არმაზი-ყოჩები 17:30 - "ყოჩები" ისევ დაუმარცხებელია

AutoSharing Option
ბოლნისის "ყოჩები" ისევ დაუმარცხებელია. საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის მატჩში ბოლნისელები თბილისის "არმაზს" დაუპირისპირდნენ და საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში 30:17 მოუგეს.

თბილისის "არმაზი" ამ მარცხის შემდეგ სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა, თუმცა თადარიგში ორი გამოტოვებული მატჩი აქვს და წარმატების შემთხვევაში საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. ცხადია, არმაზელები წარმატების მისაღწევად გათამაშების ლიდერთანაც ბევრს ეცადნენ, მაგრამ...

არადა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ ამ გუნდის კონტინგენტს გადავხედავთ, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა იყოს. "არმაზის" შემადგენლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე მორაგბე ირჯება; აქვეა ეროვნული ნაკრების კაპიტანი
ირაკლი მაჩხანელი; ასევე, გუნდის უცვლელი ლიდერი, სული და გული გიორგი სოსელია. მიუხედავად ამისა, "არმაზი", როგორც უკვე ვთქვით, ბოლოსწინა ადგილზეა.

"ყოჩები", როგორც სჩვევია, თავიდანვე შეტევაზე გადავიდა და მალე მგეზავმა თემურ სოხაძემ საჯარიმოთი ანგარიში გახსნა - 3:0. "არმაზი" ვალში არ დარჩა და მე-14 წუთზე შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა. მათ მეტოქის ლელოდან ათ მეტრში დერეფანში აგდებული ბურთი სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს, ოდნავ წინ დაიძრნენ. მერე თამაში რაკში გადავიდა.

იქიდან გამოსული ბურთი ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა, სადაც მგეზავმა რეზო ბროძელმა გარემარბი მურაზ გიორგაძე ჯვარზე შეიყვანა. მისი შეჩერება "ყოჩებმა" ვერ შეძლო და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მორაგბემ ლელო მიითვალა. საბა ნიკოლავამ გარდასახვა ხელსაყრელი პოზიციიდან გაიტანა - 7:3.

პასუხი არც "ყოჩებს" დაუხანებია. ხუთ წუთში აუტიდან აგორებულ მოლს რამდენიმე მოკლე დარტყმა მოჰყვა. "არმაზი" დრომდე თავს წარმატებით იცავდა, თუმცა მეორეხაზელის, მიხეილ არჩუაშვილის შეჩერება ვერავინ შეძლო. სოხაძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:7. ოთხ წუთში მანვე საჯარიმოც გაიტანა და თავისიანები ექვსი ქულით დააწინაურა - 13:7.

ტაიმის მიწურულისკენ "ყოჩების" უპირატესობა თვალნათელი გახდა. შესვენებამდე სამი წუთით ადრე ბოლნისელებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღეს, მაგრამ რადგან მეტოქის ჩათვლის მოედანთან ახლოს იყვნენ, შერკინება მოითხოვეს. არმაზელები ისევ დაჯარიმდნენ. "ყოჩებმა" ამჯერად საჯარიმო სწრაფად გაათამაშა და მესამეხაზელმა ჯაბა კიკვიძემ კიდევ ერთი ლელო გაიტანა. სოხაძემ ესეც გარდასახა - 20:7. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "არმაზი" უკეთ ათამაშდა. ეს გასაგებიცაა, მას უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, როცა 50-ე წუთზე სოხაძემ საჯარიმო გაიტანა და "ყოჩები" 16 ქულით დააწინაურა - 23:7.

ერთი შეხედვით, ამოდენა სხვაობის აღმოფხვრა ურთულესი საქმეა, თუმცა ამას არმაზელები არ შეუშინებია. პირიქით, 66-ე წუთზე ისევ აუტიდან წამოწყებული კომბინაცია გამოდგა შედეგიანი.

მორკინალთა რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ ბოლნისელთა ლელოში პირველხაზელი თორნიკე ჯიბლაძე შეიჭრა. გარდასახვა ამჯერად მგეზავმა რეზო ბროძელმა დაარტყა ზუსტად - 14:23.

"არმაზი" მატჩის გადარჩენისთვის ბრძოლას განაგრძობდა და 71-ე წუთზე ბროძელის საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა ექვს ქულამდე შეამცირა - 17:23. თამაშის მოსაგებად თბილისურ გუნდს ერთი გარდასახული ლელოღა სჭირდებოდა.

საამისოდ 77-ე წუთზე არმაზელებმა იერიში მოედნის საკუთარი ნახევრიდან წამოიწყეს, მაგრამ მოედნის ცენტრში ბურთი წინ გაუვარდათ. ის "ყოჩების" გარემარბმა ირაკლი გეგენავამ აიტაცა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა. სოხაძემ ესეც გარდასახა - 30:17. ეს, ცხადია, უკვე გამარჯვება იყო.

დარჩენილ სამ წუთში "არმაზი" ისევ შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ უშედეგოდ.

საქართველოს ჩემპიონატი. X ტური
არმაზი-ყოჩები 17:30
არმაზი (15-9) ნიკოლავა (კოდუა 70), სირაძე (პინაშვილი 64), ლიპარტელიანი, გიორგაძე, ბროძელი, ლობჟანიძე. (1-8) ჯიბლაძე, ჩომახაშვილი, ბუკია (ცხადაძე 55), კანდელაკი, მარგველანი, გიგაური, მინაშვილი, სოსელია.
2ლ: გიორგაძე, ჯიბლაძე. 2გ: ნიკოლავა, ბროძელი. ს: ბროძელი.
ყოჩები (15-9) მახარაშვილი, გეგენავა, ხარშილაძე, გაბუნია, გოგოლაშვილი, სოხაძე, ბეგაძე. (1-8) ჯინჭარაძე (გოგიშვილი 49), ხიდეშელი, ხოსიტაშვილი (მაღრაძე 73), არჩუაშვილი, ურუშაძე, აფციაური (ტყეშელიაძე 36), კიკვიძე, ჩხიკვაძე.
3ლ: არჩუაშვილი, კიკვაძე, გეგენავა. 3გ,3ს: სოხაძე.
სინბინი: ბეგაძე.
მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული