იტალია. სერია A. VII ტურის შეჯამება: როგორ აჯობა "იუვენტუსმა" "მილანს"

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ძალას იკრებს და თანდათან უფრო საინტერესო ხდება. "რომამ" ყველა მოლოდინს გადააჭარბა, მიჯრით მეშვიდე მატჩი მოიგო და ერთპიროვნულად უდგას სატურნირო ცხრილს სათავეში.

იქვე ახლოს არიან "ნაპოლი" და "იუვენტუსი", სხვა გუნდები კი ამ ტრიოს ცოტა ჩამორჩნენ...

თუმცა ყველაფერი წინაა და ჯერ ძალიან ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ ლიდერთა სამეული გამოიკვეთა.

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა კვირას, გვიან ღამით გაიმართა და რადგან მასზე მიმოხილვაში ბევრი არაფერი გვითქვამს, "იუვე"-"მილანის" ჯახს აუცილებლად უნდა მივუბრუნდეთ...

როდესაც პირლო ჯობია დე იონგს...
საფეხბურთო ექსპერტების დიდი ნაწილი
თანხმდებოდა, რომ "იუვენტუსი"-"მილანის" შეხვედრაში ბევრ რამეს ცენტრში გაჩაღებული ბრძოლა გადაწყვეტდა.

ანტონიო კონტემ, ტრადიციულად, ხუთი შუახაზელი დააყენა, სადაც მთავარ როლს ისევ და ისევ ანდრეა პირლო ასრულებდა. რაც შეეხება "მილანს", მასიმილიანო ალეგრიმ საყრდენი ხაზი სამი ჩამშლელით გაამაგრა: სალი მუნტარი, ანტონიო ნოჩერინო, ნაიჯელ დე იონგი. ამ უკანასკნელს დაახლოებით ის როლი ეკისრა, რაც პირლოს და იოლი მისახვედრია, თუ ვის დარჩებოდა გამარჯვება ამ დუელში.

მაშინ, როდესაც ანდრეა თავისი გუნდის იერიშებს, ფაქტობრივად, საკუთარი საჯარიმოდან იწყებდა და დირიჟორობდა მთლიან თამაშს, დე იონგი მოკლე პასებით გადიოდა ფონს და მეტწილად, მაინც ჩაშლით იყო დაკავებული. მოკლედ, ტურინელთა შეტევებს მეტი აზრი დაჰყვებოდა და შესაბამისად, მათი იერიშებიც მეტად მწვავე იყო.

მართალია, პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას ლომბარდიელები ფლობდნენ, მაგრამ ამას საერთო სურათი არ შეუცვლია.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "იუვენტუსი"-"მილანის" შეხვედრას ჰყავდა თავისი გმირი და ეს გახლდათ ანდრეა პირლო, რომელსაც ბოლო პერიოდში კრიტიკაც კი დაატყდა თავს - ბევრი იმაზეც ალაპარაკდა, რომ სჯობს, ანდრეას ნაკლები სათამაშო დრო მიეცეს და ამით "ვეკია სენიორას" თამაში უფრო სწრაფი გახდეს.

განვლილმა პაექრობამ პირლოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაამყარა, მისი ბრწყინვალე თამაშის გვირგვინი კი შედეგიანი საჯარიმო დარტყმა გახლდათ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 3:2. ნამატჩევს კონტე ემოციებს ვერ მალავდა:

"სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ბრწყინვალედ დავიწყეთ: 7 მატჩიდან 6 მოგება და 1 ფრე სრულიად დამაკმაყოფილებელია. "მილანმა" შემოგვიტია, სწრაფი გოლიც გაგვიტანა და რთულ მდგომარეობაშიც აღმოვჩნდით, მაგრამ საბედნიეროდ, მატჩის ბედი საჩვენოდ შემოვატრიალეთ.

ამაში ლომის წილი ანდრეა პირლოს მიუძღვის, თუმცა არც სხვების დავიწყება შეიძლება. თუნდაც - სებასტიან ჯოვინკოს, რომელმაც უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

სებას ხშირად აკრიტიკებენ, არადა, გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. ჯოვინკო არაფრით ჩამოუვარდება სხვა თავდამსხმელებს და მომავალში მას მეტი სათამაშო დრო მიეცემა".


"რომას" 7 გაელვება
7 მატჩიდან 7 მოგება - "რომას" ბრწყინვალე ასპარეზობა იტალიური სპორტული პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. ამან დაჩრდილა თვით "იუვენტუსი"-"მილანის" ჯახი და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო ამბავი.

"ინტერთან" შეხვედრაში საოცრად ითამაშა ფრანჩესკო ტოტიმ და არაა გასაკვირი, რომ ჟურნალისტებმა მას კომენტარები უხვად ჩამოართვეს - სწორედ "იმპერატორს" გადავცეთ სიტყვა, რომელიც "ჯალოროსის" წარმატების მიზეზებზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა, რუდი გარსიამ უდიდესი სამუშაო გასწია და წარმატებებში მისი წვლილი განუზომელია, მაგრამ თუ ფეხბურთელებმა ვერ ითამაშეს, მარტო მწვრთნელი ვერაფერს გახდება. ამიტომ წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე პასუხისმგებელი მთლიანი გუნდია.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს "ჯალოროსიში" მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა შეუძლიათ.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ დიდებულ ფეხბურთელთან მითამაშია და კარგად ვიცი, რასაც ვამბობ".


მომდევნო ტურში "რომა" "ნაპოლის" მასპინძლობს და ტოტიმ ამ მატჩზეც გააკეთა კომენტარი:
"ბევრი ვარაუდობდა, რომ ჩვენი წარმატებული სვლა მილანში შეწყდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. დარწმუნებული ვარ, "ნაპოლისთან" კიდევ უკეთესად ვითამაშებთ და თუ ცოტა იღბალიც წაგვეხმარა, სასურველ შედეგს მივაღწევთ. სასურველი შედეგი მხოლოდ გამარჯვებაა".

როსის მოულოდნელი დაბრუნება
ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი რომში გაიმართა, სადაც "ლაციომ" "ფიორენტინას" უმასპინძლა.

ფლორენციელთა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ მცირე ხრიკს მიმართა, მან ჯუზეპე როსის გამოჯანმრთელების ამბავი დამალა და ლაზარეთში მოაზრებული ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა. ჟუზეპე ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი იყო და მართალია, ცდა არ დაუკლია, გოლის გატანა მაინც ვერ შეძლო.

ორიოდე სიტყვა "ლაციოზეც" უნდა ვთქვათ, რადგან რომაელთა თავკაცმა მეტად მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღო - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საყვარელ ტაქტიკაზე (4-5-1) თქვა უარი და გუნდი 4-3-3-ზე გადააწყო. ეს ვა-ბანკს ჰგავდა, თუმცა ექსპერიმენტმა არ გაამართლა - "ლაციოს" შეტევებს სიმწვავე აკლდა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა, 0:0.

ციფრები და ფაქტები
* ფრანჩესკო ტოტის ანგარიშზე 230 გოლია სერია A-ში.
* "რომა" მეშვიდე გუნდია, რომელმაც სერია A 7 გამარჯვებით დაიწყო. წინა 6 შემთხვევიდან, დაწინაურებული გუნდი ჩემპიონი გახდა.
*"რომამ" ინტერს მიჯრით მესამე მატჩი მოუგო გასვლაზე.
* "რომას" "ინტერთან" 8 მატჩია არ წაუგია.
* მიმდინარე სეზონში "ინტერმა" პირველად გაუშვა გოლი პირველ ტაიმში.
* სალი მუნტარიმ ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა მიმდინარე ჩემპიონატში. განელმა მე-19 წამზე დალაშქრა "იუვენტუსის" კარი.
* "მილანს" მიჯრით სამი მატჩი აქვს წაგებული "იუვენტუსთან" გასვლაზე.
* თუ ყველა ტურნირს გავითვალისწინებთ, "მილანს" 6 გასვლითი მატჩია არ მოუგია.
* "ფიორენტინამ" პირველი მატჩი დაასრულა ფრედ 2013 წელს.
* "ფიორენტინამ" მხოლოდ ორჯერ ვერ გაიტანა გასვლით შეხვედრაში გოლი მას შემდეგ, რაც გუნდს ვინჩენცო მონტელა უდგას სათავეში.
* ბოლო 3 სეზონში ჩირო იმობილემ სამივეჯერ გაუტანა "სამპდორიას" გენუაში - ერთხელ "პესკარას", მეორედ "ჯენოას" და მესამედ "ტორინოს" შემადგენლობაში.
* მიმდინარე სეზონში "სამპდორიამ" პირველი გოლები გაიტანა საკუთარ მოედანზე და პირველი ქულა აიღო.
* "სამპდორიამ" კარი მშრალად ბოლოს 30 მარტს შეინახა.
* გორან პანდევს 7 გოლი აქვს გატანილი "ლივორნოს" კარში. ასეთი შედეგი მას სხვა არც ერთ გუნდთან არ აქვს.
* დამიანო ბერარდიმ "სასუოლოდან" პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში.
* "უდინეზეს" საკუთარ მოედანზე 22 მატჩია არ წაუგია.
* "კალიარის" გასვლაზე 17 თებერვლის შემდეგ არ მოუგია.
* "ვერონამ" სერია A-ს გასვლითი მატჩი პირველად მოიგო 2001 წლის 21 ოქტომბრის შემდეგ.
* ლუკა ტონიმ 112-ე გოლი გაიტანა სერია A-ში და ამ მაჩვენებლით ედინსონ კავანის გაუთანაბრდა.
* "ატალანტამ" წაგებათა 5-მატჩიანი სერია შეწყვიტა გასვლაზე, ვერონაში კი "კიევოს" პირველად მოუგო.

ტურის სიმბოლური ნაკრები, "ლელოს" ვერსიით
კონსილი (ატალანტა)
კაჩატორე (ვერონა), დანილო (უდინეზე), კიელინი (იუვენტუსი), პასკუალი (ფიორენტინა)
პირლო (იუვენტუსი), მუნტარი (მილანი), დე როსი (რომა)
ჰამშიკი (ნაპოლი)
ტოტი (რომა), ჟერვინიო (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. VII ტური: "რომამ" მილანის "ინტერიც" მოინელა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული