დაჩი ცნობილაძე
დაიბადა: 1994 წლის 28 იანვარს (19 წლის)
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი
სიმაღლე: 184 სმ; წონა: 77 კგ
საკლუბო კარიერა:
2010-11 "დილა"
2012 "მეტალურგი": 2 მატჩი
სანაკრებო კარიერა:
U17 საქართველო: 4 მატჩი, 0 გოლი
U19 საქართველო: 5 მატჩი, 0 გოლი
სანაკრებო დებიუტი: ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 20.10.10 საქართველო-ინგლისი 1:1
19-წლამდელების ნაკრების ნახევარმცველი დაჩი ცნობილაძე არამხოლოდ ფეხბურთელობით არის საინტერესო. მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და გააქარწყლა მითი, თითქოს სწავლა და სპორტი შეუთავსებელია.
კარიერასა და ოქროს მედალზე
ვარჯიში "ოლიმპში" დავიწყე. პირველი მწვრთნელები
დიდ ფეხბურთშიც ცეცაძემ გამიღო კარი - 2010 წელს გორის "დილას" მთავარ მწვრთნელად რომ დაინიშნა, გაბალას საერთაშორისო ტურნირზე წამიყვანა და ორი შეხვედრა ჩავატარე. რუსთავის "მეტალურგში" კი შარშან, დეკემბერში გადავედი.
მშობლების მადლიერი ვარ. მათ არ სურდათ, გაუნათლებელი დავრჩენილიყავი და ხელი შემიწყვეს, თანაბრად რომ მესწავლა და მევარჯიშა. კარიერის შემდეგ განათლება გამომადგება და მხოლოდ ფეხბურთზე არ ვიქნები დამოკიდებული. დროს ორივესთვის ვპოულობდი, სანახევროდ საქმის კეთება კი არ მიყვარს და სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე.
ახლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვარ.
მწვრთნელებიც გაიზარდნენ
უმაღლეს ლიგაში მე და ჩემი გუნდელების უმრავლესობას ბევრი თამაში არ გვიწევდა, მაგრამ ნაკრებმა ელიტრაუნდში მაინც გაიმარჯვა. ალბათ, ჩვენთან მწვრთნელებიც გაიზარდნენ და თეორიულად და ფიზიკურად საკმაოდ კარგად გვამზადებენ.
ელიტრაუნდში თამაშიც სწორად ავაგეთ, ვის როგორ გვემოძრავა, როგორ შეგვეტია და ა.შ. და მეტოქეებს ჭკუით ვაჯობეთ. ფეხბურთიც ხომ თავისებური ომია, რომელსაც ჭკვიანი იგებს.
ეს განსაკუთრებით კარგად ბელგიასთან გამოჩნდა. თამაშის უფლება სულ 13 ფეხბურთელს გვქონდა, ანუ ფიზიკური გაძლების ზღვარზე უნდა ვყოფილიყავით. მაგრამ ვერც ფიზიკურად გვაჯობეს და ვერც თეორიულ-ტაქტიკურად და სისწრაფეებში.
განსხვავება აღნაგობაშია, ისინი უფრო ათლეტურები და დაკუნთულები არიან, ვიდრე ჩვენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯანით გვჯობნიან. მხოლოდ ათლეტურობაზე რომ იყოს შედეგი დამოკიდებული, მაშინ ესპანეთი ტიტულებს ვერ მოიპოვებდა.
ჩვენ სხვაგვარი მოძრაობები, ფინტები, ბურთის ფლობა გვაქვს. ამას ყველა ამბობს. ვინც ქართულ ცეკვაზე დადიოდა, ის ტექნიკითაც გამოირჩევა. რაც მთავარია, ჩვენნაირი ტექნიკური ნაკრები ბევრი არაა. ჩვენ რაღაც სხვა ფეხბურთს ვაჩვენებთ და ვინც ქართველების ამ ნიჭის გამოყენებას ახერხებს, მის გუნდთან მოგება ნებისმიერს გაუჭირდება.
მეტოქეთა ამაყი მზერა
ელიტრაუნდზე წარმატება მწვრთნელების სწორი გათვლებისა და გუნდის კარგი თამაშის შედეგი იყო, მაგრამ მოულოდნელობის ეფექტმაც დიდი როლი ითამაშა. ოთხივე გუნდი ერთ სასტუმროში ვიყავით და მეტოქეების მზერიდან ჩანდა, რომ ჩვენთან 3 ქულა ყველას გარანტირებული ეგონა. მათთვის ხომ არასაფეხბურთო ქვეყანა ვიყავით.
ბოლო სამი წელია, ინგლისმა ჩვენს ვერც ერთ ასაკობრივ ნაკრებს ვერ მოუგო: ჯერ ჩვენმა 17-წლამდელებმა თბილისში 1:1 ვეთამაშეთ, შემდეგ ვასიკო მაისურაძის გუნდმა 1:0 მოიგო, ბელგიაში კი 1:1 დავასრულეთ. ეტყობა, მაინც ფიქრობდნენ, სად ჩვენ და სად საქართველოო.
ინგლისის ნაკრების 19-წლამდელების წევრები თამაშობენ "არსენალში", "მანჩესტერ სიტიში", "ლივერპულში", "ევერტონში", "ტოტენჰემში", "ნიუკასლში"... ჩვენი კლუბების სახელები გაგონილიც არ ჰქონდათ.
მაგრამ ინგლისთან შეხვედრის ბოლო წუთზე თემურ მარკოზაშვილმა ძელს მოარტყა და მეორე ტაიმში ჩვენს საჯარიმოში ვერ გადმოდიოდნენ. მატჩის მერე კი დაგვაფასეს.
ინგლისელების მწვრთნელი ფრემ უზომოდ გაახარა, ფეხბურთელები ერთმანეთს ქულას ულოცავდნენ. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე კი ისტორიული ფრაზა წავიკითხე - ინგლისს გაუმართლა, საქართველოსთან რომ არ წააგოო.
სულაც არ დავფრინავთ
...ჩვენი თაობა ისე მოვიდა, რომ ქართული ფეხბურთის წარმატებები მხოლოდ ძველ კადრებში გვინახავს. მერე სულ წარუმატებლობები იყო.
მაგრამ თუ ცხვირს ჩამოუშვებ, არაფერი გამოგივა. ასეთი ფიქრებით ტურნირებზე მხოლოდ მონაწილის სტატუსით წავალთ, რაც არც ჩვენ გვსურს და არც გულშემატკივარს და არათუ ევროფინალში, ელიტრაუნდშიც ვერ გავიდოდით.
საერთოდ, ბოლო 20-25 წლის ჩავარდნას რაც უფრო მალე დავივიწყებთ, მით მალე მოვახერხებთ გადაწყობას და ნებისმიერ ტურნირზე ამბიციური გუნდი გვეყოლება.
ევროფინალში მოხვედრით თავდაჯერებულები გავხდით, მაგრამ ცაშიც არ დავფრინავთ. რაც გავაკეთეთ, კარგი იყო ჩვენთვის და ქვეყნისთვისაც, მაგრამ ესეც წარსულია - ჩვენ ახალი გამარჯვებები გვინდა.
ლიტვაში ჯგუფში ძლიერი მეტოქეები გვყავს: სერბეთს ორჯერ ვეთამაშეთ და კარგად ვიცნობთ. საფრანგეთის ამ თაობას 17-წლამდელებში შევხვდით და ძლიერი გუნდია. თურქეთმა კი კრასნოდარში იტალია და რუსეთი ჩატოვა და ეს მის ძალაზე მეტყველებს.
ფეხბურთელებს გააზრებული გვაქვს, რომ შედეგი რაღაც ლოგიკას ემყარება - სწორი ცხოვრება, ქცევა და ვარჯიშებზე მონდომება აუცილებლად დაგვიფასდება.
დიდი სტიმულიც გაქვს - როდესაც შენი ქვეყნის ჰიმნს ისმენ და მისი ღირსებისთვის იბრძვი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
[გაიცანით 19-წლამდელები] სანდრო გურეშიძე: ფული ყველაფერს არ წყვეტს
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩანა არაბული: იმედია, ფინალურ სტადიაზე ისეთ უსამართლობას არ წავაწყდებით
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა სანდოხაძე: ახლა გაჩერება არ შეიძლება
[გაიცანით 19-წლამდელები] თემურ მარკოზაშვილი: ევროფინალი ყველას სტიმულია
[გაიცანით 19-წლამდელები] ავთანდილ ენდელაძე: ნახევარფინალში მაინც!
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა კაჭარავა: იმხელა ვიყავი, ასაკგადაკეთებულად მთვლიდნენ
[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ
[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა
[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი
[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია