ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) გახდა, რომელმაც მარტის დასაწყისში კონტინენტის პირველობა უფროსებშიც მოიგო; ვერცხლი ირაკლი მწითურმა (86) მოიპოვა, მესამეპრიზიორები კი შოთა ფარტენაძე (61), დავით ბუზიაშვილი (70) და გივი მაჭარაშვილი (97) გახდნენ.
გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მეორეზე გავიდა რუსეთის შემდეგ.
პეტრიაშვილი ვერც აქ გააჩერეს
უფროსთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ, აბა, ვის შეეპარებოდა ეჭვი, გორელმა ტალანტმა აქაც ძალიან თავისუფლად და ლაღად იჭიდავა, მის შეტევებს ოდნავი წინააღმდეგობაც ვერ გაუწია ვერავინ. ბუნებრივია, არც მეტოქეები ჰყავდა ისეთი ძლიერები, როგორებსაც რიგაში, ევროპის იმ ჩემპიონატზე ეჭიდავა, მაგრამ მისი კარგი გამოსვლა მაინც აღსანიშნავია.
"გორელმა მანქანამ" თავიდან ფინელ ჟერე ტაპანი ჰეინოს გადაუარა -11:0; ბელორუსი ვიტალი პისნიაკს ასევე პირველ პერიოდში, სულ რაღაც ორ წუთში 10:0 გაანადგურა, ნახევარფინალში კი დაახლოებით 3 წუთი მოანდომა თურქ იუნეს ემრე დედესთან მორიგ წმინდა წარმატებას: ისევ 10:0.
ერთადერთი შეხვედრა, სადაც ვადამდე ვერ იმარჯვა, ფინალია, თუმცა უკრაინელ დანილო კარტავის წარმატების მცირე შანსიც არ დაუტოვა და 9:4 აჯობა.
მწითურმა სადულაევი დააგდო
ჩემპიონობამდე ერთი მოგება დააკლდა მწითურს, თუმცა ეს საპატიო წაგებაა - ფინალში ხომ მეტოქედ "რუსულ ტანკად" წოდებული და ლამის შეუჩერებელი დაღესტნელი აბდულრაშიდ სადულაევი ჰყავდა, მსოფლიოსა და ევროპის ბოლო ორი პირველობის გამარჯვებული. მწითურის სასარგებლოდ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დაუმარცხებელ მეტოქეს არ შეუშინდა და ერთხელ კისრულით მშვენიერ 4-ქულიანზე გადმოიღო, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს და სადულაევმა 15:4 მოიგო.
მწითურმა წინასწარ ორთაბრძოლებში სლოვაკ მიხაელ ბოდნარს 11:0, ბულგარელ ეველინ რუსევს 7:0, თურქ კადირ იაზიჩს კი 5:4 მოუგო.
ბრინჯაოს სამეული
ფარტენაძე ნახევარფინალში 1:6 დამარცხდა რუს იმამ აჯიევთან, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი მოლდოველ მიხაილ ესანუს 8:0 მოუგო. ბუზიაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა აზერბაიჯანელთა მომავალ ვიცე-ჩემპიონ ჰაჯიმურად ომაროვთან - 2:4, სანუგეშოში კი მოლდოველ ნიკოლაი ჩირეაკოვს 5:1, ხოლო უკრაინელ ვასილ მიხაილოვს 8:0 მოუგო.
მაჭარაშვილმა პირველ წრეში თურქი სულეიმან მუსტაფა კარადენიზი კი ჩამოიშორა (4:2), მაგრამ პოლონელ მათეუშ ფილიპჟაკთან 3:4 წააგო და მოგვიანებით დამამშვიდებელში გადავიდა, სადაც რუმინელ ვასილე ვლად კარასს 6:5, კვიპროსელ ალექსიოს კაუსილიდისს კი 10:6 მოუგო.
ბრინჯაოს მოპოვების შანსი დაკარგა ტარიელ გაფრინდაშვილმა (74), რომელმაც დამამშვიდებლის ფინალი ბელორუსის სახელით მოასპარეზე რომან ჩიტაძესთან 14:16 წააგო. ეს ორთაბრძოლა ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის საიტმა დღის საუკეთესო შეხვედრად კი მონათლა, მაგრამ გვერჩივნა, გაფრინდაშვილს მოეგო...
თავისუფალი ჭიდაობა. ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატი. კვარცხლბეკი
57 კგ
1. მირჯალალ ჰასან-ზადა (აზერბაიჯანი), 2. ბარის კაია (თურქეთი), 3. ივან ზამფიროვი (მოლდოვა), იბრაგიმ ილიასოვი (რუსეთი), 8. თეიმურაზ ვანიშვილი (საქართველო)
61 კგ
1. იმამ აჯიევი (რუსეთი), 2. დიმიტარ ლიუბომირ ივანოვი (ბულგარეთი), 3. შოთა ფარტენაძე (საქართველო), ზელიმხან ვალიევი (აზერბაიჯანი)
65 კგ
1. მურად ნუხკადიევი (რუსეთი), 2. სურკო რაშიტხანაუ (ბელარუსი), 3. ალექსანდერ სემისოროვი (გერმანია), მუსტაფა ზოპალი (თურქეთი), 9. ივერიკო ჯულაყიძე (საქართველო)
70 კგ
1. რასულ არსანალიევი (რუსეთი), 2. ჰაჯიმურად ომაროვი (აზერბაიჯანი), 3. დავით ბუზიაშვილი (საქართველო), მუჰამედ აკდენიზი (თურქეთი)
74 კგ
1. მუხამედ ნური კოტანოღლუ (თურქეთი), 2. მურად სულეიმანოვი (აზერბაიჯანი), 3. ალექსეი შჩერბაკი (უკრაინა), რომან ჩიტაძე (ბელორუსი), 5. ტარიელ გაფრინდაშვილი (საქართველო)
86 კგ
1. აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი), 2. ირაკლი მწითური (საქართველო), 3. ალექსანდრ ჰუშტინი (ბელორუსი), კადირ იაზიჩი (თურქეთი)
97 კგ
1. მაგომედ გაჯიევი (აზერბაიჯანი), 2. მათეუშ ფილიპჟაკი (პოლონეთი), 3. გივი მაჭარაშვილი (საქართველო), ზაინულა ყურბანოვი (რუსეთი)
125 კგ
1. გენო პეტრიაშვილი (საქართველო), 2. დანილო კარტავი (უკრაინა), 3. ვიტალი გოლოევი (რუსეთი), იუნეს ემრე დედე (თურქეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჭიდაობა. ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი: ქართული ტრიუმფი რუსეში