შერმადინის 25 ქულა, 9 მოხსნა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება რიგის ვეფ-თან

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის წინამძღოლობით, "ლენოვო ტენერიფემ"  ფიბას ჩემპიონთა ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ესპანურმა კლუბმა ლატვიურ "ვეფ რიგას" უმასპინძლა და 77:64 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-ის ტიტულიც დამსახურებულად მიიღო. შერმადინმა ჩვეული და ბევრისთვის საოცნებო შედეგიანობა გამოავლინა: 23 წუთში 25 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა ისე მიითვალა, არ დაჯარიმებულა და ბურთი ერთადერთხელ დაკარგა. ტენერიფელთა ქართველი ცენტრი ფარქვეშ შეუჩერებელი იყო. რიგელები მასზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინმა 14-დან 9 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.
მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31 შეადგინა და ამ შედეგთან ყველაზე ახლოს 22 ერთეულის მიმთვლელი "ვეფის" მოთამაშე აიზია პინეირო მივიდა. ტენერიფელთაგან გიორგის კვალზე 14 ქულით სასუ სალინი გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, სადაც 16 გუნდი 4 ჯგუფშია განაწილებული. შერმადინის გუნდი თითო მოგება-წაგებით მეორე ადგილზეა ესპანური “ბურგოსის” უკან და და ბოსნიური “იგოკეასა” და რიგის "ვეფის" წინ. ტენერიფელები მორიგ საჩემპიონთალიგო შეხვედრას 23 მარტს, შინ “იგოკეასთან” გამართავენ. შემდეგ ეტაპზე, ანუ 8-თა ფინალში, 2 წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო გადის.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
შერმა მგელია! ბრავო ქართველოოო!!!
შოთა
09:58 18-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული