შეგახსენებთ, რომ ლატვიურ შეკრებაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: გაბრიელ თებიძე (საჩხერის "ჩიხურა"), ბაჩო მიქავა (ქუთაისის "ტორპედო")
მცველები: დავით მთივლიშვილი, ნიკა ჭანტურია, ნიკა სანდოხაძე, დავით უბილავა (ოთხივე - ქუთაისის "ტორპედო"), სანდრო გურეშიძე (თბილისის "დინამო"), ლევან გეგეჭკორი (მარტვილის "მერანი"), ლაშა დვალი (რიგის "სკონტო", ლატვია)
ნახევარმცველები: გურამ სამუშია, ავთო ენდელაძე (ორივე - "ზესტაფონი"), თემურ მარკოზაშვილი (ქუთაისის "ტორპედო"), დაჩი
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული (გორის "დილა"), ბუდუ ზივზივაძე (თბილისის "დინამო"), გიორგი ფანცულაია (ქუთაისის "ტორპედო"), ნიკა კაჭარავა (ყაზანის "რუბინი", რუსეთი), ლუკა ზარანდია (ქუთაისის "ტორპედო")
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ქართული დელეგაცია ლატვიის დედაქალაქში, სასტუმრო Days Hotel-ში დაბინავდა, სადაც ნაკრებისა და რიგის "სკონტოს" მცველი ლაშა დვალი დახვდათ. 11 ივლისს მისი კლუბი რიგაში, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტირასპოლს" უმასპინძლებს და მანამდე ლაშა "სკონტოში" ივარჯიშებს.
ამ შეხვედრაზე ჩვენი მწვრთნელები და ფეხბურთელები სტადიონზე წასვლას და თანაგუნდელის მხარდაჭერას აპირებენ.
შეკრებაზე ჯერ არ ჩამოსულა ყაზანის "რუბინის" თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა, რომელიც გუნდს 8 ივლისს შეუერთდება. ნიკა ჭანტურია და ნიკა სანდოხაძე კი 11 ივლისს ქუთაისის "ტორპედოსთან" ერთად სლოვაკეთში, "ჟილინასთან" ევროლიგის განმეორებითი მატჩის ჩასატარებლად გაემგზავრებიან და ნაკრებს მეორე დღეს შეუერთდებიან.
ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის, ნიკა ჩხეიძის თქმით, ნაკრები ლატვიაში ადრიანად იმიტომ გაემგზავრა, რომ ბალტიისპირულ კლიმატთან აკლიმატიზაცია გაიაროს.
"რიგაში 16 ივლისამდე გავჩერდებით, დილით ვივარჯიშებთ და გავემგზავრებით კაუნასში, სადაც ევროფინალის მონაწილეები დაბინავდებიან. ჩვენთან ერთად სასტუმროში იქნებიან საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებები.
ჩვენ და ესპანეთს კი ერთი სავარჯიშო მოედანი გამოგვიყვეს და მათთან დროები შევათანხმეთ", - გვითხრა ჩხეიძემ.
მგზავრობით დაღლილი ფეხბურთელები დღის განმავლობაში ისვენებდნენ. საღამოს 6 საათისთვის კი გია ცეცაძემ გუნდი სავარჯიშოდ წაიყვანა.
ვარჯიშმა საათნახევარს გასტანა და საკმაოდ დინამიკური და აქტიური გამოდგა. ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას საკმაო ხანი დაუთმო თემურ ლორთქიფანიძემ. ფეხბურთელები ასევე დიდხანს მუშაობდნენ კომბინაციების დახვეწაზე, ბოლოს კი ორკარა ითამაშეს.
ნაკრებმა 7 ივლისსაც იმავე განრიგით ივარჯიშა, 11 ივლისს კი ამხანაგური შეხვედრა დაიგეგმა - გია ცეცაძის შეგირდებს "სკონტოს" დუბლშემადგენლობა დაუპირისპირდება.
აქვე ვიტყვით, რომ ყვითელი ბარათების გამო 20 ივლისს პირველ შეხვედრას საფრანგეთთან გურამ სამუშია და დავით უბილავა გამოტოვებენ.
8 ივლისიდან ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა დვალიშვილის თქმით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ყოველდღიურად შემოგვთავაზებს სატელევიზიო "დღიურებს", სადაც დაწვრილებით იქნება მოთხრობილი ჩვენი გუნდის მზადების შესახებ.
გადაცემა ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 23 საათზე გავა.
"ამ 20-წუთიან გადაცემაში ასახული იქნება იმ დღის მოვლენები და პლუს, წარვადგენთ მოთამაშეებს. მაყურებელი იხილავს, რა ხდება გუნდის სამზარეულოში, როგორ ემზადებიან, ისვენებენ, ერთობიან... ანუ ის, რაც ტელეეკრანებზე არასოდეს ჩანს", - ამბობს დვალიშვილი.
სხვათა შორის, ფეხბურთის ფედერაციამ აღმასკომის წევრებს სიურპრიზი მოუწყო: ჩაატარა კენჭისყრა, რომლის ხუთი გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე წასვლით დაჯილდოვდა. ხუთივე რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტია: გოჩა როსტომაშვილი (კახეთი), კახა ებრალიძე (გურია), ვიქტორ გრძელიშვილი (მცხეთა-თიანეთი), გელა მაისურაძე (სამცხე-ჯავახეთი) და გია რევაზიშვილი (შიდა ქართლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
[გაიცანით 19-წლამდელები] თემურ მარკოზაშვილი: ევროფინალი ყველას სტიმულია
[გაიცანით 19-წლამდელები] ავთანდილ ენდელაძე: ნახევარფინალში მაინც!
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა კაჭარავა: იმხელა ვიყავი, ასაკგადაკეთებულად მთვლიდნენ
[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ
[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა
[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი
[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია