დრიბლინგი: მარილიანი ვარდი და ამჟავებული ჟოზე

AutoSharing Option
ბალოტელის იმედებ
ცოტა ხნის წინათ "იუვეს" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ შეგირდებს მოუწოდა: "არ შეიძლება, რომ ფეხბურთელმა 24 საათი მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს. ბიჭები ხანდახან უნდა განიტვირთონ, გაერთონ, დაისვენონ ფეხბურთისგან. მათთვის ეს, უბრალოდ, აუცილებელია!"

ამ დირექტივას იტალიაში ყველაზე უკეთ არა ალეგრის რომელიმე შეგირდი, არამედ "მილანის" ფეხბურთელი მარიო ბალოტელი ასრულებს, რომელიც სექტემბრის შემდეგ ტრავმირებულია.

შესაბამისად, მარიო ისვენებს და ერთობა. რამდენიმე დღის წინ მან წვეულება მოაწყო, რომელზეც რეპერი ემის კილა და კიკბოქსინგის ჩემპიონი "ჯორჯო" პეტროსიანი ჰყავდა დაპატიჟებული.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ ბალოტელიმ "თვითერზე" თამამად
კი დაწერა, ევრო 2016-ს მოუთმენლად ველოდებიო, მაგრამ იტალიის ნაკრების თავკაც ანტონიო კონტეს ენამწარეობის ამბავი ხომ იცით? "რას ელოდება მოუთმენლად? იტალიის ნაკრების თამაშების ტელევიზორში ყურებას?" - მიაძახა კონტემ.

როგორც ჩანს, ბალოტელი ზაფხულშიც ალეგრის დირექტივის მიმდევარი იქნება.

მიხაილოვიჩი ჩემოდნებზე
7 დღის განმავლობაში "მილანმა" ორი მატჩი ჩაატარა, ცხრილში ბოლო და ბოლოსწინა ადგილებზე მყოფ გუნდებს შეხვდა, ვერცერთს ვერ მოუგო და ჯამში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

"კარპისთან" 0:0 და "ვერონასთან" 1:1 ისეთი შედეგებია, "როსონერის" მთელი ტიფოზერია ფეხზე რომ უნდა დაეყენებინა, მაგრამ "მილანის" გულშემატკივრები ასეთებს უკვე მიჩვეულები არიან. "კარპი" და "ვერონა" ის გუნდებია, რომლებსაც იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტი ბურთი აქვთ გაშვებული, ბაკამ და კომპანიამ კი ვერაფერი დააკლეს.

სილვიო ბერლუსკონიმ, როგორც იქნა, სინიშა მიხაილოვიჩი გააკრიტიკა - ეს კი უკვე ნიშანია. "მილანის" ლეგენდებს, ბილი კოსტაკურტას და პაოლო მალდინის კი ადრიანო გალიანი შემოელანძღათ (ბერლუსკონის ისინიც ვერაფერს უბედავენ) - გალიანი კარგი მენეჯერია, მაგრამ ფეხბურთში ბევრი არაფერი გაეგებაო. წარუმატებლობებს შეჩვეული ტიფოზები კი მხოლოდ ხუმრობენ - "ვერონასთან" მატჩის დროს ირონიულად სკანდირებდნენ, ჩემპიონები გავხდებითო.

აი, თავად ბედოვლათი მიხაილოვიჩი კი მსაჯის შეცდომებს ითვლის. სხვათა შორის, თავად გალიანიც კი აღარ უჭერს მხარს სინიშას - ადრიანომ თქვა, მიხაილოვიჩი ზაფხულში რანგით მესამე კანდიდატი იყო მაურიციო სარის (ახლა "ნაპოლის" თავკაცია) და ანტონიო კონტეს (იტალიის ნაკრები აბარია) შემდეგო.

ერთი სიტყვით, სინიშა ჩემოდნებზე ზის.

ვარდი უეკლოდ
როგორ მოხდა, რომ "დრიბლინგში" აქამდე "ლესტერის" შესახებ არაფერი გვითქვამს? ალბათ, იმიტომ, რომ კლაუდიო რანიერის გუნდი სერიოზულია და სერიოზულ ფეხბურთსაც თამაშობს.

პრემიერლიგამ უკვე 16 ტური მოილია და ის ფაქტი, რომ "ლესტერი" კვლავ ცხრილის სათავეშია, უკვე აღარ არის ხუმრობა. თანაც, რანიერის ბიჭებმა ორშაბათს "ჩელსიც" მიამარცხეს და იმდენად ჭკვიანურ ფეხბურთს თამაშობენ, რომ თუ გაუმართლებთ და წამყვანი ფეხბურთელები ჯანმრთელად ეყოლებათ, ამ გუნდისგან ნაღდად აღარაფერია გამორიცხული.

"ლესტერის" ვარსკვლავი ჯეიმი ვარდია, ვარდივით კაცი, რომელსაც ამ სეზონში უკვე 15 გოლი აქვს გატანილი. თანაც, ვარდი უკვე ისეთი პატივსაცემი ხალხის გვერდით დგას, როგორებიც ბატონები: ლინეკერი, ბექჰემი და ოუენი არიან. როგორ? საქმე ისაა, რომ ჩიპსების მწარმოებელმა კომპანიამ, "უოლკერსმა" სხვადასხვა დროს სწორედ ამ ფეხბურთელების სახელობის ჩიპსების სერიები გამოუშვა.

ახლა კი, "ჩელსისთან" თამაშის წინ, "უოლკერსმა" ვარდის სახელობის ჩიპსიც გამოუშვა - სულ 32 000 შეკვრა.

"ლესტერის" გულშემატკივრებს ამ ახალი ჩიპსის გემოზე მეტად მისი სახელწოდება აინტერესებდათ. ლინეკერის, ბექჰემისა და ოუენის შემთხვევაში სახელწოდებები ასე ჟღერდა: Salt n' Lineker, Smokey Beckham, Cheese & Owen. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ვარდის შემთხვევაში გადასარევი ვერაფერი მოიფიქრეს და მისი სახელობის ჩიპსი ასე დაასათაურეს: Vardy Salted - "მარილიანი ვარდი".

ჟოზეს ანალიზი
"ეს გუნდი მღალატობს! ფეხბურთელები მღალატობენ! "ლესტერმა" გაგვიტანა ორი ბურთი, რომელთაგან ვერც ერთს ვერ მივიღებ, რადგან ორივე შემთხვევისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. ჩემი, როგორც მწვრთნელის საუკეთესო თვისება მეტოქის ანალიზია და მე იდეალურად გავაანალიზე "ლესტერის" ფეხბურთი.

ფეხბურთელებს დავუხაზე და ვაჩვენე ვარდის ყველა დამახასიათებელი მოძრაობა მცველებს შორის. ვაჩვენე და ავუხსენი დეტალურად, როგორ უტევს "ლესტერი". ამიტომაც ვფიქრობ, რომ გუნდმა მიღალატა. შესაბამისად, ამ მარცხს მე ასე მარტივად ვერ მივიღებ. მე არ ვიცი სხვა გზა, გარდა უმაღლეს დონეზე მუშაობისა.

არ ვიცი, როგორ უნდა ვიმუშაო ამაზე კარგად. გულახდილად გეტყვით, ყოველდღიურ ვარჯიშებზე ფეხბურთელებით ყოველთვის კმაყოფილი ვარ ხოლმე, მატჩების დროს კი ყველაფერი პირიქითაა!" - განაცხადა მოურინიომ "ლესტერთან" მარცხის შემდეგ, რის შედეგადაც მისი "ჩელსი" უკვე მე-16 ადგილზეა.

რა ქენი, მატიო, ეს?!
"ბარსელონამ" ზედიზედ მეორე თამაში რომ ვერ მოიგო, ჟერემი მატიოს ბრალია. არადა, ლუის ენრიკემ ეს პატიოსანი კაცი მატჩის მიწურულს, საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე გამოიყვანა. იმ დროისთვის "ბარსა" 2:0-ს იგებდა და ცხადია, რას დაავალებდა მწვრთნელი მატიოს - ბურთი დაიჭირე, დაცვა გააძლიერეო. წესით, მარტივი დავალებაა, მაგრამ მატიო აიჭრა.

მოედანზე გამოსვლიდან ერთ წუთში ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნას ლამობდა, ჩარჩა და სწორედ ამით ისარგებლა ლუკას პერესმა, რომელმაც სხვაობა შეამცირა.

გავიდა კიდევ 9 წუთი და ბერგანტინიოსის გოლშიც მატიო იყო დამნაშავე - გოლის ავტორს ხელი ვერაფრით შეუშალა. ამრიგად: 14 წუთი ითამაშა, ორ გაშვებულ ბურთში მიიღო მონაწილეობა და "ბარსამაც" 2 ქულა დაკარგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული