ვლადიმირ ვაისის შეგირდთა აქტივში ჯერაც არ არის გამარჯვება და ცოდვა გამხელილი სჯობს, ამის მოლოდინი ნამდვილად გვაქვს, მით უმეტეს, მეტოქის რეალური ძალაც ხელს გვიწყობს...
ჭკუის სასწავლებელი
მიმდინარე შესარჩევ ციკლში ეს ნაკრებები ერთხელ უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თბილისში გამართული შეხვედრა ნამდვილად არ ჩაიწერება საქართველოს ნაკრების აქტივში. ყველა ველოდით, რომ - საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]
ვერც იმას ვიტყვით, რომ ჩვენი გუნდის უპირატესობა აშკარა იყო. მართალია, ამ მატჩში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, მაგრამ ალეკსანდრუ გაცკანმა არანაკლებ (თუ მეტით არა) ეფექტური გოლით გაგვითანაბრა. სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ დარწმუნდა გულშემატკივარი, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს ციკლი უკვე "დამთავრებული" იყო.
ზოგადად, მოლდოვამ თბილისში ჩვენთვის ძალიან უხერხული, ჩაკეტილი და კონტრშეტევებზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშა. ამასვე უნდა ველოდოთ მისგან კიშინიოვში. ეგაა ოღონდ, რომ შინაური ატმოსფეროთი გამხნევებული მოლდოველები გაცილებით აგრესიულები იქნებიან, ვიდრე თბილისში იყვნენ.
დიდი დანაკლისით
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების სხვა მწვრთნელების დარად, ვლადიმირ ვაისსაც ეს დაებედა: არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ნაკრებს ეთამაშება ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდი, გამორიცხულია, ერთბაშად რამდენიმე საკვანძო მოთამაშე არ დააკლდეს ტრავმის თუ სხვა მიზეზის გამო.თამამად შეიძლება ითქვას, რომ კიშინიოვში საქართველოს ნაკრები განახევრებული შემადგენლობით ითამაშებს. გვეშინია კიდეც, რომელიმე ტრავმირებული ფეხბურთელი არ გამოგვრჩეს - გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია, ლევან მჭედლიძე, დავით ხოჭოლავა, გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი და ჯანო ანანიძე - ეს ფეხბურთელები ვერ დაეხმარებიან გუნდს მოლდოვური ვოიაჟისას.
განსაკუთრებით საგრძნობია დანაკლისი წინა ხაზში. ალბათ, არავინ შეგვედავება იმაში, რომ მჭედლიძის, ანანიძის, ოქრიაშვილისა და ქვილითაიას გარეშე ნაკრების შემტევი პოტენციალი ნახევრდება. სხვა გზა არ არის - ნაკრებში ამჟამად გამოძახებულმა შემტევებმა, ერთი მხრივ, უნდა დაამტკიცონ, რომ ღირსნი არიან, ემოსოთ ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურა, ხოლო მეორე მხრივ - ნაკრებს ლიდერების არყოფნა არ უნდა აგრძნობინონ.
სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან შეხვედრამაც დაადასტურა, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებისათვის ანანიძე და გვილია შეუცვლელები არიან. მათ გარეშე ჩვენი გუნდის თამაშში გაცილებით ნაკლებია შემოქმედება, ვიდრე - მათთან ერთად.
- საქართველო-სტ.კიტსი და ნევისი 3:0 - შეცვალე და მოიგე! [VIDEO]
კარგი განწყობით
ორი ყოფილი, ეგრეთ წოდებული მოძმე რესპუბლიკა, საკვირაო დაპირისპირებას კარგ განწყობაზე ეგებება. მოლდოვის ნაკრები გასვლით ამხანაგურ მატჩში ისრაელს დაუპირისპირდა და კინაღამ გაიმარჯვა. იგორ დობროვოლსკის შეგირდებს ცოტაც რომ დასცლოდათ, ებრაელებს "აღთქმულ მიწაზევე" დაამარცხებდნენ, თან იმ გუნდს, რომელიც საკუთარ კედლებში ყოველთვის ძნელი დასამარცხებელია და საბრძოლო შემადგენლობა ჰყავდა ჩვენ მომავალი მეტოქის წინააღმდეგ.რა თქმა უნდა, ამხანაგური მატჩი მაინც ამხანაგურია და ის მთლად მყარ მასალას არ იძლევა განსჯისთვის, მაგრამ გარკვეული დასკვნების გამოსატანად მაინც გამოდგება. თუ იმ შეხვედრაში ნანახს დავუჯერებთ, მოლდოვა კარგ ფორმაში უნდა იყოს, ოღონდ, ამით თავი არ უნდა დავიზღვიოთ იმისთვის, რომ მერე ვინმემ შესაძლო წარუმატებლობა გაამართლოს...
მიუხედავად პრობლემებისა, კარგ განწყობაზე უნდა იყოს საქართველოს ნაკრებიც, თუმცა ჩვენს გუნდს ისეთი მეტოქე ჰყავდა, რომ ყველა გამარჯვებას ველოდით. ეგ იყო, სენტ კიტსმა და ნევისმა საქმე გაგვირთულა, ცოტაც გვანერვიულა, მაგრამ მაინც არ იყო იმ დონის მოწინააღმდეგე, სერიოზული დასკვნები რომ გამოვიტანოთ.
კაპიტნის გარეშე
რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების დანაკლისი უფრო სერიოზულია, მაგრამ მოლდოვასაც აკლია ერთი ისეთი ფეხბურთელი, რომელიც თამამად შეგვიძლია, მივიჩნიოთ მეტოქის უდავო ლიდერად - "როსტოვის" 33 წლის ნახევარმცველი ალეკსანდრუ გაცკანი.გავრისკავთ და დავწერთ: რომ არა გაცკანის შესანიშნავი თამაში თბილისში, მოლდოვა იმ ქულას ვერ წაიღებდა. სწორედ გამოცდილი შუახაზელის დარტყმამ ჩააყენა გამოუვალ მდგომარეობაში საქართველოს ნაკრების დაცვა და მეკარე...
ცხადია, ეს ამართლებს საქართველოს ნაკრებს, რადგან ფეხბურთში ერთ ასეთ დარტყმას, თუნდაც ეფექტურ გოლს, თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ყველაფერი ხომ დეტალებისგან შედგება...
გაცკანი არ იქნება, მაგრამ იქნებიან ფეხბურთელები, რომელთაც ასევე შეუძლიათ მოედანზე ამინდის შექმნა - მეკარე სტეპან ნამაშკო, მცველები - ალეკსანდრ ეპურეანუ და კატალინ კარპი, ნახევარმცველები - ეუგენიუ ჩებოტარუ, ალეკსანდრ დედოვი, ანდრეი კოჟოკარი, არტურ იონიცა... თავდასხმის ხაზში კი უნდა გამოვარჩიოთ იგორ ბუგაევი და რადუ გინსარი, ვინც ისრაელთან ამხანაგურ მატჩში გამოიჩინა თავი.
მოლდოვა
მეკარეები: სტანისლავ ნამაშკო (ლევადიაკოსი, საბერძნეთი), სერგეი პაშჩენკო (ზარია ბელცი), ალეკსეი კოშელევი (შერიფი);
მცველები: ალეკსანდრუ ეპურეანუ (ისტანბულსფორი, თურქეთი), ვიტალი ბორდეანი (შერიფი), პეტრუ რაკუ (მილსამი), ვადიმ ბოლოჰანი (მილსამი), ვიაჩესლავ პოსმაჩი (დაჩია), იონ ჟარდანი (შერიფი), კატალინ კარპი (უფა, რუსეთი), მაქსიმ ანდრონიუკი (პეტროკლუბი), მაქსიმ პოტინიჩე (შერიფი), დინუ გრაური (მილსამი);
ნახევარმცველები: ეუგენიუ ჩებოტარიუ (სიბირი, რუსეთი), ალეკსანდრ დედოვი (მილსამი), ანდრეი კოჟოკარი (მილსამი), ალეკსანდრ ანტონიუკი (მილსამი), არტურ იონიცა (კალიარი, იტალია), იგორ ციგირლაში (ზარია ბელცი), მაქსიმ მიხაილოვი (ზარია ბელცი), გეორგე ანდრონიკი (მილსამი), ალეკსანდრუ პაშჩენკო (დაჩია), ეუგენიუ კოჩიუკი (ჟილინა, სლოვაკეთი), გეორგე ანტონი (ზიმბრუ), დან ტარასი (პეტროკლუბი);
თავდამსხმელები: იგორ ბუგაევი (ზარია ბელცი), ეუგენ სიდორენკო (მილსამი), რადუ გინსარი (შერიფი), სერგიუ პლატიკა (სპერანცა).
მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი
საქართველო
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), საბა ლობჟანიძე (დინამო თბ).
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო თბ), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი, რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"