ქუთაისის "ტორპედო" - კარგად ნაცნობი კურსი

AutoSharing Option
"ტორპედოს" გულშემატკივრებისთვის მიმდინარე სეზონის სტარტი მეტად უსიამოვნო გამოდგა - ქუთაისური კლუბი ევროპის ლიგის პირველ რაუნდში ყაზახურ "აქტობესთან" დამარცხდა.

თუმცა ამას "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის გეგმებში განსაკუთრებული ცვლილებები არ შეუტანია - თავიდანვე იყო ნათქვამი, რომ "ტორპედოში" მომავლის გუნდი შენდებოდა და ევროასპარეზზე განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობამ სამწვრთნელო შტაბისადმი ნდობა შეინარჩუნა.

როგორც ვთქვით, უცვლელი დარჩა გეგუჩაძის მიზანი, "ტორპედოს" შემადგენლობაში კი გარკვეული ცვლილებები ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდეც მოხდა და მისი მსვლელობის დროსაც. გეგუჩაძე აქცენტს მანამდეც ახალგაზრდებზე აკეთებდა, ბოლო პერიოდში კი მათ კიდევ უფრო
თამამად ენდობა.

თუმცა "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის გეგმებში გამოცდილ მოთამაშეებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ.

მთავარი მაინც ის არის, რომ "ტორპედო" "ერთწლიანი" გუნდების კატეგორიას არ მიეკუთვნება და იქ ყველაფერი დღევანდელი დღისთვის არ კეთდება. კლუბს აქვს შორს მიმავალი და დროში გაწერილი გეგმა, რაც თუკი ევროპაში ჩვეულებრივი ამბავია, ქართულ რეალობაში ნამდვილად გამოსარჩევი ფაქტია.

ახალგაზრდული გუნდისთვის არასტაბილურობა ჩვეული ამბავია და რამდენიმე ჩაგდებულ მატჩსა და გაუთვალისწინებელი ქულების დაკარგვას ვერც "ტორპედო" გადაურჩა, თუმცა ბევრად მეტი იყო მაღალ დონეზე და რაც მთავარია, შედეგიანად ჩატარებული შეხვედრა, რამაც ქუთაისელებს პირველი ეტაპის საუკეთესო სამეულში დასრულების საშუალება მისცა.

საერთო ჯამში, ტორპედოელები ზამთრის არდადეგებზე ოპტიმისტური განწყობით გავიდნენ. ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ვივარაუდოთ: "ტორპედოს" შეუძლია, სეზონის მეორე ნახევარში კიდევ უკეთესი შედეგი აჩვენოს.

მეკარე
ომარ მიგინეიშვილი "ლელომ" საქართველოს 2011-12 წლების ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარა და მიმდინარე უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის პირველ კიპერადაც დაასახელა. ასე რომ, "ტორპედოს" ამ რგოლში ყველაფერი რიგზე აქვს.

მიგინეიშვილის პროგრესი სეზონიდან სეზონამდე აშკარაა და უმაღლეს ლიგაში დამაჯერებელი თამაშის წყალობით მან ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა.

მიგინეიშვილს, მაქსიმე ქვილითაიას სახით, საიმედო დუბლიორი ჰყავს, თუმცა ამ უკანასკნელს ამ ჩემპიონატში თავის გამოჩენის შესაძლებლობა ჯერ არ მისცემია.

დაცვა
მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზე "ტორპედომ" მხოლოდ 18 გოლი მიიღო. ამაზე უკეთესი შედეგი კი მხოლოდ გორის "დილას" აქვს.

სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ქუთაისელებს საიმედო დაცვა ჰყავთ. გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე და დათა რიგვავა სასტარტო შემადგენლობაში სისტემატურად ხვდებოდნენ, "ტორპედოდან" სეზონის მსვლელობისას წასული ალექსანდრე კვახაძის ადგილი კი ძირითადში ლაშა შერგელაშვილმა დაიკავა.

ნახევარდაცვა
შუა ხაზში "ტორპედოს" რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც ინდივიდუალურად შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა. ბოლომდე გაიხსნა გიორგი კუხიანიძე, შესანიშნავად შეეწყო ახალ გუნდს ელგუჯა გრიგალაშვილი.

ახალგაზრდების მხარდამხარ ძველებურად სასარგებლოები არიან გამოცდილი შუახაზელები, გიორგი დათუნაიშვილი და გრიგოლ დოლიძე.

საერთოდ, "ტორპედოს" ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა და ამ რგოლში თავის გამოჩენის საშუალება არაერთ ფეხბურთელს ეძლევა.

დასახელებული ოთხეულის გარდა, იმერელთა შემადგენლობაში ვხედავდით ნიკა ფირცხალავას, მერაბ გიგაურსა და ვალერი ბოლქვაძეს.

თავდასხმა
არანაკლები კონკურენციაა "ტორპედოს" თავდასხმის ხაზში. გეგუჩაძე ორფორვარდიანი განლაგების ერთგული რჩება.

უფრო ხშირად ძირითად შემადგენლობაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირის, ნიკა საბანაძისა და გიორგი ბერიაშვილის წყვილი მოქმედებდა, თუმცა საკმაოდ ხშირად ეძლეოდათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა გიორგი ფანცულაიასა და ბექა ტუღუშს.

"ტორპედოს" მეორე შედეგი აქვს როგორც მიღებული ბურთების სიმცირით, ასევე გატანილი გოლების რაოდენობით. გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეთა კარი 41-ჯერ დალაშქრა. ამაზე უკეთესი შედეგი კი მხოლოდ თბილისის "დინამოს" აქვს - 63.

საუკეთესო მატჩი
"ტორპედომ" არაერთხელ სძლია უშუალო კონკურენტებს და არაერთი მატჩი მოიგო შთამბეჭდავი ანგარიშით. ჩვენი აზრით კი, ყველაზე გამოსარჩევი მაინც ქუთაისელთა რუსთავში სტუმრობაა.

მეოთხე ტურში "ტორპედომ" რუსთავში "მეტალურგი" 4:0 გაანადგურა, რითაც კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ მე-19 ტურის შეხვედრაც, სადაც "ტორპედომ" სტუმრად "დილას" 1:0 სძლია და ამით გორელებს შორს "გაქცევის" საშუალება არ მისცა და საუკეთესო სამეულშიც უფრო მტკიცედ დამკვიდრდა.

ყველაზე ცუდი მატჩი
ვფიქრობთ, ამ სეზონში ქუთაისელებს ყველაზე დიდი უსიამოვნება მარტვილში შეემთხვათ, სადაც იქაური "მერანისგან" სამი უპასუხო ბურთი მიიღეს.

თუმცა გეგუჩაძის ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ შოკიდან გამოსვლა მომენტალურად შეძლეს და მარტვილურ მარცხს გამარჯვებათა ოთხმატჩიანი სერია მოაყოლეს.

ლიდერი
"ტორპედოს" წარმატება ნამდვილად არ არის დამოკიდებული ერთი კონკრეტული ფეხბურთელის თამაშზე, მაგრამ ჩვენი აზრით, გუნდის ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი ომარ მიგინეიშვილია. შემთხვევითი არ არის, რომ თანაგუნდელებმა იგი კაპიტნად აირჩიეს.

მიზანი
"ტორპედოს" დამრიგებელს გადაჭრით არ უთქვამს, რომ ამ სეზონში მისი გუნდის ერთადერთი მიზანი საქართველოს ჩემპიონობაა, თუმცა ქუთაისელებს არც საამისო შანსები დაუკარგავთ.

მინიმუმ ევროპის ლიგაზე გასვლის პერსპექტივა კი "ტორპედოს" ნამდვილად აქვს, რისი თქმის საფუძველს სატურნირო მდგომარეობაც გვაძლევს და გეგუჩაძის გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხიც.

ქუთაისის "ტორპედო" 2012/2013
მეკარე: ომარ მიგინეიშვილი - 22 მატჩი;
მცველები: გიორგი გურული - 22 მატჩი; ზაზა ჭელიძე - 20 მატჩი, 1 გოლი; დათა რიგვავა - 20 მატჩი; ალექსანდრე კვახაძე - 12 მატჩი, 1 გოლი; ლაშა შერგელაშვილი - 9 მატჩი, 2 გოლი; ვაჟა ტაბატაძე - 6 მატჩი;
ნახევარმცველები: გიორგი კუხიანიძე - 21 მატჩი, 5 გოლი; ელგუჯა გრიგალაშვილი - 20 მატჩი, 5 გოლი; გიორგი დათუნაიშვილი - 18 მატჩი, 4 გოლი; გრიგოლ დოლიძე - 18 მატჩი, 2 გოლი; მერაბ გიგაური - 18 მატჩი, 1 გოლი; ნიკა ფირცხალავა - 16 მატჩი, 1 გოლი; ვალერი ბოლქვაძე - 14 მატჩი, 1 გოლი;
თავდამსხმელები: ნიკა საბანაძე - 21 მატჩი, 10 გოლი; გიორგი ბერიაშვილი - 21 მატჩი, 5 გოლი; გიორგი ფანცულაია - 14 მატჩი, 1 გოლი; ბექა ტუღუში - 13 მატჩი, 1 გოლი; ვახტანგ კვარაცხელია - 1 მატჩი.
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე (I-XXII ტური)

"ტორპედოს" ველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური
ტორპედო-ზუგდიდი 1:0

II ტური
დინამო (თბ)-ტორპედო 3:2

III ტური
ტორპედო-ზესტაფონი 1:0

IV ტური
მეტალურგი-ტორპედო 0:4

V ტური
ტორპედო-მერანი 4:0

VI ტური
ტორპედო-დინამო (ბთ) 5:1

VII ტური
კოლხეთი-ტორპედო 1:1

VIII ტური
ტორპედო-დილა 0:1

IX ტური
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:3

X ტური
ტორპედო-ჩიხურა 3:1

XI ტური
სიონი-ტორპედო 0:2

XII ტური
ზუგდიდი-ტორპედო 2:1

XIII ტური
ტორპედო-დინამო (თბ) 2:2

XIV ტური
ზესტაფონი-ტორპედო 1:0

XV ტური
ტორპედო-მეტალურგი 1:0

XVI ტური
მერანი-ტორპედო 3:0

XVII ტური
დინამო (ბთ)-ტორპედო 0:2

XVIII ტური
ტორპედო-კოლხეთი 2:1

XIX ტური
დილა-ტორპედო 0:1

XX ტური
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 2:0

XXI ტური
ჩიხურა-ტორპედო 0:0

XXII ტური
ტორპედო-სიონი 4:1

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გეგუჩაძე ჩემთვის საუკეთესო ქართველ მწვრთნელთა ხუთეულში მუდმივი წევრია!
guja_kakhadze
15:57 08-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული