"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.
რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.
ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
ნაწილი I:
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ახალი სეზონისთვის "აიაქსმა" რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა: იტალიური "ინტერიდან" - აარონ ვინტერი, "ჩელსიდან" - ბრაიან ლაუდრუპი, "შტუტგარტიდან" - ფრენკ ფერლაატი. წლის მთავარი შენაძენი კი, ოქროს ბუცის მფლობელი, ნიკოს მახლასი გახლდათ. ჩემდა სამწუხაროდ, გიომ "აიაქსი" დატოვა!..
ვარჯიშებზე ვატყობდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. პიმ ვან დოტის რჩევით, ექიმ ვან დაიკთან მივედი და ოპერაცია გავიკეთე.
ყველაფერმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. ოპერაციის შემდეგ, ექიმთან საუბრისას გაირკვა, რომ გამოსაჯანმრთელებლად ექვსი-შვიდი კვირა დამჭირდებოდა. სამწუხაროდ, ეს პროგნოზი არ გამართლდა და ტკივილები კიდევ დიდხანს გამიგრძელდა.
"აიაქსს" ეს სეზონიც ჩაუვარდა. მახლასმა, რომელზეც ყველა დიდ იმედებს ამყარებდა, მძიმე ტრავმა მიიღო და ჩემსავით თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. "აიაქსი", თავის 100 წლის საიუბილეო მატჩზე, საკუთარ მინდორზე "ტვენტესთან" დამარცხდა, უეფასაც ნაადრევად გამოეთიშა და ჩემპიონობის არავითარი შანსი აღარ ჰქონდა. ამას ვოუტერსის განთავისუფლება მოჰყვა და მის მაგივრად, დროებით, ვესტერფელდი დაინიშნა.
ისეთი განადგურებული ვიყავი, არ მეგონა, თუ ოდესმე კიდევ ვითამაშებდი. "აიაქსის" ექიმები და განსაკუთრებით პიმი, ყველაფერს აკეთებდნენ, ყოველდღე მამხნევებდნენ და მარწმუნებდნენ, რომ აუცილებლად ვითამაშებდი.
ერთ მშვენიერ დღეს ვესტერფელდმა სასაუბროდ თავისთან მიხმო. გამომკითხა, როგორ ვგრძნობდი თავს და მირჩია, რამდენიმე წუთი მეთამაშა. მითხრა, თამაში სტიმულს მოგცემსო. სტადიონი, მინდორი, მაყურებელი, ყველა ერთად დაგეხმარებაო. მასთან ლაპარაკის შემდეგ გადაწყდა, რომ მომდევნო მატჩში სათადარიგოთა სკამზე დავჯდებოდი. სახლში მოსულმა მაშინვე კიჭას დავურეკე და ვახარე. მეორე დღესვე ბილეთი აიღო და ამსტერდამში გადმოფრინდა. ამ დღეს დიდხანს ელოდა, ვერ მოვითმენდი, რომ არ ჩამოვსულიყავიო.
თამაშის წინა ღამეს ტელევიზორს ვუყურებდი, რუდ ვან ნისტელროიმ ვარჯიშზე ჯვარედინა იოგი გაიწყვიტაო. მერე რონალდოს ეპიზოდი აჩვენეს, "იუვენტუსსთან" რომ საშინელი ტრავმა მიიღო... გადავირიე, ვიფიქრე, ღმერთი რამე ნიშანს ხომ არ მაძლევს, ხომ არ ვჩქარობ-მეთქი... თუმცა ღამე მშვიდად მეძინა და სათამაშოდაც განვეწყვე.
ვესტერფელდმა ოცი წუთი მათამაშა. არენამ კარგად მიმიღო და მეც სახლში უზომოდ ბედნიერი დავბრუნდი. ამ ოცმა წუთმა გამამხნევა, რწმენა მომცა, რომ კიდევ ვითამაშებდი და ძალების მოკრება შევძელი. შემდეგ მატჩში - "აზეტთან" ორი გოლი გავიტანე! 4:1-ით გავიმარჯვეთ და მეც, რომ იტყვიან, დიდი ფსიქოლოგიური სირთულე გადავლახე. დანარჩენი უკვე დროის ამბავი იყო. ფიზიკურად მოძლავრება და ფორმაში შესვლა, რისთვისაც შრომა და ვარჯიშია საჭირო, ერთი სიამოვნებაა... დარჩენილი თამაშები მეტი ენთუზიაზმით ჩავატარე.
როგორც ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, "აიაქსმა" არც ამჯერად დაარღვია ტრადიცია და კომერციული ტურნე ჩინეთში ჩაატარა.
ჩინეთი დიდი ტრადიციებისა და უძველესი კულტურის ქვეყანაა, მაგრამ ცოტა ხანია, რაც ფეხბურთს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი, თუმცა გარკვეულ შედეგებს უკვე მიაღწიეს.
"აიაქსს" ჩინეთში ორი საკონტროლო თამაში და სულ რამდენიმე ვარჯიში ჰქონდა ჩასატარებელი. ამ ვარჯიშებზე ფეხმა მთლიანად გამიშვა, ტკივილი თითქოს სადღაც გაქრა... ვარჯიშებზე ლაღად და დიდი მონდომებით მივდიოდი. ბევრს უკვირდა, რადგან სეზონი დამთავრებული იყო და ვარჯიში ყველას ეზარებოდა.
პირველ მატჩზე პეკინის ეროვნული სტადიონი, რომელიც ასი ათას კაცს იტევს, სანახევროდ გაივსო და თამაში ფრედ - 1:1 დამთავრდა. ეს ამხანაგური თამაში იყო. მატჩის შემდეგ პენალტებიც დავარტყით და გავიმარჯვეთ. მეორე მატჩი ქალაქ ჩონ-ცინში გაიმართა. გვითხრეს, "პატარა ქალაქია", სულ რაღაც შვიდი მილიონი ცხოვრობსო... სტადიონი გაივსო. პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს ვიგებდით, როცა ჩვენს სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. რიჩარდ ვიჩგემ და დანიმ გადაწყვიტეს, ორიგინალურად დაერტყათ. ამიტომ პენალტი გაითამაშეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს.
ამის შემდეგ ჩინელებმა სამი გოლი გაგვიტანეს და 3:2-ით დავმარცხდით. მატჩის შემდეგ ვესტერფელდმა რიჩარდს ჰკითხა - რატომ მოგინდა ასე ორიგინალურად პენალტის შესრულებაო, რაზეც მან უპასუხა - ერთი მილიარდი ადამიანი მიყურებდა და მინდოდა, თავი რაიმეთი გამომეჩინა, ჩვეულებრივი პენალტი ხომ აღარავის უკვირსო.
ჩინეთის შემდეგ თბილისში დავბრუნდი და შვებულება ჩვეულებისამებრ გავატარე.
ვიცოდი, რომ ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ "აიაქსს" წარმატებული სეზონი უნდა ჩაეტარებინა. ამისთვის კლუბის ხელმძღვანელობა ყველა ზომას ხმარობდა. პირველი, რაც გაკეთდა, "აიაქსში" გამოცდილი მწვრთნელი, კო ადრიანსე მოიყვანეს, რომელიც თავისი დისციპლინით გამოირჩეოდა. ბევრი მას ხასიათით ლუის ვან გაალსაც კი ადარებდა.
მოკლედ, ყველანი დიდი მონდომებით შევხვდით ახალ სეზონს.
გაგრძელება იქნება