სოჭის ოლიმპიადის ამბები: + მილიარდი, დოპინგი, აი, დარდი და ორი ამოცანა

AutoSharing Option
+ მილიარდი
რუსეთის ფედერაციის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალექსანდრ ჟუკოვმა განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადისთვის სპორტსმენთა უკეთ მოსამზადებლად დამატებით ერთი მილიარდი რუბლი გამოიყოფა.

მისი თქმით, რუსეთის სპორტის ზამთრის სახეობების ფედერაციებმა მომზადებისთვის უკვე დახარჯეს 1,5 მილიარდი რუბლი.

დამატებითი თანხა მოხმარდება აგრეთვე მედიკო-ბიოლოგიურ კვლევებს, აღჭურვილობის შეძენას და ლოგისტიკას. სხვათა შორის, სპეციალისტებმა მეცნიერულად შეისწავლეს სოჭის თოვლის და რელიეფის თავისებურებები, რომლის შესაბამისად, მზადდება სპორტული ინვენტარი.

ფიქრობენ, რომ ყოველივე ეს ერთგვარ ფორას მისცემს რუსეთის სპორტსმენებს. სამთო თხილამურებსა და ბიატლონში შეჯიბრებები ჩატარდება ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე, რისთვისაც
მასპინძლები საგანგებო პროგრამით და რეჟიმით ემზადებიან.

დოპინგი
სოჭის ოლიმპიადაზე, როგორც უკვე ცნობილი გახდა, დოპინგზე 2500-მდე და პარალიმპიადაზე 6000-მდე საკონტროლო სინჯს აიღებენ სპორტსმენებისგან.

იმუშავებს დოპინგ-კონტროლის 13 პუნქტი. აქედან 10 - უშუალოდ საშეჯიბრო ობიექტებზე, 3 - ოლიმპიურ სოფელში.

მომსახურე პერსონალიდან 29 ხელმძღვანელი იქნება, 147 ინსპექტორი, 34 ექთანი სისხლის სინჯის ასაღებად, 352 შაპერონი (მეთვალყურე) და 34 კოორდინატორ-შაპერონი. პერსონალის ძირითად ბირთვს სპეციალურად მომზადებული ვოლონტიორები (მოხალისეები) შეადგენენ.

აი, დარდი...
რუსეთი, ერთი მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ სოჭის ოლიმპიურ თამაშებში სრულ უპირატესობას მიაღწიოს ოლიმპიური პროგრამის ყველა დისციპლინაში, მეორე მხრივ კი, სპეციალისტები შეშფოთებას გამოთქვამენ მათდამი მაღალი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო.

თვით რუსეთის სპორტის თავკაცი ვიტალი მუტკო არ მალავს, რომ ზამთრის სპორტი საგრძნობლად ჩამორჩება ზაფხულისას.

მაგალითად, 2010 წლის ზამთრის თამაშებში რუსეთმა მხოლოდ სამი ოქროს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-11 ადგილს დასჯერდა. ახლაც აცხადებენ, რომ საქმე ვერაა კარგად ბიატლონში, ბობსლეიში, ციგებსა და ჰოკეიში.

ორი ამოცანა
სოჭის ოლიმპიადის მასპინძლობით რუსეთის მთავრობამ ორი მთავარი ამოცანის გადაჭრა დაისახა მიზნად: პირველი - ჩაატაროს ოლიმპიადა დღემდე არნახულად მაღალ დონეზე, გადააქციოს ეს ქალაქი მსოფლიოში სპორტის, ტურიზმისა და დასვენების ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად და მეორე - რუსეთის ღირსეულად გამოსვლა თამაშებში.

თენგიზ გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული