ევრო 2016. 1/8-ფინალი. იტალია-ესპანეთი: ვენდეტა იტალიურად [VIDEO]

AutoSharing Option
* ტიაგო მოტა 1/4-ფინალს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
* ესპანეთის ნაკრებმა 10 წლის განმავლობაში პირველი გოლი გაუშვა დიდი ტურნირების პლეი ოფში.
* ბოლოს ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში 16 წლის წინათ დათმო - ევრო 2000-ზე საფრანგეთთან 1:2 წააგო.
* რვაწლიანი პაუზის მერე ევროპას ახალი ჩემპიონი ეყოლება.
* ემანუელე ჯაკერინიმ ამ ჩემპიონატზე 90 წუთში ყველაზე მეტი მანძილი დაფარა - 12.97 კმ.

გიგანტების ჯახმა აშკარად გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი - ვიხილეთ ძალიან დაძაბული, საინტერესო და დრამატული შეხვედრა, რომელშიც გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც ეს თამაშით
ეკუთვნოდა. იტალიის ნაკრებმა აშკარად დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალურ ეტაპზე.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
ანტონიო კონტემ, ტრადიციულად, 3-5-2 ტაქტიკა აირჩია, რომელსაც იგივე წარმატებით 5-3-2-იც შეგვიძლია ვუწოდოთ. კონტეს ანტონიო კანდრევას სახით საკვანძო ფეხბურთელი აკლდა, მისი ადგილი კი ალესანდრო ფლორენციმ დაიკავა. შესაბამისად, მარცხენა ფლანგზე მატია დე შილიო მოქმედებდა, რომელიც მწვრთნელს საფრანგეთში სათადარიგო ფეხბურთელად ჰყავს ჩაყვანილი, თუმცა კანდრევას ტრავმამ მას ძირითადისკენ გაუხსნა გზა.

საყრდენი ხაზი მარკო პაროლომ, დანიელე დე როსიმ და ემანუელე ჯაკერინიმ გაამაგრეს, წინ კი ედერი და პელე ვიხილეთ. იყო ვარაუდი, რომ მარცხენა ფლანგზე კონტე სტეფან ელ შაარავის დააყენებდა და ამით შეტევას გააძლიერებდა, მაგრამ იტალიელთა თავკაცმა სიფრთხილე არჩია და არც წააგო.

ნაცად ტაქტიკას არც ვისენტე დელ ბოსკემ უღალატა და იტალიას 4-3-3 სქემა დაუპირისპირა. ტრადიციულად, ნახევარდაცვაში ბუსკეტსი, ინიესტა და ფაბრეგასი ვიხილეთ, შეტევაში კი - ნოლიტო, სილვა და მორატა. ბუნებრივია, დაცვის ცენტრს პიკე და რამოსი ამაგრებდნენ.

გოლები
1:0 - მატჩის 33-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც იტალიელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ბურთთან ედერი მივიდა და უძლიერესად დაარტყა, მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთზე კი ემანუელე ჯაკერინი და ჯორჯო კიელინი მიცვივდნენ, გოლი კი ამ უკანასკნელმა, პრაქტიკულად, დაუცველ კარში შეაგდო.

2:0 - მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა, როდესაც იტალიელებმა ესპანეთი კონტრშეტევაზე დაიჭირეს. ლორენცო ინსინიეს ბრწყინვალე პასის შემდეგ "აძურას" იერიში მარჯვენა ფრთიდან განვითარდა, საბოლოოდ კი ბურთი გრაციანო პელეს მიუვიდა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით დალაშქრა დავიდ დე ხეას კარი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ანტონიო კონტე (იტალია): "ვიცოდი, რომ ამ ბიჭებს ჰქონდათ რაღაც განსაკუთრებული და ამ ევროპის ჩემპიონატზე ეს მტკიცდება. რთული მატჩი იყო, რომელშიც უდიდესი გამარჯვება მოვიპოვეთ და ამ მომენტით უნდა დავტკბეთ. დროა, ძალების აღდგენაზე ვიზრუნოთ, რადგან წინ გერმანიასთან უმძიმესი მატჩია, ალბათ, კიდევ უფრო მძიმე, ვიდრე განვლილი.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კატენაჩო მარტო დაცვა არაა და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ იტალიას არავისზე ნაკლებად შეუძლია შეტევა. ჩავიმ თქვა, რომ იტალიის ნაკრები "ბარსელონას" და "ატლეტიკოს" მიქსია. ერკვევა ეგ კაცი ფეხბურთში".

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "უნდა შევეგუოთ შედეგს, რადგან დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. პირველ ტაიმში აშკარად გვაჯობა მეტოქემ, მეორეში კი მკვეთრად მოვუმატეთ და გატანაც შეგვეძლო, მაგრამ იღბალი იტალიის ნაკრების მხარეს იყო. ანტონიო კონტეს ფეხბურთელებმა იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე და მთლიანობაში, ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება დატოვეს. ჯერ არ მიმიღია ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება და ამ საკითხს უახლოეს დღეებში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებთან შეხვედრაზე გადავწყვეტ".

მატჩის გმირი
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ნებისმიერი იტალიელი შეგვიძლია ვაღიაროთ, მათთან ერთად კი ესპანელთა მეკარე დავიდ დე ხეა უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან და რომ არა ის, იტალია პირველივე ტაიმში მოამთავრებდა საქმეს.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჯანლუიჯი ბუფონზე, რომელმაც საჭირო მომენტში ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და ორჯერ გადაარჩინა იტალია გაშვებული გოლისგან. და მაინც, საუკეთესოდ გრაციანო პელე უნდა ვაღიაროთ, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია და ბოლოს ეს შრომა გოლითაც დაუფასდა. პელემ, პრაქტიკულად, ყველა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ეს მაშინ, როდესაც პიკესთან და რამოსთან უწევდა ჭიდილი.

მსაჯი
მატჩს თურქი არბიტრი ჯუნეით ჩაქირი ემსახურებოდა, რომელსაც ძალიან რთული მისია ერგო და მთლიანობაში, კარგად გაართვა თავი მოვალეობას. იყო რამდენიმე საკამათო ეპიზოდი და ორი-სამი შეცდომაც, მაგრამ ამას თამაშის მსვლელობასა და შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. მთავარიც ესაა.

ანალიზი
კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ იტალიის ნაკრებმა აშკარად დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებულად გაიმარჯვა. "სკუადრა აძურამ" სათამაშო უპირატესობით წარმართა შეხვედრა და უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოგება.

მარტო პირველ ტაიმში, იტალიელებს 3-4 რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ დე ხეა იყო შეუდარებელი. ესპანელთა გოლკიპერმა გატანა პელეს, ჯაკერინისა და ედერს არ დაანება - არადა, სამივე შემთხვევაში, თითქოს, გოლი გარდაუვალი ჩანდა.

მეორე ტაიმის პირველი ნახევარი ანალოგიური სცენარით წარიმართა. აი, ბოლო 20 წუთში კი ესპანელებმა იგდეს ხელთ უპირატესობა, ბურთს დაეუფლნენ და მათი შეტევებიც უფრო სახიფათო გახდა. აქ შეიქმნა მომენტები და აქ გამოაჩინა ბუფონმა, რომ დღემდე, 38 წლის ასაკშიც მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა - განსაკუთრებით, პიკეს ეპიზოდია გამოსარჩევი, როდესაც ჯიჯიმ ესპანელთა მცველს 3-4 მეტრიდან არ მისცა გატანის საშუალება. საბოლოოდ, იტალიამ მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა და მეორე გოლი შეუგდო.

იტალიამ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა მოედანზე და ამ საქმეს იდეალურად გაართვა თავი. ანტონიო კონტეს შეგირდებმა, პრაქტიკულად, უნაკლოდ ითამაშეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან. პირველად ასეთი განცდა ბელგიასთან მატჩის შემდეგ გაჩნდა, ესპანეთთან კი გამყარდა.

იტალიის ნაკრები იყო იდეალურად ორგანიზებული გუნდი, რომლის ფეხბურთელებმა ბრმად იცოდნენ, თუ სად უნდა მოენახათ თანაგუნდელები და მათ 3-4 პასი სჭირდებოდათ იმისთვის, რომ მეტოქის კარზე ხიფათი მიეტანათ. იტალიის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი და მთლიანად გუნდი, შეუდარებელი იყო.

რა შეგვიძლია ვთქვათ ესპანეთის ნაკრებზე? - ეს გუნდი უმაღლესი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ბუნებრივია, რომ ერთ კონკრეტულ შეხვედრაში შეუძლია, რომ უბრალოდ, გააცამტვეროს მეტოქე, როგორც ეს თურქეთთან პაექრობაში მოხდა.

თუმცა, ჯერ კიდეც 2014 წლის მუნდიალიდან მოყოლებული, პირენეელებს ეს ფეერიული თამაში მხოლოდ იმ გუნდებთან გამოსდით, რომლებიც უხსნიან თამაშს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ფურია როხა" იჩრდილება, მონოტონური, ზანტი და მოუქნელი ხდება. ესპანეთის ნაკრებში მწვრთნელი ბრაზილიური მუნდიალის შემდეგ უნდა შეცვლილიყო...

დასკვნა
ევროპის ჩემპიონატის წინ "სკუადრა აძურა", პრაქტიკულად, ყველამ ჩამოწერა და ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ასეთი სუსტი გუნდი იტალიას არასდროს ჰყოლია. იტალიის ჩამოწერა, უბრალოდ, არ შეიძლება! არ შეიძლება!

whoscored.com-ის ტოპ-5
ჯორჯო კიელინი იტა. 8,1
ჯანლუიჯი ბუფონი იტა. 7,8
გრაციანო პელე იტა. 7,7
ლეონარდო ბონუჩი იტა. 7,4
მატია დე შილიო იტა. 7,4

27 ივნისი. სენ დენი. "სტად დე ფრანსი"
იტალია-ესპანეთი 2:0
გოლები: 1:0 კიელინი (33. ჯაკერინი), 2:0 პელე (90. დარმიანი)
იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ფლორენცი (84. დარმიანი), პაროლო, დე როსი (54. მოტა), ჯაკერინი, დე შილიო - ედერი (82. ინსინიე), პელე
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ხუანფრანი, პიკე, ს. რამოსი, ალბა - ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ინიესტა - სილვა, ნოლიტო (46. ადურისი (81. პედრო)), მორატა (70. ლ. ვასკესი)
გაფრთხილება: დე შილიო, პელე, მოტა - სილვა, ბუსკეტსი, ნოლიტო
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9-11 (7-5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 76 165

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იტალიას ქება და ქება როგოც ხედავთ ფეხბურთი თანაბრდება მესის დონის ალბათ კიდევ რამდენიმე წელი აღარ იქნება ფეხბურთში არც ინიესტას და ბევრის კიდე ეს მომენტი უნდა გამოიყენოს დაბალი დონი ქვეყნებმა საქართველომაც თავი არ უნდა დაზოგოს
sioni
12:17 28-06-2016
0
ბრავო კონტეს,აი ასეთი ადამიანებისგან უნდა ვისწავლოთ ფეღბურთის თამაში,თან კიდევ ის რომ მას სამი სერიოზული ფეღბურთელი აკლია,
დათა
11:38 28-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული