მოკლედ, ასე თუ ისე, უმაღლესი ლიგის გათამაშება განახლდა და სატურნირო ცხრილშიც გარკვეული გადაადგილებები მოხდა: ზოგი - ზედა სამეულს მიუახლოვდა, ზოგი - ლიდერებს ჩამორჩა, ზოგიც - ქვემოთ დაეშვა და ასე შემდეგ.
მეორე წრის საწყის ტურში ერთი-ორი გამორჩეული მატჩი გაიმართა, ერთი-ორი ლამაზი გოლიც
ჰო, ვერაფერს ვიტყვით: მართლაც "გიჟური" სატრანსფერო კამპანია აწარმოეს ამ ზამთარს უმაღლესი ლიგის კლუბებმა და ასამდე ახალწვეულის გამოჩენაც ამას ნათლად მოწმობს. ისე, მართლაც დროული და აქტუალურზე აქტუალურია უეფასგან მიღებული დირექტივები, რის მიხედვითაც, კლუბებს ეკრძალებათ ფეხბურთელებთან ნახევარწლიანი კონტრაქტების გაფორმება.
ეგ კი არა, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მსგავსი სატრანსფერო "საგიჟეთი" მხოლოდ ჩვენთან უნდა იყოს; ანუ იმას ვგულისხმობთ, რომ საქართველოში ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა იმ ფეხბურთელთა რიცხვი, ყოველ ექვს თვეში რომ გუნდებს იცვლიან და ამიტომაც უკვე იშვიათზე იშვიათია ის მოთამაშეები, რომლებიც "გადაბმულად" ასპარეზობენ ერთი და იმავე გუნდის შემადგენლობაში... 2-3 სეზონის განმავლობაში...
ახლა კი, ალბათ, დროა, რომ მეორე წრის სასტარტო ტურის გამორჩეული ფაქტები თუ მოვლენები ვახსენოთ და XVI ტურის მიმოხილვაც, რაღა თქმა უნდა, ჭეშმარიტად "ქართული სატრანსფერო ანომალიით" გვინდა დავიწყოთ.
ახალწვეულთა აღლუმი
მეორე წრის პირველ ტურში იმდენი ახალწვეული გამოიყვანეს უმაღლესი ლიგის გუნდებმა, ლამის სათვალავი აგვერია. თუმცა, სჯობს, ციფრები მოვიშველიოთ და დასკვნები თავად გავაკეთოთ. პირველ წრესთან შედარებით, ყველაზე მეტი, 10(!) ახალი ფეხბურთელი ჰყავდა "ტორპედოს"; შემდეგ კი კლებადობით მივყვეთ: "ზესტაფონი" - 9, "გურია" - 9, "ზუგდიდი" - 8, "სიონი" - 8, თბილისის "დინამო" - 7, "მეტალურგი" - 6, "ცხინვალი" - 6, "ჩიხურა" - 5, "სამტრედია" - 5, "დილა" - 5, "მერანი" - 3, "შუქურა" - 3, "კოლხეთი" - 2, "ვიტ ჯორჯია" და ბათუმის "დინამო" - თითო.
ახალი ლეგიონერები
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში რა ეროვნების ფეხბურთელი არ გვინახავს და მოდი, ჯერ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები ვახსენოთ; ჰო, ჩვენს ჩემპიონატში რუსებსაც უთამაშიათ, უკრაინელებსაც (ყველაზე მეტად სწორედ ესენი სჭარბობენ), მოლდოველებსაც, სომხებსაც, აზერბაიჯანელებსაც, ლატვიელებსაც, ლიტველებსაც, ესტონელებსაც, ბელორუსებსაც, უზბეკებსაც. აღარაფერს ვამბობთ შორეულ თუ ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლებზე და უკვე აღარც გვიკვირს, საქართველოს ჩემპიონატში ესპანელი, ბრაზილიელი, ფრანგი, ჰოლანდიელი, ბელგიელი, ჩეხი, სლოვაკი, რუმინელი, გერმანელი, სერბი, მაკედონიელი, ჩერნოგორიელი, ბოსნიელი, არგენტინელი, ეკვადორელი, კოლუმბიელი, გაბონელი, კამერუნელი, ნიგერიელი, კოტდივუარელი, ზამბიელი, კონგოელი, სამხრეთკორეელი თუ ავსტრალიელი ფეხბურთელის გამოჩენაც.
აი, ახლაც, XXVI ჩემპიონატის მეორე წრეში ერთდროულად თორმეტ ლეგიონერს ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი: 29 წლის სლოვაკ ლიბორ ჰრდლიჩკას, 24 წლის სერბ სტეფან ბუკორაცს, 27 წლის ესპანელ/ნიგერიელ მანუელ ონვუს (ყველა - "დინამო" თბ), 30 წლის სერბ სლავკო მარიჩს, 23 წლის რუსეთის მოქალაქე ალან ბაგაევს (ორივე - "დილა"), 31 წლის უკრაინელ ადრიან ჰუკანიჩს ("შუქურა"), 20 წლის უკრაინელ ნიკიტა კონოვალოვს ("გურია"), 28 წლის უკრაინელ სერგეი ლუბჩაკს და კიდევ ერთ მის თანამემამულეს, 21 წლის ევგენი ტროიანოვსკის (ორივე - "ჩიხურა"), 23 წლის პორტუგალიელ ლუის ალბერტოს, 20 წლის ბრაზილიელ ენდრიუ არაუჟუს (ორივე - "სიონი") და კიდევ ერთ უკრაინელს, 18 წლის ევგენი კუშნირს ("მერანი").
ეს რიცხვი კი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება: "გურიაში" ჩარიცხული კიდევ ერთი უკრაინელი ფეხბურთელის საბუთებიც მოწესრიგდება შემდეგი ტურისათვის და "შუქურაში" ხომ სულაც ბრაზილიურ "დესანტს" ელოდებიან! თუმცა, ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ აქ ჩამოსული უცხოელი ფეხბურთელიდან ყველა როდი ყოფილა... საუცხოო!
იმედი დავიტოვოთ, რომ ამ ახალი ლეგიონერების უმეტესობა თუ არა, ნახევარი მაინც მეტ-ნაკლებად გამოსარჩევ კვალს დატოვებს ქართულ საკლუბო ფეხბურთში. აი, ისე, როგორც თავის დროზე დატოვეს დენი დონდტმა, დიდიე ოვონომ, რობერტას ფრიდრიკასმა, პოლ კესანიმ, ნედ ზელიჩმა, ფრაგამ, ტიაგომ, დე პორასმა, ზაურ ხაპოვმა, ანდრეი პოროშინმა, კარლოსმა, მიკელ ალვარომ; და, რაღა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღვნიშნოთ მართლაც ზეგამორჩეული ლეგიონერებიც: ანდერსონ აკინო და ჩისკო!
სადებიუტო მატჩები, გოლები
მართლაც გამორჩეული დებიუტი გამოუვიდა "დინამო თბილისის" ლეგიონერს, მანუელს: დედით ესპანელმა და მამით ნიგერიელმა ფორვარდმა (ჩვენთან "ოსასუნადან" გადმოვიდა) საქართველოს ჩემპიონატში პირველსავე მატჩში გოლი გაიტანა. თანაც, მატჩსაც ხომ გააჩნია - მეორე წრის პირველი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "დინამო თბილისმა" სტუმრად მოუგო "სამტრედიას" და "საჩემპიონო რბოლაში" თავისი ერთ-ერთი კონკურენტი უკვე 7 ქულით ჩამოიტოვა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კახა გოგიჩაიშვილის გუნდს ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, თუმცა დინამოელთა ახალმა ლეგიონერებმა ჩინებულად ჩაატარეს ძლიერ მოწინააღმდეგესთან ეს მატჩი და განსაკუთრებით კი, ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, რენე ფერეირა გვინდა აღვნიშნოთ.
ასევე უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩში შეძლო თავის გამოჩენა უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნებულმა გიული მანჯგალაძემ - "ჩიხურას" 22 წლის შემტევმა "სიონის" კარში პირველი "ქართული" გოლი გაიტანა.
უმაღლეს ლიგაში ასევე პირველი გოლები გაიტანეს "მერანის" 17 წლის ნახევარმცველმა გიგა წურწუმიამ და "გურიის" 23 წლის შუახაზელმა თორნიკე მოსიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ მოსიაშვილის გოლი, ფაქტობრივად, სრულიად განახლებული "ზესტაფონის" კარში ეფექტურიც იყო, გამარჯვების მომტანიც და ასე ვთქვათ, "ისტორიულიც": ამ მატჩამდე "გურიას" ქულაც არ ჰქონდა აღებული იმერულ კლუბთან და გოლიც პირველად გაიტანა!
ახლა კი იმ ქართველ ფეხბურთელებზეც, სწორედ მეორე წრის პირველ ტურში რომ ჩაატარეს სადებიუტო მატჩები უმაღლეს ლიგაში: 21 წლის ლაშა მაისურაძე, 18 წლის სოსო გულუა, 18 წლის ბაჩანა მიქელაძე, 17 წლის ავთანდილ გუჯაბიძე (ყველა - "მეტალურგი"), 19 წლის სანდრო გურეშიძე ("სიონი"), 22 წლის ბექა ბანძელაძე ("ტორპედო"), 21 წლის გიორგი გიორგაძე ("ვიტ ჯორჯია"), 19 წლის ვაჟა ქიქავა, 19 წლის დავით პეტავა (ორივე - "მერანი"), 25 წლის ბიძინა ცინცაძე, 21 წლის კოკა ღაღანიძე, 20 წლის ვაჟა მათიაშვილი (ყველა - "გურია"), 23 წლის დავით კუპატაძე ("ზესტაფონი"), 21 წლის რატი ცაცკრიალაშვილი ("ცხინვალი").
დაბრუნება
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბოლო წლებში საინტერესო ტენდენცია შეინიშნება, როცა ხანგრძლივი განშორების შემდეგ უცხოეთმოვლილი ჩვენი ფეხბურთელები სამშობლოში ბრუნდებიან. მიმდინარე სეზონის ყველაზე "ხმაურიანი დაბრუნება" პირველ წრეში იყო, როცა ზურაბ ხიზანიშვილი თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა.ახლა კი, მოგეხსენებათ, რომ გამოცდილი მცველი კარიერას "სამტრედიაში" აგრძელებს. მეორე წრის პირველ ტურშიც მოხდა ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნება: თითქმის ოთხწლიანი (!) პაუზის მერე კარიერა განაახლა კახა მჟავანაძემ და მშობლიური "შუქურას" შემადგენლობაში გამოჩნდა!
აღსანიშნავია, რომ 36 წლის მჟავანაძეს თავის დროზე საქართველოს ნაკრებში, მახაჭყალის "ანჟიში", ოდესის "ჩერნომორეცში", მოსკოვის "სპარტაკსა" და ბაქოს "ინტერში" უთამაშია; საქართველოს ჩემპიონატს კი ვეტერანი მცველი... 14-წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.
გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდნენ უმაღლეს ლიგას 26 წლის რევაზ ბარაბაძე ("მეტალურგი"), 21 წლის მიხაილ გორელიშვილი ("დილა"), 22 წლის ირაკლი ქობალია ("ზუგდიდი"), 28 წლის ზაზა ჭელიძე, 26 წლის ირაკლი კლიმიაშვილი, 22 წლის დავით კირკიტაძე (ყველა - "ტორპედო"). ამათგან თავი განსაკუთრებით ქობალიამ, გორელიშვილმა და ზემოთნახსენებმა მოსიაშვილმა გამოიჩინეს, რომლებმაც თავიანთ გუნდებს გამარჯვება მოუტანეს.
ძმების დაპირისპირება და ერთადერთი დუბლი
ადრეც ბევრი არა, მაგრამ მაინც ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ძმები სხვადასხვა გუნდის მაისურით უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს; ასე მოხდა ამ ტურშიც: "გურია"-"ზესტაფონის" მატჩში ერთმანეთს მეტოქეობას უწევდნენ 23 წლის გიორგი მჭედლიშვილი და 22 წლის ლაშა მჭედლიშვილი....მიმდინარე ჩემპიონატში ჯერჯერობით ერთადერთი ჰეთ-თრიქია შესრულებული (გიორგი პაპუნაშვილი). აი, "დუბლი" კი პირველ წრეში 21-ჯერ შესრულდა და ამ "ნომინაციაში" ჯაბა დვალი ლიდერობს, - ამჯერად უკევ მოლდოვაში მოასპარეზე ცენტრფორვარდმა სამჯერ შეძლო ერთ მატჩში ორი გოლის გატანა.
მეორე წრის პირველი ტური შედეგიანობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა (12 გოლი - სეზონის დაწყებიდან ამაზე უარესი მაჩვენებელი მხოლოდ სამჯერ იყო), თუმცა ერთი შეხვედრა მაინც უხვგოლიანი გამოდგა. თანაც ისე, როგორც შუა კვირაში სათასო მატჩში, ამჯერადაც შემტევი ფეხბურთი უჩვენა ზურაბ ბერიძის დამოძღვრილმა "ვიტ ჯორჯიამ", რომლის 21 წლის შემტევმა ვანო კურდღელაშვილმა უმაღლეს ლიგაში პირველი "დუბლი" შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე ეპიზოდში კურდღელაშვილს ასისტენტობას უწევდა "ცხინვალთან" სათასო მატჩის ერთ-ერთი გმირი, 22 წლის ლუკა თათხაშვილი. ჰო, ამ ახალგაზრდა მარჯვენა მცველს მართლაც მაგარი კვირა ჰქონდა: სათასო მატჩში "დუბლი" შეასრულა, ახლა კი - ორი საგოლე პასი!..
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
სამტრედია-დინამო (თბ) 0:1 - ძლიერი კლუბი ერთ დღეში არ კეთდება [VIDEO]
ცხინვალი-დილა 0:1 - ახალწვეულთა ზეობა [VIDEO]
ჩიხურა-სიონი 2:0 - ტესტი ჩაბარებულია [VIDEO]
ზუგდიდი-შუქურა 1:0 - ირაკლი ქობალიას სამქულიანი დაბრუნება [VIDEO]
გურია-ზესტაფონი 1:0 - შინ მაინც არ აგებს [VIDEO]
დინამო (ბთ)-მეტალურგი 2:0 - ის, რაც უკვე აშკარაა...
ვიტ ჯორჯია-მერანი 2:2 - სამი თავი და გაყოფილი ქულები
ტორპედო-კოლხეთი 0:0 - ...ოღონდ, არა ასეთი თამაშით