კახა კაჭარავა: კარგი ფეხბურთელების პოვნა საქართველოში იოლი არ არის

AutoSharing Option
"ზესტაფონმა", რომელიც ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, მიმდინარე სეზონი პირწმინდად ჩააგდო - თასის გათამაშებას მერვედფინალიდან გამოეთიშა, ჩემპიონატში კი, საუკეთესო შემთხვევაში, მეხუთე ადგილს დაიკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეროელები ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებენ.

ყოველივე ამას "ზესტაფონის" გულშემატკივართა ბუნებრივი აღშფოთება მოჰყვა, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა სიმშვიდეს ინარჩუნებს და იმედოვნებს, რომ "ზესტაფონი" ამ უსიამოვნო პერიოდის დაძლევასა და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას შეძლებს.

"ლელომ" მას ქართულ-აზერბაიჯანული გაერთიანებული ლიგის შესახებაც ჰკითხა აზრი.

- "ზესტაფონის" ასეთ წარუმატებელ ასპარეზობას რით ახსნით?
- აღმასვლას ყოველთვის დაღმასვლა მოსდევს -
ასე ხდება ყველა გუნდში და გამონაკლისი არც "ზესტაფონია". ახლა ჩვენთან გარდამავალი პერიოდია და ასეთი არასახარბიელო შედეგები სწორედ ამის ბრალია.

რა თქმა უნდა, "ზესტაფონის" გულშემატკივრებზე არანაკლებ ვწუხვარ, რომ სეზონი ჩაგვივარდა, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება.

მინდა კლუბის ქომაგებს მოთმინებისკენ მოვუწოდო და ისინი დავარწმუნო, რომ "ზესტაფონი" ახლო მომავალში კვლავ გახდება ანგარიშგასაწევი ძალა. წაგებას მათ მსგავსად, არც მე ვარ ჩვეული და საერთო ძალებით აუცილებლად გვექნება პროგრესი.

- კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სრულ მხარდაჭერას გრძნობთ?
- ამის გარეშე ჩემს აქ ყოფნას აზრი არც ექნებოდა. "ზესტაფონში" პრობლემები ჩემს მოსვლამდეც იყო დაგროვილი და მათი ერთი ხელის მოსმით დაძლევა შეუძლებელია. წინსვლა მხოლოდ მიზანმიმართული მუშაობით არის შესაძლებელი და საკუთარ თავში ვგრძნობ საიმისო ძალას, რომ ამ საქმეს თავი გავართვა. ამავდროულად, მაქსიმუმს ვითხოვ ფეხბურთელებისგანაც. მათ ყოველდღიურად უნდა დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები და წინსვლას უნდა ესწრაფვოდნენ.

- მომავალი სეზონისთვის გუნდის შემადგენლობაში დიდი ცვლილებების შეტანას აპირებთ?
- ცვლილებები აუცილებლად იქნება, მაგრამ ამის მასშტაბებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ერთი და იგივე შემადგენლობით ზედიზედ ორი მატჩი არ ჩაგვიტარებია, რადგან მსურდა, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელისთვის მიმეცა თავის გამოჩენის შანსი. ასე გაგრძელდება სეზონის ბოლომდე და ამის შემდეგ გადავწყვეტ, ვინ დარჩება "ზესტაფონში" და ვის დავემშვიდობებით. ისიც ფაქტია, რომ კარგი ფეხბურთელების პოვნა საქართველოში იოლი არ არის.

- ზამთარში განხორციელებულმა ტრანსფერებმა თუ გაამართლა?
- ნაწილმა გაამართლა, ნაწილმა - არა. ყველაზე მაღალ შეფასებას ორიოლ ლოსანოს მივცემდი. გამოცდილი ესპანელი მცველი "ზესტაფონისთვის" კარგი შენაძენი გამოდგა და ორმხრივი სურვილია, მან მომავალი სეზონიც ჩვენს კლუბში ჩაატაროს.

- ცოტა ხანში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში ითამაშებს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, სადაც "ზესტაფონამდე" მუშაობდით...
- დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს, თავის სიტყვას იტყვის. თუმცა უმთავრესი მაინც ის არის, ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებებმა ეროვნულ გუნდს ძლიერი კადრები აღუზარდონ.

- გაერთიანებულ ქართულ-აზერბაიჯანულ ჩემპიონატზე რა აზრის ხართ?
- მიმაჩნია, რომ ამ იდეას პლუსი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე - მინუსი. აზერბაიჯანელებთან თამაშს მხოლოდ მივესალმები. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ექსტრა-კლასის ლიგა, მაგრამ თავისი დონით უდავოდ უკეთესი იქნება საქართველოს ჩემპიონატზე.

თუ ეს პროექტი განხორციელდა, ქართული კლუბები ფინანსურად იხეირებენ და ახალი ჩემპიონატი გულშემატკივრებისთვისა და ფეხბურთელებისთვისაც უფრო საინტერესო იქნება. მათთვის საერთაშორისო მატჩებს სულ სხვა დატვირთვა აქვს და მსგავს გარემოში პროგრესი უფრო შესაძლებლად მიმაჩნია, ვიდრე ჩვენი უმაღლესი ლიგის პირობებში.

საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს, უმეტესად, ასიოდე კაცი ესწრება, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ფეხბურთელების ახლობელია. იმედი მაქვს, წამყვან აზერბაიჯანულ კლუბებთან ბრძოლა ჩვენს სტადიონებზე სულ სხვა მუხტს გააჩენს.

კახა კაჭარავა: ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აქტუალური თემა: მოდი, ჩვენს ჩემპიონატს მივხედოთ!
ბუბა ტყავაძე: გული მწყდება - რატომ უნდა გავხდეთ ქართველები სხვების დასაცინი?
არჩილ არველაძე: საქართველოს ჩემპიონატი ჰოლანდიისას რომ შეუერთდეს, ცუდი იქნება?
კახა ცხადაძე: აზერბაიჯანელები ამ საკითხს ჯერ არ განიხილავენ
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
სოსო ფრუიძემ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეაზე ისაუბრა
გია ისიანი: ურიგო არ იქნება, თუ ასეთი ტურნირის ჩატარებას ვცდით
მალხაზ ჟვანია: ერთობლივი ლიგა ქართველებისთვის მომგებიანი იქნება
გია გეგუჩაძე: რას ვუპირებთ საკუთარ ჩემპიონატს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული