როცა ყველა კმაყოფილია: კლასიკური იტალიური ჯახი

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-14 ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო სან პაოლოზე" გაიმართა, სადაც "ნაპოლიმ" "ინტერს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეტოქე - 2:1.

ეს იყო ბრწყინვალე მატჩი, კლასიკური იტალიური სცენარით - ბევრი ბრძოლით, ორმხრივი შეტევებით, სახიფათო მომენტებით, ყვითელ-წითელი ბარათებით, ეფექტური გოლებით, დაძაბულობით და დრამატული ფინალით.

ნეაპოლელთაგან ორივე გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა და ორივე მისი ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურებაა - ერთხელ მოხდენილი მოძრაობით ჩამოიტოვა მცველი და უძლიერესი დარტყმით მეკარისაგან ახლო კუთხე დალაშქრა; მეორედ კი რეიდი გამოაცხო, ორ მეტოქესთან ჭიდილში საჯარიმოში შეიჭრა და სამირ ჰანდანოვიჩის
კარის "ცხრიანი" გაგლიჯა.

იგუაინის მეორე გოლამდე "ინტერს" იუტო ნაგატომო გაუძევეს და მილანური გრანდი კაცნაკლული დარჩა. მოკლედ, "ნაპოლი" ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდა და თანაც, რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა - თითქოს, აქ უნდა მომკვდარიყო ინტრიგა, მაგრამ თურმე ყველაზე საინტერესო წინ გველოდა...

"ინტერი" შესანიშნავად ათამაშდა - მილანელებმა ბურთი დაიჭირეს და მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ, რასაც 67-ე წუთზე ადემ ლიაიჩის ბრწყინვალე გოლი მოჰყვა. "ინტერი" ამით არ დაკმაყოფილდა და განაგრძო შეტევები, გოლის გატანა კი, კიდევ მინიმუმ, სამჯერ შეეძლო.

თუმცა მატჩის კულმინაცია მსაჯის მიერ დამატებული უკანასკნელი წუთი იყო, როდესაც ნეაპოლელები ორჯერ სასწაულებრივად გადაურჩნენ გაშვებულ ბურთს და ორივეჯერ ბურთი ძელმა აისხლიტა.

ერთი წუთის ინტერვალში, ჯერ სტევან იოვეტიჩის თავური დარტყმის შემდეგ მოხვდა ბურთი ძელს, შემდეგ კი ჟოაო მირანდა იყო ახლოს მიზანთან. პეპე რეინაც უნდა შევაქოთ, რომელიც მირანდას დარტყმის შემდეგ ბურთს თითებით შესწვდა და გადაარჩინა გუნდი.

ავად თუ კარგად, "ნაპოლიმ" მოიგო და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. დიახ, სერია A-ს ახალი ლიდერი ჰყავს - საგულისხმოა, რომ ნეაპოლური გუნდი სეზონის ამ ეტაპზე, ანუ მე-14 ტურის შემდეგ, ცხრილს სათავეში პირველად უდგას... 1989-90 წლების სეზონის შემდეგ. მოკლედ, მაურიციო სარის გუნდი ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს და სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ უმთავრეს ფრავორიტად ითვლება.

მაურიციო სარი (ნაპოლი): "შეხვედრის დიდი ნაწილი ვდომინირებდით და ორი ბურთის სხვაობით დამსახურებულად ვიგებდით, შემდეგ კი კონცენტრაცია დავკარგეთ და კინაღამ დავისაჯეთ.

ბუნებრივია, ეს მეტოქის კარგი თამაშის დამსახურებაა, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა და ეს უნდა დავაფასოთ. სკუდეტოზე ფიქრი ძალიან ადრეა, რადგან კიდევ 72 ქულა უნდა გათამაშდეს. თავად განსაჯეთ, ფორმალურად სერია B-შიც კი შეიძლება დავქვეითდეთ. თითო გამარჯვება "ფიორენტინასთან" და "ინტერთან" სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ გუნდებზე ძლიერები ვართ. ხვალიდან შრომა უნდა განვაგრძოთ, გავაანალიზოთ დაშვებული შეცდომები და მათ აღმოფხვრაზე ვიზრუნოთ".

რობერტო მანჩინი (ინტერი): "თუ პირველ 15 წუთს არ ჩავთვლით, მეტოქეს არაფერი დავუთმეთ და პირიქით, ჩვენ ვდომინირებდით. მაშინაც კი, როდესაც კაცნაკლულნი ვიყავით, "ნაპოლი" მხოლოდ კონტშეტევებით გვაწუხებდა, რადგან უპირატესობას ჩვენ ვფლობდით. ნაგატომო გაგდებას არ იმსახურებდა, რადგან პირველი ყვითელი ბარათი ხოსე კალეხონის სიმულაციის გამო მიიღო.

მთლიანობაში, კარგი მატჩი იყო, რომელშიც ნამდვილად არ ვიმსახურებდით მარცხს. გონსალო იგუაინი ბრწყინვალე ფორვარდია, ნახევარი მომენტი სჭირდება, რომ გოლი შეაგდოს და სწორედ მან განაპირობა ნეაპოლელთა გამარჯვება. თუმცა, არც პეპე რეინას უნდა დავუკარგოთ გარჯა, რომელმაც რამდენჯერმე იხსნა გუნდი გაშვებული გოლისგან".

გონსალო იგუაინი (ნაპოლი): "ჯადოსნური საღამო იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ბედნიერი ვარ, რომ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღვზევდით და გულშემატკივრები გავახარეთ.

ვფიქრობ, ვიმსახურებდით სამ ქულას, რადგან ბევრი მომენტი შევქმენით მეტოქის კართან და მეტის გატანაც შეგვეძლო. ბოლო წუთებზე "ინტერსაც" ჰქონდა რეალური შანსები, მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერია - ჩვენ ხომ ჩემპიონატის ლიდერს ვეთამაშებოდით და წინასწარ ვიცოდით, რომ ურთულესი ბრძოლის გადატანა მოგვიწევდა".

ერიკ ტოჰირი ("ინტერის" პრეზიდენტი): "დიდი მადლობა რობერტო მანჩინის და მის შეგირდებს, რომლებმაც დაგვანახვეს, რომ "ინტერი" არასდროს დანებდება და ყოველთვის ბოლომდე იბრძოლებს.

მართალია, დავმარცხდით, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩვენი გუნდის შესრულებით. განსაკუთრებით, მეორე ტაიმს გამოვყოფდი, როდესაც აშკარა უპირატესობა მოვიპოვეთ და ცოტა რომ გაგვმართლებოდა, არათუ ქულას ავიღებდით, შეგვეძლო მოგვეგო კიდეც".

აურელიო დე ლაურენტისი ("ნაპოლის" პრეზიდენტი): "ასეთი მატჩების დროს ნეაპოლი მთლიანად ფეხბურთით ცხოვრობს და ყველაზე დიდ ბედნიერებას სწორედ ამ გულშემატკივრების სიხარული მანიჭებს. მართლაც კარგი თამაში იყო, რომელშიც შეგვეძლო წაგვეგო კიდეც.

თუმცა ეს ოდნავადაც არ აკნინებს ამ დიდებულ გამარჯვებას და ჩვენი ფეხბურთელების შესანიშნავ თამაშს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტოქედ "ინტერი" გვყავდა, სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული