რა ელის პოსტრონალდოსეულ "რეალს"?

AutoSharing Option
2009 წლიდან "რეალში" ყველაფერი რონალდოზე იყო აწყობილი, ეს გუნდი ლამის მის სახელთან ასოცირდებოდა, მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. როგორც ჩანს, მისი ბლანკოსური ეპოქაც სრულდება.

კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს მობეზრდა პორტუგალიელის გამუდმებული მოთხოვნები ხელფასის გაზრდის შესახებ და თუ ადრე იძულებული იყო, მოეთმინა და დათმობებზე წასულიყო, ახლა ურჩევნია, სანამ დროა, სარფიანად გაყიდოს და გუნდი გადააწყოს.

დიდი, ძალიან დიდი ფეხბურთელია რონალდო, მუდამ შემართული და მობილიზებული, ნამდვილი სპორტსმენი, ათლეტი, თუმცა დრო ულმობლად გარბის, უკვე 33 წლისაა და მისი საუკეთესო დროება უკან დარჩა.

ამიტომაც გადაწყვიტა პერესმა, 100 მილიონ ევროდ მიჰყიდოს "იუვენტუსს", მაგრამ ამის გახმოვანება თავად არ უნდა, რადგან არ უნდა, გულშემატკივრების რისხვა დაიმსახუროს და სურს, გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად ფეხბურთელმა გააკეთოს. ჭკვიანი კაცია დონ ფლორენტინო, მოხერხებული და ყოველი სვლა გათვლილი აქვს.

altრონალდო "იუვენტუსშიც" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს- მთელი იტალია ტრანსფერის მოლოდინშია

"იუვეს" გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა და სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი კი უკვე მადრიდში არიან. სიტუაცია არაორდინარული და ძნელად პროგნოზირებადია.

პერესმა ერთი პირობა იფიქრა, ზამთრისთვის გადაედო ტრანსფერი, მაგრამ ახალი გუნდის მშენებლობის დაწყება ახლა უჯობს, ვინაიდან ნაახალწლევს უფრო სერიოზულ ცაიტნოტში იქნება - ცაიტნოტში, რომელმაც შეიძლება მისი სავარძელი შეიწიროს.

პერესი დიდი სენტიმენტალობით არ გამოირჩევა, წარსულის დამსახურებისთვის არავის გამოეტირება და ამაგს არ დაუფასებს. მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის სამუშაოდან დათხოვნა 6 თვის წინ ჰქონია გადაწყვეტილი და ზიზუს გაუმართლა, როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, არ დაახანა და გამარჯვებულის კვარცხლბეკზე მყოფმა დატოვა გუნდი. გუნდი, რომელიც ლა ლიგაზე მარადიულ და საძულველ მეტოქეს, "ბარსელონას" მთელი 17 ქულით ჩამორჩა (!). ეს პერესისთვის სერიოზული დარტყმა გახლდათ, რასაც ის არავის არ პატიობს.

Sportall.Ge

ზიდანი სენსაციურად წავიდა და სენსაციურად მივიდა ხულენ ლოპეტეგი. ამის გამო ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე გადააყენეს, "ფურია როხა" გამოუცდელ ფერნანდო იეროს ჩააბარეს და რაც შემდეგ მოხდა, თავადაც შესანიშნავად მოგეხსენებათ. პერესმა თავისი ინტერესები ეროვნულზე მაღლა დააყენა და ფაქტობრივად, წარუმატებლობისთვის გასწირა ის.

ზიდანს თავისი სტრატეგიული და ტაქტიკური წყობა გააჩნდა გუნდში. ახლა იქ აღარც ზიდანია და ალბათ, აღარც რონალდო აღარ იქნება. ზოგი იტყვის, მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფესო, მაგრამ "სამეფო გუნდში" მეფეს მემკვიდრე არა ჰყავს. კარგი ფორვარდია გარეთ ბეილი, მაგრამ მისი "მეფობისა" რა მოგახსენოთ.


alt"რეალმა" ალვარო ოდრიოსოლა 40 მილიონად შეიძინა

მთელი სისტემა უეცრად ჩამოინგრა და სასწრაფოდ ახალია ასაშენებელი, მაგრამ რა რესურსით? მსოფლიო ფეხბურთში ვარსკვლავების მწვავე დეფიციტია, ნეიმარს ვერ შეიძენენ, მოუწევთ არსებული კონტინგენტით ფონს გასვლა და საშუალო და საშუალოზე უფრო მაღალი კლასის თავდამსხმელების დამატება. ისინი კი კრიშტიანოს წასვლით გუნდში დარჩენილ სიცარიელეს ვერაფრით ვერ ამოავსებენ.

 

ვერ ამოავსებენ, რადგან რონალდო ლეო მესისთან ერთად ეპოქალური ფეხბურთელია. ასეთები 20-30 წელიწადში ერთხელ თუ იბადებიან. ლოპეტეგის ხელში შერჩა ოდენ ბეილი და ქარიმ ბენზემა, რომელიც რონალდოს გარეშე აბსოლუტურად გამოუსადეგარი გახდება. რას მოიფიქრებს ამ მძიმე ვითარებაში ლოპეტეგი, როგორი გუნდის მშენებლობას დაიწყებს?

 

შესაძლოა, ტაქტიკა 4-5-1-ზე გადააწყოს ან სხვა რამ დაგეგმოს. ძნელი სათქმელია. ბასკმა სპეციალისტმა ძალიან გარისკა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი გუნდი ჩაიბარა. თუმცა, ეს მისი არჩევანია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

მკითხველის კომენტარები / 5 /
"რეალი" მუდამ "რეალი" იქნება თქვენ "გემს მიხედეთ"!
კონსტანტინე
16:26 06-07-2018
5
მადრიდის რეალმა დაღუპა ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მისმა სამომავლო ამბიციებმა არ აცალეს წესიერად ტურნირი ჩაეტარებინათ პრინციპში ფედერაციაც დამნაშავეა სად გაგონილა ერთი დღით ადრე მწრთნელის შეცვლა ეგენი არგენტინელებზე უარესები ყოფილან
კობა
16:22 06-07-2018
0

სიახლეები პოპულარული