რომ არ გაიქცეს მილანში - ანტონიო კონტეს "ჩელსი" ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" ანტონიო კონტეს ახალ კონტრაქტს უმზადებს. ამის მიზეზი იტალიელი სპეციალისტისადმი მილანის "ინტერისა" და სხვა გუნდების სერიოზული ინტერესია.

"ლურჯებს" კონტეს დათმობა არ სურთ, მას ხელფასის გაზრდასაც ჰპირდებიან და შემადგენლობის გაძლიერებასაც.

"ჩელსის" მთავარი სამიზნეები ალექსის სანჩესი, ვირხილ ვან დეიკი და რომელუ ლუკაკუ არიან. ახსენებენ "ბილბაოს" ემერიკ ლაპორტსაც, "სამეფო კლუბის" ალვარო მორატასაც და "მონაკოს" ტიემუე ბაკაიოკოსაც.

რონალდ კუმანი, როგორც ჩანს, "ევერტონში" რჩება და ლუკაკუს შენარჩუნებაც ძალიან უნდა, მაგრამ ბელგიელს წასვლაზე უჭირავს თვალი და გული "სტემფორდ ბრიჯზე" მიუწევს, სადაც თავის დროზე ვერ დააფასეს.
23 წლის ფორვარდში "ჩელსისთან" ჩაზიარებას "მანჩესტერ იუნაიტედიც" ცდილობს, მაგრამ ლუკაკუს ჟოზე მოურინიოსთან მუშაობას, კონტესთან ურჩევნია საქმის დაჭერა. თავის დროზე პორტუგალიელმა რომელუს შანსი არ მისცა და მას ადვილად შეელია. თუმცა "წითელი ეშმაკები" მზად არიან, 85 მილიონი გირვანქა გადაიხადონ. მოკლედ, ბელგიელზე სერიოზული ნადირობაა გაჩაღებული.

სანჩესის შემთხვევაში ბევრი რამ მის სხვა მსურველებზე, თავად ჩილელის სურვილზე და "არსენალის" მდგომარეობაზეა დამოკიდებული. გააჩნია, რას დაჰპირდებიან და რას შესთავაზებენ "მეთოფეები" ალექსისს, მაგრამ თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩა, რაც სავსებით რეალური ჩანს, სანჩესი "ემირატებზე" ალბათ აღარ გაჩერდება და მისი ადრინდელი სიტყვებიც გვახსოვს - მე ლონდონში დავრჩები, გუნდში, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს სერიოზულადო, რის მერეც, ყველას "ჩელსის" ასოციაცია გაუჩნდა და ეს ალექსისის მინიშნებად აღიქვეს.

სცენაზე "სიტიც" არის. ამბობენ, პეპ გვარდიოლას გუნდი 50 მილიონ გირვანქას იხდის და პლუს, "არსენალს" ახალგაზრდა მცველს, 21 წლის ბელგიელ ჯეისონ დენაიერს დაუთმობსო.

მორატას მადრიდის "რეალში" ისევ არ აძლევენ სათანადო სათამაშო დროს და ალვარო კვლავაც "სანტიაგო ბერნაბეუდან" გაქცევას გეგმავს. მას ჩინეთშიც ეპატიჟებოდნენ და 147 მილიონ გირვანქას სთავაზობდნენ, მაგრამ 24 წლის თავდამსხმელმა დიდ ფულზე უარი თქვა, რადგან დიდი ფეხბურთის თამაში და ევროპაში დარჩენა სურს. მისთვის ბრძოლაში "ჩელსი" ფავორიტად ითვლება. კონტეს სურს, უფროსობა დაარწმუნოს, რომ მარტო ალვაროში გუნდმა 65 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.

ლაპორტის შემთხვევაში ყველაფერი უფრო მარტივადაა. როგორც ამბობენ, ბასკი მზად არის, "სტემფორდ ბრიჯზე" სიხარულით გადაბარგდეს, თუ ბოლო ბოლო ოფიციალურ წინადადებას მიიღებს და მას არც "სან მამესის" ბინადრები დააკავებენ, მაგრამ "ჩელსიმ" საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს და შესაბამისი კომპენსაციაც გაიღოს.

ლონდონელები ბაკაიოკოსთვის ბრძოლაშიც ფავორიტები გამხდარან, თორემ ტიემუეს კიდევ ბევრი მთხოვნელი ჰყავდა და ჰყავს. აი, რაც შეეხება ვან დეიკს, "საუთჰემპტონის" მწვრთნელმა კლოდ პუელმა თქვა, რომ ჰოლანდიელი ცენტრალური მცველის გაყიდვა მისი გუნდის გეგმებში არ შედის, მაგრამ ხომ გაგიგიათ - ფული ჯოჯოხეთს ანათებსო - და "წმინდანების" ბანაკიც არაერთგზის გაუნათებია, მშვენივრად მოგეხსენებათ, რამდენი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა ბოლო პერიოდში "სენტ მერის" ბინადარმა გუნდმა.

მორატასგან განსხვავებით, ჩინურ ფულზე უარი შესაძლოა, არ თქვას დიეგო კოშტამ. მეტიც, მას მერე, რაც "მიდლსბროსთან" შეხვედრაში გატანილი გოლი ესპანელმა ფანებისთვის ხელების დაქნევით აღნიშნა, ყველამ ჩათვალა, რომ ეს ერთგვარი დამშვიდობება იყო. თუმცა თავად დიეგომ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. მეორე მხრივ, "ტიანძინ ქუანძიანი" მას კვირაში 650 ათას გირვანქას სთავაზობს და უარი ძალიან ძნელი სათქმელი იქნება. თანაც, თუ ლუკაკუ მოვა...

პარასკევს "ჩელსი" "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" სტუმრობს და გამარჯვების შემთხვევაში, ოფიციალურად გაინაღდებს ინგლისის ჩემპიონობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიუხედავად იმისა რომ გერმანული ფეხბურთის ფანი ვარ ვაღიარებ და მგონია რომ კონტე საუკეთესო მწვრთნელია დღევანდელობის!
burusa
20:19 11-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული