოვარჩიოთ ბლეზ მატუიდის მომენტი.

ამ მოგებით "იუვემ" იტალიის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ "ქალბატონმა" სერია A-ს ზედიზედ 44 შეხვედრაში გაიტანა სულ ცოტა, ერთი გოლი მაინც. ასეთი რამ მანამდე ვერც ერთ გუნდს ვერ მოუხერხებია.


მაურიციო სარი ("ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენზე ამბობენ, რომ დაღლილები ვიყავით. დაღლილი გუნდი "იუვენტუსს" 70 წუთის განმავლობაში საკუთარ მოედანზე ვერ ჩაკეტავს. ალბათ, ყველაზე მეტად ჩვენი ფორვარდები დაიღალნენ. ეს იყო მიზეზი, რომ ბურთის ფლობაში ამხელა უპირატესობა გოლად ვერ გარდავსახეთ. მეტოქეს რამდენიმე კონტრშეტევის განხორციელების საშუალება მივეცით და ერთ-ერთი მათგანი საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენთვის. "ინტერი" და "იუვენტუსი" ჩვენზე ძლიერები არიან. მაგალითად, ჩვენ ერთადერთი ფორვარდი გვყავს მერტენსის სახით".

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა. შევამცირეთ "ნაპოლისთან" ჩამორჩენა ერთ ქულამდე და ახლა უნდა ვიფიქროთ ჩემპიონთა ლიგაზე. მადლობა მასპინძლებს ასეთი კარგი ფეხბურთისთვის. "ნაპოლი" რჩება ჩემპიონატის ფავორიტად".

"როგორც კი გოლი გავიტანე, ვეძებდი "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, მაგრამ ვერ დავინახე. არ ვიცი, იქნებ დაიმალა", - ეს უკვე იგუაინის სიტყვებია.

ნამდვილი დრამა ვიხილეთ "ბენევენტოსა" და "მილანის" შესრულებით. ჯენარო გატუზოს დებიუტი ჩაუმწარდა, "ბენევენტომ" კი პირველი ქულები მოიპოვა მიმდინარე სერია A-ში.

"მილანი" თავიდან დაწინაურდა, მერე გაუშვა, ისევ გაიტანა და შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე კაცნაკლულიც დარჩა. უნდა ვთქვათ, რომ ალესიო რომანიოლის გაძევების ეპიზოდში არბიტრმა აშკარა შეცდომა დაუშვა.

და მაინც, "მილანს" აშკარად უკეთ თამაში მართებდა. თუნდაც მას შემდეგ, რაც ნაკლებობაში დარჩა. დამატებულ მე-5 წუთზე მასპინძლებმა "სტანდარტი" შეასრულეს. "ბენევენტოს" მეკარე ალბერტო ბრინიოლი ყველაზე მაღლა ახტა და შესანიშნავი თავურით, ფორვარდსაც რომ შეშურდებოდა, აიღო მილანელთა კარი.


"რა თქმა უნდა, არ ველოდით იმას, რაც მოხდა. ფეხბურთელებს მადლობა, მათ ვერ ვუსაყვედურებ. ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი. ეს აუცილებელია. მომენტებში მოწინააღმდეგემ ძალიან კარგად ითამაშა. მერჩივნა, ვინმეს დანა დაერტყა ჩემთვის, ვიდრე ბოლო წამზე გაგვეშვა გოლი", - თქვა გატუზომ სადებიუტო შეხვედრის შემდეგ.

იტალიის ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს. "ინტერმა" ქვა ქვაზე არ დატოვა "კიევოსგან" და პირველ ადგილზე გადავიდა. ფაქტია, ლუჩანო სპალეტის გუნდი დიდებულ ფორმაშია და ალალად იმსახურებს ლიდერობას. მატჩის გმირი გახდა ხორვატი ივან პერიშიჩი, ვინც სამჯერ დაამწუხრა "კიევო" და მთელი მატჩის განმავლობაში, უბრალოდ, შეუჩერებელი იყო.

მაურო იკარდის ღვაწლი ამჯერად მოკრძალებული გახლდათ - მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა ეს გოლი პირადად მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. "ინტერის" მაისურით მან სერია A-ში 94-ედ აიღო მეტოქეთა კარი, მარიო კორსოს გაუთანაბრდა და ამ კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა ათეულში (რომელსაც 284 გოლით ლეგენდარული ჯუზეპე მეაცა ლიდერობს) შეაბიჯა.


ამასთან, თუ "სამპდორიაში" გატანილსაც მივათვლით, არგენტინელის ანგარიშზე 97 გოლი იყრის თავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება გახდეს მე-6 ფეხბურთელი (ჯუზეპე მეაცას, სილვიო პიოლას, ჯამპიერო ბონიპერტის, ფელიჩე ბორელისა და ჟოზე ალტაფინის შემდეგ), ვინც 100-გოლიან ნიშნულს 25 წლის ასაკამდე მიაღწევს.

ფაქტები
  • 2006/07 წლების სეზონის შემდეგ მეორედ მოხდა, რომ "ინტერმა" 15 ტურის შემდეგ 39 ქულას მოუყარა თავი. იმ სეზონში "ნერაძური" იტალიის ჩემპიონი გახდა.
  • "კიევოსთან" მატჩის პირველ ტაიმში "ინტერმა" 16-ჯერ დაარტყა კარისკენ, რაც მისივე თანარეკორდია მიმდინარე სეზონში.
  • აქამდე, ერთადერთი მეკარე, ვინც სერია A-ში გოლი გაიტანა, იყო მასიმო ტაიბი. ეს მოხდა 2001 წლის 1-ელ აპრილს, როცა "რეჯინამ" მისი გოლით თავიდან აიცილა "უდინეზესთან" მარცხი (1:1).
  • "ბენევენტოს" კარში გატანილი გოლით, ნიკოლა კალინიჩმა ("მილანი") დაასრულა 421-წუთიანი "მშრალი" სერია.
  • "მილანმა" სერია A-ში ახალაღზევებულ მეტოქეებთან ბოლო 12 საგარეო მატჩში მხოლოდ 3 მოიგო (პლუს 6 ფრე და 3 მარცხი).
  • 2015 წლის ("ემპოლი"-"სამპდორია", სამუელ ეტო'ო) შემდეგ ნიკოლა ნკულუ ("ტორინო") პირველი კამერუნელია, ვინც სერია A-ში გოლი გაიტანა.
  • 2017 წლის დასაწყისიდან ევროპის 5 წამყვანი ლიგის მასშტაბით ყველაზე მეტი (18) ფრე "ტორინომ" ითამაშა.
  • პირველად 1997 წლის შემდეგ, "იუვენტუსმა" არ გაუშვა გოლი "ნაპოლისთან" სერია A-ს გასვლით მატჩში.
  • "ნაპოლიმ" სერია A-ს ბოლო 45 მატჩიდან მხოლოდ 3 წააგო, აქედან 2 - "იუვენტუსთან".
  • გონსალო იგუაინმა, ყველა ტურნირის ჩათვლით, "ნაპოლის" წინააღმდეგ ბოლო 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
  • "რომამ" სპალ-თან მატჩში 37-ჯერ დაარტყა კარში და აქედან 15 - მიზანში. ორივე მაჩვენებელი ცალკე აღებული გუნდისთვის რეკორდია მიმდინარე ჩემპიონატში.
  • ედინ ჯეკომ სერია A-ში 24 გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და 23-ს გაუტანა, სულ მცირე, ერთი გოლი.
სერია A. XV ტური
რომა-სპალ 3:1
გოლები: 1:0 ჯეკო (19), 2:0 სტროოტმანი (32), 3:0 პელეგრინი (53), 3:1 ვივიანი (55)
რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ჟეზუში, კოლაროვი (75. ემერსონი) - პელეგრინი, გონალონი (60. ჟერსონი), სტროოტმანი - უნდერი (64. შიკი), ელ შაარავი, ჯეკო.
გამოუყენებელი პენალტი: ვივიანი (55. სპალ)
გაძევება: ფელიპე (9. სპალ)


ნაპოლი-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 იგუაინი (13)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი (76. მაჯო) - ალანი (67. ზელინსკი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალიეხონი, ინსინიე (76. უნასი), მერტენსი
იუვენტუსი (4-3-2-1): ბუფონი - დე შილიო (83. ბარძალი), ბენატია, კიელინი, ასამოა - ხედირა (67. მარკიზიო), მატუიდი, პიანიჩი - დიბალა, დუგლას კოშტა (79. კუადრადო) - იგუაინი

ტორინო-ატალანტა 1:1
გოლები: 1:0 ნკულუ (45), 1:1 ილიჩიჩი (54)

ბენევენტო-მილანი 2:2
გოლები: 0:1 ბონავენტურა (38), 1:1 პუშკაში (50), 1:2 კალინიჩი (57), 2:2 ბრინიოლი (90+5)
მილანი (3-4-2-1): დონარუმა - მუსაკიო, ბონუჩი, რომანიოლი - ბორინი (60. აბატე), კესი, მონტოლივო (73. ბილია), როდრიგესი - სუსო (87. საპატა), ბონავენტურა - კალინიჩი
გაძევება: რომანიოლი (75. მილანი)

ბოლონია-კალიარი 1:1
გოლები: 0:1 პედრო (42), 1:1 დესტრო (81)

ფიორენტინა-სასუოლო 3:0
გოლები: 1:0 სიმეონე (32), 2:0 ვერეტო (42), 3:0 კიეზა (71)

ინტერი-კიევო 5:0
გოლები: 1:0 პერიშიჩი (23), 2:0 იკარდი (38), 3:0 პერიშიჩი (57), 4:0 შკრინიარი (60), 5:0 პერიშიჩი (90)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო (77. დალბერტი), შკრინიარი, რანოკია, სანტონი - ჟოაო მარიო, ბორხა ვალერო - კანდრევა (85. კარამო), ბროზოვიჩი, პერიშიჩი - იკარდი (75. ედერი)

სამპდორია-ლაციო 1:2
გოლები: 1:0 საპატა (56), 1:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (80), 1:2 კაისედო (90+1)
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - ბასტოსი (62. გაბარონი), დე ვრეი, რადუ - მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა (75. კაისედო), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (75. ლუკაკუ) - ლუის ალბერტო - იმობილე.

ორშაბათი, 4 დეკემბერი
კროტონე-უდინეზე 22:00
ვერონა-ჯენოა 23:59

ბომბარდირები: 16 - მაურო იკარდი (ინტერი); 15 - ჩირო იმობილე (ლაციო); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 9 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

მომდევნო ტური
9 დეკემბერი: კალიარი-სამპდორია, იუვენტუსი-ინტერი
10 დეკემბერი: კიევო-რომა, ნაპოლი-ფიორენტინა, სპალ-ვერონა, უდინეზე-ბენევენტო,
სასუოლო-კროტონე, მილანი-ბოლონია
11 დეკემბერი: ჯენოა-ატალანტა, ლაციო-ტორინო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული