ვინ შეცვლის ლონდონში მიმავალ ანტონიო კონტეს იტალიის ნაკრებში?

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "ჩელსის" მესვეურებმა შეთანხმებას მიაღწიეს ანტონიო კონტესთან და გადაწყვეტილი ამბავია, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 46 წლის სპეციალისტი ინგლისურ გუნდს ჩაუდგება სათავეში.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად კონტე იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და გუნდს ევროპის ჩემპიონატისთვის ამზადებს.

"სკუადრა აძურაში" კონტე წარმატებით მუშაობს და ფედერკალჩოს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, მაგრამ თავად მწვრთნელმა არაერთხელ განაცხადა, რომ სანაკრებო ფეხბურთთან შეგუება უჭირს, რადგან მას ყოველდღიური მუშაობა სურს.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან კონტე მხოლოდ 46 წლისაა, ტოპ-მწვრთნელები კი ამ ასაკში ნაკრების
გაწვრთნას ერიდებიან.

თავად კონტეს "ჩელსისთან" მიღწეული შეთანხმება არ დაუდასტურებია და ეჭვი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატამდე არც გააცხადებს. ერთი ცხადია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, "გაძეტა დელო სპორტს" კი ასეთ საკითხებში ნამდვილად დაეჯერება.

ავტორიტეტული გამოცემა უფრო შორს წავიდა და დასვა კითხვა: ვინ უნდა შეცვალოს კონტე? - კარლო ანჩელოტი გამოვრიცხოთ, რომელიც მომდევნო სეზონიდან მიუნხენის "ბაიერნს" გაწვრთნის. არადა, ანჩელოტი ფედერკალჩოსთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.

გაჟღერდა რამდენიმე სპეციალისტის გვარი, მათ შორის გახლავთ რობერტო მანჩინი, მასიმილიანო ალეგრი, ფრანჩესკო გვიდოლინი და არც მეტი, არც ნაკლები, კლაუდიო რანიერი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული