ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბრუკლინ ნეტსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 116:109 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 07:49 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 2 ქულით (1/3 ორქულიანი), 3 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. უცნაურია ქართველი კალათბურთელის ასეთი სათამაშო დრო, როდესაც გუნდის მთავარ ცენტრს, მაილის ტერნერს თამაში არ წაუვიდა, მიუხედავად ამისა, პარკეტზე სოლიდური 20:12 წუთი გაატარა და გუნდს 7 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2-იც დაფარება შესძინა.
საუკეთესო კრის დუარტე გახლდათ, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო. ბადი ჰილდმა 22 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მასპინძელთა მხრიდან კევინ დურანტმა 36 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
კაირი ირვინგმა აქტივში 28 ქულა, 6 მოხსნა, 6-იც შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.
ამრიგად, "პეისერსი" 3 გამარჯვებითა და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 5 ნოემბერს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ბრუკლინი" 2 მოგებითა და 5 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, ხვალ, 2 ნოემბერს კი "ჩიკაგო ბულზს" შეხვდება.