ბედმა ისინი ისევ გადაჰყარა ერთმანეთს, ამჯერად იტალიის თასის მეოთხედფინალში და "მგლები" კბილებს ილესავენ, ვენდეტისთვის ემზადებიან და "ზებრებს" ისე ეკვეთებიან, როგორც დამშეული მგლები... მინდორზე ვინ აჯობებს, ამას "სტადიო ოლიმპიკოზე" ვიხილავთ, მაგრამ იქამდე ორივე ბანაკს გადავხედოთ - "რომას" შურისძიება სწყურია, ხოლო "იუვენტუსს" ნახევარფინალში გასვლა და საბოლოოდ, თასის მოგება, რადგან მე-10 კოპა იტალიას მოპოვება ტურინელებს ძალიან გაუჯანჯლდათ.
"გლადიატორების" მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია: "ეს კვირის
ფრანგი სპეციალისტი შურისძიებაზე საუბარს ერიდება, მაგრამ "რომას" ფანებს ერთი სული აქვთ, "იუვენტუსი" დაამარცხონ. ხოლო თუ "ჯალოროსის" ფეხბურთელების განცხადებებს გავიხსენებთ სერია A-ს მატჩის წინ, ახლა წარმოიდგინეთ, როგორ სწყურიათ თავად მათაც გამარჯვება. ისე, გარსიამ ჩემპიონატზეც თქვა ორი სიტყვა:
"სერია A? ახლა რთულია ამაზე საუბარი და ამჟამად მხოლოდ თასზე ვარ კონცენტრირებული. ჩემპიონატში კარგად გამოსვლას ვაგრძელებთ, "ნაპოლის" კიდევ ორი ქულით გავუსწარით, ხოლო "ინტერს" სამით. არაერთი ტურია დარჩენილი და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ "იუვენტუსს" "სტადიო ოლიმპიკოზე" ჩემპიონატშიც აქვს სათამაშო, მაგრამ ახლა სათასო დაპირისპირებაზე გავაკეთოთ აქცენტი. სტადიონი თითქმის მთლიანად სავსე იქნება და საკუთარი ქომაგის თვალწინ თამაში გარკვეულ უპირატესობას მოგვცემს" - აღნიშნა ფრანგმა.
როგორც ამბობენ, მირალემ პიანიჩი შესაძლოა უფრო შემტევ პოზიციაზე მოგვევლინოს. გარსია, ტრადიციულ 4-3-3-ს, სავარაუდოდ, არ უღალატებს, ნახევარდაცვაში ალბათ დანიელე დე როსის, კევინ სტროტმანსა და ახალწვეულ რაჯა ნაინგოლანს ვიხილავთ. აი პიანიჩი კი, რომლის შესაძლო წასვლაზეც საუბრობენ, სავარაუდოდ, თავდამსხმელად მოგვევლინება.
გარსიამ პიანიჩზეც გააკეთა კომენტარი და იმ კითხვასაც უპასუხა, რომელიც ანდრეა პირლოს შეჩერებას ეხებოდა. თუმცა ითამაშებს თუ არა პირლო, ეს უცნობია.
"ნახევარდაცვაში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავს - აგრძელებს საუბარს გარსია - ეს ევროსარბიელზეც გამოგვადგება. ის, რომ ნაინგოლანი მოვიდა, სულაც არ ნიშნავს პიანიჩის გაშვებას. პირლოს რაც შეეხება, ის ნამდვილი ჩემპიონია და ჩვენთვის უკეთესიც იქნება, თუ არ ითამაშებს, მაგრამ მარტო მის შეჩერებაზე არ არის საქმე. მეტოქეს ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და საფრთხე ნებისმიერი წერტილიდან მოსალოდნელია. თუმცა ჩვენც გვყავს 13-14 ფეხბურთელი, რომლებსაც ამ სეზონში გოლი აქვთ გატანილი და ეს დამატებითი იარაღი იქნება".
"იუვენტუსის" ბანაკში კი სიმშვიდეა ან მოჩვენებითი სიმშვიდე, გრიგალის წინ. კონტემ ჟურნალისტებთან საუბარი არ ინება და "ტუტოსპორტის" ინფორმაციით, მატჩამდე რეპორტიორებს არც არაფერს ეტყვის. ტურინელთა თავკაცი კომენტარს თამაშის შემდეგ გააკეთებს.
ერთი რამ, რაც ცნობილი გახდა, ისაა, რომ იგი ბევრ ცვლილებას აპირებს. ამბობენ, "სამპდორიასთან" მატჩში ძირითადში მყოფი ფეხბურთელებიდან სასტარტო თერთმეტეულში ადგილი შესაძლოა მხოლოდ სამმა მოთამაშემ შეინარჩუნოსო - ჯორჯო კიელინიმ, კლაუდიო მარკიზიომ და არტურო ვიდალმა. თუ ეს ვარაუდი გამართლდა, თავდასხმაში სებასტიან ჯოვინკოსა და ფაბიო კვალიარელას წყვილს ვიხილავთ.
ახალი გლადიატორი - მიშელ ბასტოსი
მიშელ ბასტოსი იტალიის დედაქალაქში ჩაფრინდა და მინიმუმ სეზონის ბოლომდე "რომაში" იჯარით ითამაშებს. "ალ აინის" საკუთრებაში მყოფი 30 წლის ბრაზილიელი რომს სამედიცინო შემოწმების გასავლელად და პირადი კონტრაქტის დეტალების შესათანხმებლად ეწვია. როგორც ირკვევა, იგი "ჯალოროსიში" 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
"ჩვენ ორი ახალწვეული გვყავს და ახლა უფრო ძლიერები ვართ. მაიკლ ბრედლი კი წავიდა, მაგრამ რაჯა ნაინგოლანის მოსვლით ნახევარდაცვაში იმდენივე მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს, რამდენიც გვყავდა და პლუს მიშელ ბასტოსი დაგვემატება, რომელიც შეტევაში ვარიანტებს გაგვიზრდის, განსაკუთრებით, ფლანგებზე. მრავალმხრივობის თვალსაზრისით, ფედერიკო ბალცარეტიც მნიშვნელოვანია, რომელსაც ჯერ ფიზიკური კონდიციების აღდგენა მოუწევს ტრავმის შემდეგ" - თქვა "რომას" მწვრთნელმა რუდი გარსიამ.
21 იანვარი
რომა-იუვენტუსი 23:45
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალიის თასი. 1/8-ფინალი: პერეამ "ლაციოს" მოაგებინა