იტალიის თასი. 1/8-ფინალი: პერეამ "ლაციოს" მოაგებინა

AutoSharing Option
იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპი 16 იანვარს გასამართი სამი მატჩით დასრულდება, 15 იანვარს კი მეოთხედფინალის საგზური კიდევ ერთმა გუნდმა მოიპოვა. "სტადიო ოლიმპიკოზე" სერია A-ს გუნდების ჯახი შედგა, "ლაციომ" "პარმას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა, 2:1.

რომაელთა თავკაცმა ედუარდო რეიამ შემადგენლობაში არაერთი ცვლილება მოახდინა, ყველაზე მეტად კი ბრაიან პერეამ გაუმართლა - ახალგაზრდა კოლუმბიელმა ფორვარდმა ბრწყინვალედ ითამაშა და ორი გოლი შეუგდო მეტოქეს. 25-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც პერეამ გახსნა ანგარიში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი კიდევ ერთხელ გამოირჩა და მატჩის საბოლოო შედეგი
დააფიქსირა.

იქამდე ერთი გოლი "პარმამაც" შეაგდო, ჯონათან ბიაბიანიმ იხეირა და შედეგად, შეხვედრა უკიდურესად დაძაბული გამოვიდა. ამრიგად, იტალიის თასის მოქმედმა მფლობელმა მომდევნო ეტაპზე გააღწია და სადაც აქამდე მივიდა, ტროფეის მოგებასაც შეეცდება. მით უმეტეს, "ლაციოს" სერია A-ში უჭირს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეიას გუნდმა ევროსაგზური ჩემპიონატიდან მოიპოვოს.

ნამატჩევს, რეიამ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება:

"თასი ჩვენი შანსია, რომ ევროსაგზური მოვიპოვოთ და შესაბამისად, თავი არ დაგვიზოგავს. მატჩის დიდი ნაწილი ვდომინირებდით და გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ. პერეა შესანიშნავი ფორვარდია, დასწრებაზე კარგად თამაშობს და არც ტექნიკა დაეწუნება. მას ხშირად მიეცემა თამაშის საშუალება"
.

ბოლოს, დავძინოთ, რომ "ლაციომდე" მეოთხედფინალური ეტაპის საგზური ოთხმა გუნდმა მოიპოვა: "იუვენტუსმა", "ფიორენტინამ", "რომამ" და "უდინეზემ". 16 იანვარს კიდევ სამი პაექრობაა: "კატანია"-"სიენა", "მილანი"-"სპეცია", "ნაპოლი"-"ატალანტა".

ლაციო-პარმა 2:1
გოლები: 1:0 პერეა (25), 1:1 ბიაბიანი (43), 2:1 პერეა (90).
ლაციო (4-5-1): ბერიშა - კონკო, სიანი, ნოვარეტი (76. დიასი), რადუ (56. კავანდა) - ბილია, ონაზი, ანდერსონი, ედერსონი (67. კანდრევა), კეიტა - პერეა.
პარმა (4-3-3): ბაიჯა - კასანი, პალეტა, ფელიპე, გობი - გარგანო, პაროლო, მარკიონი - კასანო, ბიაბიანი (66. პალადინო), სანსონე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული