მაგრამ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების კანდიდატების სამომავლო გეგმებზე მეტი ინფორმაცია აქამდე უცნობი იყო, გუშინ კი ორივე მათგანის სამომავლო გეგმებზე "ლელომ" კონკრეტული ამბები გაიგო - "ლოკომოტივის" ყოფილი თავდამსხმელები დანიაში ერთად გაემგზავრნენ, სადაც იქაური სუპერლიგის გუნდებში ჩარიცხვას იმედოვნებენ...
ვაწაძემ პოლონეთი იუარა
მათე ვაწაძე დანიური "ორჰუსიდან" უთამაშებლობის გამო დაბრუნდა. მწვრთნელმა აითვალწუნა და 7 ჩვენი ინფორმაციით, 28 წლის თავდამსხმელს პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდში გადასვლასაც სთავაზობდნენ, მაგრამ კარგად ნაცნობი დანიური სუპერლიგის ბინადარ "ვიბორგში" თამაში ამჯობინა.
2012-16 წლებში მან "ორჰუსში" 75 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა, დანიასაც შეეჩვია და იქაურ ფეხბურთსაც აუღო ალღო. სხვათა შორის, მათეს "ვიბორგის" კარშიც გაუტანია. ეს 2015 წლის 19 აპრილს მოხდა, როცა "ორჰუსი" მეტოქეს საშინაო შეხვედრაში დაუზავდა - 1:1.
"ვიბორგი" ვაწაძეს წელიწადნახევრიან კონტრაქტს სთავაზობს. კლუბი 14-გუნდიან დანიის სუპერლიგაში 17 ქულით ბოლო ადგილზეა, მაგრამ მეათეადგილოსან "სილკებორგს" 7 ქულით ჩამორჩება და ლიგაში ადგილის შენარჩუნების იმედი აქვს. ცხადია, ასეთ ვითარებაში მყოფი კლუბი ვაწაძის გოლეადორულ თვისებებს დიდ იმედებს უკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ 2006-10 წლებში ამ გუნდში საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი გიორგი ფოფხაძეც თამაშობდა, რომელიც 2007/08 წლების სეზონში "ვიბორგის" გულშემატკივრებმა კლუბის წლის ფეხბურთელად დაასახელეს.
ზარანდია სხირტლაძესთან
ლუკა ზარანდია უცხოეთში დამკვიდრებას 16 წლის ასაკიდან ცდილობს. ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა ქართველმა თავდამსხმელმა ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და უცხოელების ყურადღება დიდი სისწრაფითა და მშვენიერი ტექნიკით მიიქცია.2014 წელს ზარანდია ბელგიურ "გენკში" ჩაირიცხა, მაგრამ ტრავმებმა გააწვალა და ძირითად გუნდში ერთი ოფიციალური შეხვედრის ჩატარების შანსი არ მიეცა. 20 წლის ფეხბურთელი 2016 წლის ზაფხულში თბილისის "ლოკომოტივს" დაუბრუნდა, სადაც 2012-14 წლებშიც თამაშობდა. ზარანდიამ ამ გუნდის ფორმით გარდამავალ ჩემპიონატში 10 შეხვედრა ჩაატარა.
შევიტყვეთ, რომ სეზონის დასრულებისთანვე მას თბილისის "დინამოში" გადასვლა შესთავაზეს, მაგრამ ვაწაძის მსგავსად, საქართველოში დარჩენა არც მას სურს...
და აქვე ახალი ამბავიც - ზარანდია დანიის სუპერლიგის კლუბ "სილკებორგში" ივარჯიშებს, სადაც ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დავით სხირტლაძე თამაშობს. გუნდი 24 ქულით მე-10 ადგილზეა. მთავარი მწვრთნელია პეტერ სორენსენი, რომელიც 2010-14 წლებში "ორჰუსს" ავარჯიშებდა და ვაწაძისა და სხირტლაძის აყვანის ინიციატორიც გახლდათ, ხოლო ამ უკანასკნელს "სილკებორგში" გამოუცხადა ნდობა და გამოაჩინა.
ორივე ქართველი თავდამსხმელი დანიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაემგზავრა. მათ "ლოკომოტივთან" კონტრაქტები დეკემბერში დაუსრულდათ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"