ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. C ჯგუფი: იბრაჰიმოვიჩის პოკერი [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. C ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 3 3 0 0 12-1 9
2. ოლიმპიაკოსი 3 1 1 1 5-5 4
3. ბენფიკა 3 1 1 1 3-4 4
4. ანდერლეხტი 3 0 0 3 0-10 0

როგორც მოსალოდნელი იყო, "პარი სენ-ჟერმენმა" "ანდერლეხტს" მოუგო, თუმცა ასეთი ანგარიში ნამდვილად გაკვირვებას იწვევს.

სტუმრებმა შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 36-ე წუთზე ჰეთ თრიქი გაიფორმა, მოგვიანებით კი მეოთხე გოლიც გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა სულ მე-10 ფეხბურთელი, ვინც პოკერი შეასრულა.

განსაკუთრებით აღსანიშნავი შვედის მე-2 და მე-3 გოლები იყო. 22-ე წუთზე იბრამ ქუსლით შეაგდო და აქვე შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის
ჩემპიონატის ბოლო ტურში ფორვარდმა "ბასტიას" ასევე ქუსლით გაუტანა. მესამე გოლი კი მატჩის მშვენება გამოდგა - პსჟ-ის ლიდერმა შორიდან დაარტყა და "ანდერლეხტის" სარეზერვო გოლკიპერ კამინსკის ბურთი "ცხრიანში" ჩაუსვა.

ორი საგოლე პასით გამოიჩინა თავი გრეგორი ვან დერ ვილმა, ტიაგო მოტამ კი ამ სეზონში უკვე მესამე საგოლე გადაცემა მიითვალა.

იბრას გარდა, პარიზელების კიდევ ერთი გოლი ედინსონ კავანიმ გაიტანა. საბოლოოდ, 0:5 და პსჟ-მ არა მარტო მერვედფინალისკენ, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისკენაც გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა.

ამ გამარჯვებით პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგაში დაუმარცხებელი სერია 11 მატჩამდე გაზარდეს, რაც საკლუბო რეკორდი გახლავთ.

"ანდერლეხტის" უიღბლობა კი გრძელდება - ბრიუსელელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ბოლო 28 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 20 წააგეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ანდერლეხტი-პსჟ 0:5
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (17), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (22), 0:3 იბრაჰიმოვიჩი (36), 0:4 კავანი (51), 0:5 იბრაჰიმოვიჩი (65)
ანდერლეხტი (4-2-3-1): კამინსკი - მბემბა, კუიატე, ნუიტინკი, ნსაკალა - ტილემანსი, კლიესტანი - ჟილე, პრეტი (72. მილივოიევიჩი), მ. სუარესი (46. აჩეამპონგი) - მიტროვიჩი (72. სირიაკი)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი (55. ზ. კამარა), მარკინიოსი, მაქსველი - ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი (63. რაბიო) - კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი (71. ლუკას მოურა)
გაფრთხილება: ნსაკალა
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 16-14 (11-12); ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 18 465

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ლორან ბლანი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია

* * *
"ანდერლეხტის" ბედოვლათობიდან გამომდინარე, "ბენფიკას" და "ოლიმპიაკოსის" დაპირისპირება, პრაქტიკულად, მეორე ადგილისთვის შეხვედრა იყო.

ბერძნები სამ ქულასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ სტუმრებმა ბოლომდე ვერ გაძლეს და ქულას დასჯერდნენ, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე, ფრე "ოლიმპიაკოსისთვის" ცუდი შედეგი ნამდვილად არაა.

ანგარიში 29-ე წუთზე ალეხანდრო დომინგესმა გახსნა, რომელმაც კოსტას მიტროღლუს პასი გამოიყენა. მიტროღლუს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 9 შეხვედრაში 8 გოლი ჰქონდა გატანილი.

ბერძენმა ფორვარდმა ამ შეხვედრაშიც გაიტანა, თუმცა არბიტრებმა საეჭვო თამაშგარე დააფიქსირეს. შედეგად, ამ მომენტიდან ზუსტად ერთ წუთში ბურთი რობერტო ხიმენესის კარში აღმოჩნდა - ოსკარ კარდოსომ სტუმართა გოლკიპერის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

საინტერესოა, რომ "ოლიმპიაკოსს" ჩემპიონთა ლიგის მატჩი ფრედ 2009 წლის შემდეგ არ ჰქონდა დასრულებული ("ალკმაართან" 0:0). ბერძნების უკომპრომისო სერია 17 მატჩის განმავლობაში (8 მოგება, 9 წაგება) გრძელდებოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ბენფიკა-ოლიმპიაკოსი 1:1
გოლები: 0:1 ა. დომინგესი (29), 1:1 ო. კარდოსო (83)
ბენფიკა (4-3-3): არტური - ანდრე ალმეიდა, ლუიზაო, გარაი, სიკეირა - ე. პერესი (82. რუბენ ამორიმი), მატიჩი, გაიტანი (82. როდრიგო) - ლიმა, ჯონი (46. ივან კავალეირო), ო. კარდოსო
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): რობერტო - ლეანდრო სალინო, მანოლასი, სიოვასი, ჰოლებასი - მანიატისი, სამარისი - დ. ფუსტერი (69. იატაბარე), ა. დომინგესი (88. მეჯანი), ვაისი (56. ნდინგა) - მიტროღლუ
გაფრთხილება: ე. პერესი, გაიტანი - დ. ფუსტერი, ვაისი, მიტროღლუ
კუთხური: 7-0; ჯარიმა: 25-16; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 8-10 (4-7); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 37 000

მომდევნო ტური
5 ნოემბერი:
პსჟ-ანდერლეხტი, ოლიმპიაკოსი-ბენფიკა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული