იტალიის თასი. 1/4-ფინალი: ჰომოსექსუალი VS მყრალი მოხუცი

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის ნახევარფინალში "ინტერი" ითამაშებს, რომელმაც "სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლის" ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და ორივე მეტად ეფექტური - სტევან იოვეტიჩმა შორი მანძილიდან გაისროლა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა, ადემ ლიაიჩმა კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ცენტრიდან ათრია ბურთი, მეტოქის საჯარიმოში შევიდა და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც ივარგა.

იქამდე ნეაპოლელები ფლობდნენ უპირატესობას და გატანაც შეეძლოთ, მაგრამ იმ დღეს "ინტერს" ეწერა გამარჯვება. მთლიანობაში, დაძაბული მატჩი იყო, სუფთა იტალიური დაპირისპირება ზღვარგადასული ემოციით, მთავარი ამბები კი
მინდორს მიღმა ხდებოდა...

დიახ, მინდორს მიღმა, რადგან ერთმანეთს "ინტერის" და "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელები შეასკდნენ, ამ ამბავმა კი არა მარტო თამაში, ყველა სხვა სპორტული მოვლენა დაჩრდილა იტალიაში.

მატჩის უკანასკნელი წუთი მიმდინარეობდა, როდესაც რობერტო მანჩინი და მაურიციო სარი ერთმანეთს წაეკიდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას კი ხელით შეხებაც მოჰყვა - მართალია, მუშტი-კრივი არ გამართულა, მაგრამ სარიმ მანჩინის შარფზე მოქაჩა, ამ უკანასკნელმა კი კოლეგას ხელი ჰკრა. მოკლედ, ვითარება უკიდურესად გამწვავდა და გამშველებლებმა მწვრთნელები დროულად გააცალეს ერთმანეთს.

მაინც რა მოხდა? - ამ თემაზე მწვრთნელებმა ვრცელი კომენტარი გააკეთეს და უმჯობესია, რომ პირდაპირ მათ მოვუსმინოთ...

რობერტო მანჩინი (ინტერი): "მაურიციო სარი არის რასისტი და ჰომოფობი, რომელსაც ფეხბურთში არაფერი ესაქმება. ასეთ ადამიანს ინგლისში საერთოდ მოკვეთდნენ ფეხბურთიდან, ჩვენთან კი ყველაფერი დაშვებულია. მსაჯმა 5 წუთი დაამატა, რაც უსამართლოდ მივიჩნიე და გასაპროტესტებლად მეოთხე მსაჯთან მივედი. ამ დროს, ჩემთან სარი მოიჭრა, მაგინა და ჰომოსექსუალი მიწოდა. 60 წლის კაცია და სამარცხვინოდ იქცევა. გასახდელში შემოვიდა და ბოდიში მომიხადა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. მას უნდა რცხვენოდეს იმის, რაც გააკეთა".

მაურიციო სარი (ნაპოლი): "თამაშის დროს ემოციები დუღს და ხშირად თავის გაკონტროლება ჭირს. მთავარია, რომ მსაჯის სიფანალო სასტვენის შემდეგ ყველაფერი მთავრდება, მეტოქესთან კი გასაყოფი არასდროს არაფერი მქონია.

მივედი მანჩინისთან და ბოდიში მოვუხადე, ამაზე მეტს კი ვერაფერს გავაკეთებ. რაც შეეხება ინციდენტს, ემოციამ მძლია და მანჩინის მართლაც ვუწოდე ჰომოსექსუალი, მაგრამ ეს უფრო სიტყვის მასალაა და ჰომოფობი ნამდვილად არ ვარ.

ვიცნობ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს და რამდენიმე მეგობარიც მყავს - ასე რომ, ტყუილად ნუ დამაბრალებთ იმას, რაც არ ვარ. შეურაცხყოფა მანჩინიმაც მომაყენა და მყრალი მოხუცი მიწოდა - ანუ ჩავთვალოთ, რომ რობერტო მოხუცებს პატივს არ სცემს? - სჯობს, დავიოკოთ ემოციები და რაც მოხდა, წარსულს ჩავაბაროთ".

მძიმე სასჯელის მოლოდინში
მაურიციო სარის და რობერტო მანჩინის შორის მომხდარ ინციდენტს "ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და დიდი ალბათობით, "ნაპოლის" მწვრთნელი მკაცრად დაისჯება. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, არაა გამორიცხული, რომ სარი ფეხბურთიდან 4 თვით მოკვეთონ.

სასჯელი მეტისმეტად მკაცრი ჩანს, მაგრამ ავტორიტეტული გამოცემა გვახსენებს, რომ სენიორ მაურიციოს ანალოგიური გამოხდომა 2014 წელსაც ჰქონდა, როდესაც "ემპოლი"-"ვერონას" შეხვედრაში მსაჯს აგინა და მაშინ ფინანსური სანქციით გამოძვრა.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რასისტული და ჰომოფობიური გამოვლინებები უეფას და ფიფას მიერ მკაცრად ისჯება და ბუნებრივია, რომ ეს ტენდენცია იტალიაზეც ვრცელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული