დღეს რომ მუნდიალი იწყებოდეს...

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში სერია A-ს განვლილ ტურზე, "რომას" ლიდერობასა და "იუვენტუსი"-"მილანის" ჯახზე ბევრი ისაუბრეს, ახლა კი სანაკრებო ბატალიების ჯერი დადგა.

ჩეზარე პრანდელიმ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა გვარები, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ორ პაექრობაში დაეყრდნობა - შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურას" დანიასთან და სომხეთთან მოუწევს თამაში. სენიორ ჩეზარემ 29 ფეხბურთელს უხმო, თუმცა ექსპერიმენტებს მაქსიმალურად მოერიდა - განაცხადში ნაცადი ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებსაც სენიორ ჩეზარე აქამდეც აქტიურად იძახებდა.

მხოლოდ ორი ფეხბურთელი შეგვიძლია გამოვარჩიოთ, რომლებიც დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ "აძურას" - ერთი
ფედერიკო ბალცარეტი გახლავთ, ხოლო მეორე - ჯუზეპე როსი.

ბალცარეტი პრანდელიმ რატომღაც აითვალწუნა და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აღარ გამოუძახებია; აი, როსიმ კი უმძიმესი ტრავმა ჯერ კიდევ ევროფორუმამდე მიიღო. თავად განსაჯეთ, ჯუზეპემ "სკუადრა აძურაში" ბოლო მატჩი 2011 წლის ოქტომბერში გამართა. როსიმ ნაკრებში დაბრუნების უდიდესი სურვილი არაერთხელ გამოთქვა და ბუნებრივია, პრანდელის გადაწყვეტილებამ მადლიერებით აავსო - აქვე მისი კომენტარი:

"ეროვნულ გუნდში დაბრუნება ჩემი ოცნება იყო, რომელიც ამიხდა. კარგად მესმის, რომ ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ და პრანდელიმ ამ ნაბიჯით, უბრალოდ, წამახალისა - ამიტომ მისი უსაზღვროდ მადლიერი ვარ და ყველანაირად ვეცდები, რომ გაცემული ნდობა გავამართლო. ჩემი მიზანი ბრაზილიაში გამგზავრება და მუნდიალზე თამაშია, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ".

დე როსის ტრავმა
"ინტერთან" შეხვედრაში დანიელე დე როსიმ მცირე ტრავმა მიიღო, რის გამოც, დიდი ალბათობით, სანაკრებო მატჩების გამოტოვება მოუწევს. მართალია, დანიელეს მიკროტრავმა აქვს, მაგრამ არაფრისმომცემ შეხვედრებში ჯანმრთელობის გარისკვა აშკარად გაუმართლებელია. ამ თემაზე მოკლე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა:

"ყველაფერს ექიმები და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები გადაწყვეტენ. თუ თამაშის უფლებას მომცემენ, მზად ვარ, მოედანზე გავიდე და ეროვნული გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო. როგორც მითხრეს, მძიმე ტრავმას გადავურჩი და ეს უკვე კარგია".

გაკვირვებული კონტე
როგორც აღვნიშნეთ, ჩეზარე პრანდელი ექსპერიმენტებს მოერიდა და ეროვნულ გუნდში ყველა წამყვანი ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის, 34 წლის ანდრეა პირლო. ამან "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გააკვირვა და ცოტა გააბრაზა კიდეც:

"პრანდელის უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ვხვდები, რატომ გამოიძახა ანდრეა პირლო. იტალიის ნაკრებმა უკვე მოიპოვა მუნდიალის საგზური და შანსი მოგვეცა, 34 წლის ანდრეას ცოტა დასვენების საშუალება მივცეთ. მიმდინარე სეზონში პირლომ სერია A-ს ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პლუს, ორჯერ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაზე. იმედია, პირლო ორივე სანაკრებო მატჩს თავიდან ბოლომდე არ ითამაშებს - ეს მეტისმეტი იქნება".

პრანდელი ტოტის შესახებ...
და ყველაზე მთავარი, რამაც მთელი იტალიური საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა - ჩეზარე პრანდელის თქმით, მუნდიალი რომ ხვალ იწყებოდეს, ფრანჩესკო ტოტი აუცილებლად მოხვდებოდა 23-კაციან განაცხადში. უმჯობესია, სიტყვა თავად ჩეზარეს გადავცეთ:

"ფრანჩესკო ტოტი უდიდესი ფეხბურთელია, რომლის ნიჭზეც დიდი ხანი შეიძლება ლაპარაკი. დღეს რომ სამუნდიალე განაცხადს ვაკეთებდე, ტოტი ამ სიაში აუცილებლად მოხვდებოდა. დიახ, ასეა, რადგან ამ მომენტისთვის ფრანჩესკო საუკეთესოა იტალიაში. თუმცა, მისი ასაკის გათვალისწინებით, არაა აუცილებელი, შესარჩევ და ამხანაგურ მატჩებში გამოვიძახოთ.

რანჩესკოს ვაკვირდები, მისი მუნდიალზე გამგზავრების საკითხი კი ჩემპიონატის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადაწყდება. იგივე შემიძლია ვთქვა ანტონიო კასანოსა და ანტონიო დი ნატალეზე. განვიხილე თუ არა ეს საკითხი ტოტისთან? - არა, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ტოტიმ იცის, რომ მას აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის შანსი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩეზარე პრანდელის ვრცელი სია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული