ლა ლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ვილიარეალი" და ოქროს მედლებს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დაეუფლა.
ჩემპიონობა პირველმა "რეალს" "ბარსელონამ" მიულოცა
ვერ ვიტყვით, რომ "სამეფო გუნდი" შთამბეჭდავად თამაშობდა, მაგრამ მისი კლასი მუდამ იგრძნობოდა, ძალიან სტაბილური გახლდათ და სეზონის რესტარტის შემდეგ ათივე მატჩში გამარჯვება იზეიმა.
საინტერესო მომენტი მოხდა მეორე ტაიმში, როდესაც სერხიო რამოსმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, ბურთი ბენზემას გაუთამაშა და მან გაიტანა, მაგრამ საჯარიმოში ადრე შეირბინა და მსაჯმა პენალტი ხელახლა დაარტყმევინა. ამჯერად თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ბენზემა მივიდა და დუბლი
შეასრულა. მან ამ სეზონში ჩემპიონატზე 21 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირ მესის 2 გოლით ჩამორჩება.
"ბლანკოსს" უკანასკნელ 5 მატჩში მსაჯებმა 4 პენალტი დაუნიშნეს.
მადრიდულმა გუნდმა 91-ე ტროფეი მოიგო და "ბარსელონას" დაეწია - 11 მათგანი ზიდანის ხელმძღვანელობით მოიგო.
რეალი - ვილიარეალი 2:1
გოლები: 1:0 ბენზემა (29), 2:0 ბენზემა (78, პენ), 2:1 იბორა (83)
"ბარსელონა" კი სახლში მოულოდნელად დამარცხდა "ოსასუნასთან", რომელიც შეცვლაზე შესული გალიეგოს პირდაპირი წითელი ბარათით გაძევების გამო 75-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.
მესიმ პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე საჯარიმოდან მეხუთედ გაიტანა გოლი და ამ მაჩვენებლით ტოპ 5 ჩემპიონატის ლიდერია. მან ამ სეზონში თავისი გუნდის მიერ ყველა ტურნირზე 48 შეხვედრაში გატანილი 100 გოლიდან 51-ში მიიღო მონაწილეობა - 28 გოლი და 23 საგოლე გადაცემა.
"ბარსა" სახლში უკანასკნელად 2018 წლის ნოემბერში დამარცხდა - "ბეტისთან", რომელსაც მაშინ სეტიენი ედგა სათავეში.
ბარსელონა - ოსასუნა 1:2
გოლები: 0:1 არნაისი (16), 1:1 მესი (62), 1:2 რობერტო ტორესი (90+4)
გაძევება: გალიეგო (75)