[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა ჭანტურია: ევროპაზე ორჯერ თამაშს ვერ წარმოვიდგენდი

AutoSharing Option
დოსიე
ნიკა ჭანტურია
დაიბადა 1995 წლის 19 იანვარს, თბილისში (18 წლის)
სიმაღლე 181 სმ; წონა 72 კგ
პოზიცია ცენტრალური მცველი

საკლუბო კარიერა:
2011-13 "ლოკომოტივი" - 37 მატჩი, 3 გოლი
2013 - "ტორპედო" - 2 მატჩი, 0 გოლი

სანაკრებო კარიერა:
U17 საქართველო - 5 მატჩი, 0 გოლი
U19 საქართველო - 5 მატჩი, 0 გოლი

სანაკრებო დებიუტი: ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 21.09.11 საქართველო 3:2 ბულგარეთი

მიღწევები:
2012 წლის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი

6 ივნისს "ლელომ" დაიწყო რუბრიკა - "წარმოგიდგენთ 19-წლამდელებს". ამ რუბრიკაში ნაკრების
ყველა ის მოთამაშე გაგაცანით, რომლებიც ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

დღეს გთავაზობთ წერილს ნიკა ჭანტურიაზე და მეტ-ნაკლები წარმოდგენა შეგექმნებათ ნაკრების განაცხადში შესულ 18-ივე ფეხბურთელზე.

* * *
...ნიკა ჭანტურია ჯერ არც ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და არც უმაღლეს ლიგაში უთამაშია. ამის მიუხედავად, შარშან გულშემატკივრები მასზე ბევრს ლაპარაკობდნენ - 18 წლის ცენტრალური მცველი ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი იყო, ზაფხულში კი ლონდონის "არსენალმა" მიიწვია.

ვისაც ნიკას თამაში უნახავს, ყველა აღნიშნავს, რომ ასაკის კვალობაზე, უჩვეულოდ დინჯი და აუღელვებელია. კარგად კარნახობს არა მხოლოდ მცველებს, არამედ - შემტევებსაც. ძალიან მაღალი არ არის (181 სმ), მაგრამ თავით კარგად თამაშობს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - იშვიათი სიზუსტის გადაცემებით გამოირჩევა.

ეს იყო პეტერბურგსა და "ლოკომოტივში"
ჩემი ოჯახი აფხაზეთიდან არის, მაგრამ, სამწუხაროდ, აფხაზეთთან მე შეხება არ მქონია. ომის შემდეგ ოჯახი რუსეთში დასახლდა და მეც სანკტ-პეტერბურგში დავიბადე.

მალე ოჯახი თბილისში დაბრუნდა. ფეხბურთი მიყვარდა და ეზოში თუ სადაც მომიხერხდებოდა, სულ ვთამაშობდი, მაგრამ სერიოზულად 10 წლის ასაკში დავინტერესდი და "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლაში გია მაჭარაშვილთან შევედი. იქ მწვრთნელი ყოველ წელს გვეცვლებოდა, მერე ვვარჯიშობდი ლაშა გაფრინდაშვილთან, გია ჩიტაურთან, ბოლოს კი ყველაზე დიდხანს დიმა თოფურიძესთან ვიმუშავე.

შეიძლება ითქვას, რომ "ლოკომოტივის" 1994-95 წლებში დაბადებული ბიჭების გაზრდაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა.

დიდი ფეხბურთის საზღვარზე
2011 წელი იყო, 17-წლამდელების ნაკრებს ყაზახეთში რომ ვახლდი. თბილისში დაბრუნებულმა გავიგე, რომ გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ "ლოკომოტივის" ძირითად გუნდში გადამიყვანეს.

მანამდე ბავშვებში ვთამაშობდი და მახსოვს, პირველი შეხვედრა "ჭიათურასთან" გვქონდა. ძალიან ვინერვიულე - დიდებთან თამაში მაინც სულ სხვა იყო, მე კი 16 წლის ვიყავი.

ბიჭები და მწვრთნელები დამეხმარნენ, დიდების ფეხბურთში ადაპტაცია რომ არ გამძნელებოდა, მაგრამ ეს პერიოდი ადვილი მაინც არ ყოფილა - თან "ჭიათურასთან" გასვლაზე ვთამაშობდით და მოედანიც არ იყო კარგ მდგომარეობაში.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ კაცებს სულ სხვა ჯანი აქვთ, მე კი, რაც უნდა ყოფილიყო, 16 წლის ვიყავი.

მანამდე "ლოკომოტივს" მოგებული არ ჰქონდა და მოხდა სასწაული, ის შეხვედრა მოვიგეთ და უზომოდ გავიხარე - დებიუტითაც, მოგებითაც.

უძილო ღამე
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ლონდონის "არსენალის" სარეზერვო გუნდში მიმიწვიეს. იქ მენეჯერების - გუგა კაჭახიძის, მალხაზ მუსერიძისა და ბესო აბაშიძის დახმარებით მოვხვდი. შეფასება დადებითი იყო - დაკვირვება აუცილებლად გაგრძელდებაო.

მას შემდეგ იყო ლაპარაკი არნემის "ვიტესზეც", მაგრამ დროებით ქუთაისის "ტორპედოში" ჩავირიცხე. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი გადაწყდება, სად ვითამაშებ. პირველივე შეხვედრა ევროპის ლიგაზე "ჟილინასთან" გვქონდა. ქუთაისში სანამ შევძელით, შევუტიეთ, მომენტებიც გვქონდა და წინააღმდეგობა გავუწიეთ, მაგრამ მაინც 0:3 წავაგეთ, იმიტომ, რომ ამ დონისთვის გამოუცდელები ვიყავით.

სიმართლე ითქვას, წაგებაზე ისე ვინერვიულე, რომ ღამე არ მეძინა. მაგრამ 3 კვირის შეკრებილი გუნდით სლოვაკების გამოცდილი გუნდისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძნელი იყო.

ის მიხარია, რომ მეორე შეხვედრა 3:3 დავასრულეთ და გამოჩნდა - თამაში ბევრად უკეთ შეგვეძლო.

მეორედ ევროპაზე
ბავშვობაში ვერც წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს ნაკრები, თუნდაც ასაკობრივი, ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორჯერ გავიდოდა. მით უფრო, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ევროპაზე ორჯერ ვითამაშებდი.

ეს ძალიან სასიხარულოც არის და საპასუხისმგებლოც. აქ მარტო ჩემი და ჩემი მეგობრების ამბავი ხომ არ წყდება, ქვეყანა ღირსეულად უნდა წარმოაჩინო - მთელი საქართველო იმედის თვალით გვიყურებს. ეს წარმატება მწვრთნელებისა და ბიჭების დამსახურებაა. პირველი მცდელობა წარმატებული გამოდგა - საქართველოს არც ერთი ნაკრები არასოდეს გამხდარა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი. ჩვენმა გუნდმა კი ეს შეძლო.

დიდი სურვილი გვაქვს, სულ მცირე, ასეთივე შედეგი გავიმეოროთ და ხალხი გავახაროთ. ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობისთვის არ მივემგზავრებით. პროგრამა-მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა და მერე იქნებ უფრო შორსაც წავიდეთ. ამის მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც გვჯერა.

ნაკრების სამზარეულო
გუნდის შედეგზე ყოველთვის აისახება, როგორი ურთიერთობა აქვს მწვრთნელს ფეხბურთელებთან. გია ცეცაძემ ჩვენ გასაღები მოგვიძებნა, რადგან იცის ურთიერთობა - ყველასთან ახლოს არის, მაგრამ დისტანციის დაცვასაც ახერხებს.

ბევრი არ მინახავს, ერთდროულად რომ იყოს კარგი მწვრთნელი და კარგი პიროვნებაც - ცეცაძე ასეთი იშვიათი გამონაკლისია და მიხარია, მის გუნდში რომ ვარ. ასე ფიქრობს ნაკრების ყველა წევრი და ეს სულაც არ არის გადამეტებული შეფასება.

სხვათა შორის, ელიტრაუნდიდან ჩამოსულებს აეროპორტში ავტობუსი დაგვხვდა. ცეცაძემ მაშინვე ეკლესიაში წაგვიყვანა და სამადლობელი პარაკლისი გადავიხადეთ. მართალიც იყო, ადამიანს ღმერთი არა მხოლოდ გაჭირვებაში, არამედ ლხინშიც უნდა ახსოვდეს.

ასევე იხილეთ:
[გაიცანით 19-წლამდელები] დავით უბილავა: შეტევა სისხლში გვაქვს
[გაიცანით 19-წლამდელები] პრეცედენტი - ოქროსმედალოსანი დაჩი ცნობილაძე
[გაიცანით 19-წლამდელები] სანდრო გურეშიძე: ფული ყველაფერს არ წყვეტს
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩანა არაბული: იმედია, ფინალურ სტადიაზე ისეთ უსამართლობას არ წავაწყდებით
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა სანდოხაძე: ახლა გაჩერება არ შეიძლება
[გაიცანით 19-წლამდელები] თემურ მარკოზაშვილი: ევროფინალი ყველას სტიმულია
[გაიცანით 19-წლამდელები] ავთანდილ ენდელაძე: ნახევარფინალში მაინც!
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა კაჭარავა: იმხელა ვიყავი, ასაკგადაკეთებულად მთვლიდნენ
[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ
[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა
[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი
[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
მკითხველის კომენტარები / 4 /
2018 შენც იქნები იმ დიდ ნაკრებში რომელიც რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს....აფხაზეთი....
champion wc2018
16:30 19-07-2013
0
მართალი ბრძანდებით
messi
11:53 18-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული