უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება. "ვიტ ჯორჯია"

AutoSharing Option
წინა ორ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" ერთადერთი და ერთობ მოკრძალებული მიზანი ჰქონდა: უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება. არადა, არცთუ შორეულ წარსულში ეს გუნდი ერთ-ერთ წარმატებულად მიიჩნეოდა საქართველოში და არც ტიტულების ნაკლებობას უჩიოდა.

თანაც, რაც ყველაზე მთავარია, უმაღლეს ლიგაში გამოჩენის შემდეგ "ვეტერინარები" შესაშური სტაბილურობითაც გამოირჩეოდნენ და, ფაქტობრივად, 2000 წლიდან მოყოლებული, მუდამ ევროტურნირების საგზურისათვის იბრძოდნენ.

შორს წაგვიყვანს იმ ფეხბურთელების ჩამოთვლა, სწორედ "ვიტ ჯორჯიაში" რომ გამოჩნდნენ პირველად და მერე კი უცხოეთში გააგრძელეს კარიერა.

საერთოდაც, "ვიტ ჯორჯია", ფაქტობრივად, ერთადერთი ქართული კლუბია, 99 პროცენტით საკუთარ აღზრდილებზე რომ
აკეთებს აქცენტს; ჰოდა, ეს "კონვეირული" სისტემა დღესაც მეტ-ნაკლებად წარმატებით მუშაობს და ამის ნათელი დადასტურებაც ამ სეზონის პირველი ეტაპი იყო, როცა "ვიტ ჯორჯიაში" კვლავაც გამოჩნდნენ ერთიმეორეზე პერსპექტიული ახალგაზრდა ბიჭები.

არადა, საერთო აზრით, ამ სეზონში "ვეტერინარებს" (ისე, როგორც წინა ორ ჩემპიონატში) მოკრძალებული მიზანი უნდა ჰქონოდათ - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება. მით უფრო, რომ უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ახალ სეზონს ისევ ადგილობრივი კადრებით (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა) შეხვდა.

თუმცა ჩემპიონატის სტარტი წარმატებული გამოდგა: "ვიტ ჯორჯიას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრის, ზურაბ ბერიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა პირველ ორ მატჩში 4 ქულა მოიპოვა, მაგრამ ამას წარუმატებელი სერია მოჰყვა (მომდევნო ხუთ შეხვედრაში ერთადერთი ქულა) და "ვიტ ჯორჯიაც" ნელ-ნელა უახლოვდებოდა სახიფათო ზონას...

Sportall.Ge

და აი, VIII ტურში "ვიტ ჯორჯიამ", ბევრისთვის მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით (5:2) დაამარცხა თავისზე ბევრად ძლიერი (ფინანსურადაც და საფეხბურთო თვალსაზრისითაც) "მეტალურგი"; თუმცა მთავარი მოულოდნელობა (გნებავთ - სასიამოვნო სიურპრიზი) წინ გველოდა: ახალგაზრდა "ვეტერინარებმა" შთამბეჭდავად ჩაატარეს პირველი ეტაპის დასკვნითი ნაწილი, როცა ოთხ მატჩში 3 მოიგეს და 1 ფრედ დაამთავრეს;

ჰოდა, ასეთი წარმატებული ფინიშის შედეგად "ვიტ ჯორჯიას"... ზედა ექვსეულში მოხვედრის რეალური შანსიც გაუჩნდა!

ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები ზამთრის პაუზის მერე; მით უფრო, რომ სეზონის განახლებას გუნდი, ტრადიციულად... შეცვლილი შემადგენლობით ხვდება: "ვიტ ჯორჯიას" ლიდერები ხომ სხვა გუნდებში გადავიდნენ. თუმცა, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ გუნდს უმაღლესი ლიგიდან გავარდნა არ დაემუქრება!

დაბოლოს, ორიოდ სიტყვით კლუბის უცვლელ პრეზიდენტზეც: გურამ რუხაძემ თავის თანამოაზრეებთან და ერთგულ მეგობრებთან ერთად 1998 წლის დასაწყისში ქართულ საფეხბურთო სამყაროს "ვიტ ჯორჯია" გააცნო და, იქიდან მოყოლებული, ამ გუნდს თვითმყოფადობა არ დაუკარგავს!..

მეკარე
თავის კარიერაში უდავოდ საუკეთესო სეზონს ატარებს უმაღლესი ლიგის ყველაზე ტანმაღალი (198 სმ) მეკარე ნიკა დაუშვილი - 21 წლის გოლკიპერმა პირველ ეტაპზე 7 (!) მშრალი მატჩი ჩაატარა და ლომის წილი შეიტანა "ვიტ ჯორჯიას" წარმატებებში.

თუმცა მეორე ეტაპზე "ვეტერინარებს" ახალი მეკარის ძებნა მოუწევთ: დაუშვილის დამაჯერებელი თამაში "დინამოს" ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი არ დარჩენია და ეს ჩინებული ფიზიკური მონაცემების მქონე მეკარეც ამიერიდან ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის ღირსებას დაიცავს.

დაცვა
"ვეტერინართა" დაცვის ცენტრში გუნდის ყველაზე "ასაკოვანი" ფეხბურთელები, 25 წლის გურამ ადამაძე და 24 წლის ლაშა კასრაძე ასპარეზობდნენ და ერთობ საიმედოდაც. აქვე ნურც ის დაგვავიწყდება, რომ კასრაძემ 2 გოლის გატანაც მოახერხა (რომელთაგანაც ერთი - "დინამოს" კარში).

პირველი ეტაპის მსვლელობისას ხშირად ყოფილა, როცა "ვიტ ჯორჯია" სამი ცენტრალური მცველით ატარებდა ამა თუ იმ მატჩს და ამ შემთხვევაში ადამაძესა და კასრაძეს "კომპანიონობას" 23 წლის გიორგი გეთიაშვილი უწევდა, რომელსაც მარჯვენა მცველადაც არაერთი მატჩი ჩაუტარებია.

ცალკე უნდა აღინიშნოს სწრაფი და ამასთან, ხისტი თამაშის მოყვარული განაპირა მცველი გიორგი მჭედლიშვილი - ამ 21 წლის ფეხბურთელს ხომ ერთნაირი წარმატებით შეუძლია დაცვის ორივე ფლანგზე ასპარეზობა.

დაცვის მარცხენა ფლანგზე ხშირად თამაშობდა კიდევ ერთი პერსპექტიული ფეხბურთელი, 20 წლის ოთარ ჯავაშვილი.

ნახევარდაცვა
გუნდის, უდავოდ, საუკეთესო რგოლი, სადაც "ვიტ ჯორჯიას" ლიდერები ასპარეზობდნენ და ამ შემთხვევაში, უპირველესად, რაღა თქმა უნდა, 24 წლის გიორგი ჯანელიძე უნდა აღვნიშნოთ. "ვიტ ჯორჯიას" აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა პირველ ეტაპზე ჩინებულად იასპარეზა: თავისი გუნდის თითქმის ყველა შეტევის ორგანიზატორიც გახლდათ და არცთუ უმნიშვნელო გოლებიც გაიტანა.

Sportall.Ge

არანაკლებ პროდუქტიული იყო "ვეტერინართა" კიდევ ერთი "სტაჟიანი" წევრი, ასევე 24 წლის გიორგი კორიფაძე - ამპლუით მარჯვენა გარემარბმა რამდენიმე საგოლე პასიც მიითვალა და, რაც მთავარია, ორჯერ "დუბლი" შეასრულა!

სხვათა შორის, კორიფაძეც და ჯანელიძეც "ლელომ" პირველი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა...

ჩინებულად შეეწყო თავის ახალ გუნდს 24 წლის ნიკა მაისურაძე - ცხინვალის "სპარტაკისა" და საჩხერის "ჩიხურას" ყოფილი ნახევარმცველი თავდაპირველად შეცვლებზე შემოდიოდა ხოლმე, მერე კი ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი.

ასევე წარმატებული დებიუტი ჰქონდა "ვიტ ჯორჯიაში" აკაკი წყაროზიას - ეს საყრდენი ნახევარმცველი უკრაინიდან გადმოვიდა და უპრობლემოდ დაიმკვიდრა ადგილი ძირითადში.

ისე, როგორც წინა სეზონში, ახლაც ხშირად უწევდათ მოედანზე გამოსვლა ახალგაზრდა შუახაზელებს: 22 წლის ირაკლი ღიბრაძესა და 20 წლის შოთა დავლაშელიძეს.

აი, გუნდის კიდევ ერთმა დებიუტანტმა, 18 წლის ნიკა სიჭინავამ პირველი ეტაპის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

თავდასხმა
ამ ფორმაციის "ვიტ ჯორჯია", ტრადიციულად, ერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდით ასპარეზობს ხოლმე და ამ პოზიციაზე ორი ახოვანი და ერთნაირი, ძალისმიერი სტილის ახალგაზრდა თავდამსხმელი გამოდიოდა: ლევან კუხალეიშვილი და ელგუჯა ლობჯანიძე; ორივე ფორვარდმა ერთად 8 გოლი გაიტანა და არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა "ვიტ ჯორჯიას" წარმატებულ თამაშში.

განსაკუთრებით კი, 21 წლის ელგუჯა ლობჯანიძე გვინდა აღვნიშნოთ: ამ ტანმაღალმა და ერთობ ჩინებული ფიზიკური მონაცემების მქონე ფორვარდმა, იმის გარდა, რომ XXV ჩემპიონატის პირველი გოლი გაიტანა, თავი ორი "დუბლითაც" გამოიჩინა და "ლელოს" "ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც" სამჯერ დავასახელეთ.

ლობჯანიძის პროგრესი აშკარაა და ამიტომაც აღარ გვიკვირს, ამ ფორვარდით რამდენიმე გუნდი რომ ინტერესდება...

საუკეთესო მატჩი
პირველ ეტაპზე "ვიტ ჯორჯიამ" ოთხი მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

ამ ოთხიდან კი, რაღა თქმა უნდა, "მეტალურგთან" და "ტორპედოსთან" ჩატარებული მატჩები უნდა აღვნიშნოთ, როცა ახალგაზრდა "ვეტერინარებმა" ამბიციურ მეტოქეთა კარში ხუთ-ხუთი გოლი გაიტანეს.

Sportall.Ge

თუმცა გამორჩეული, რაღა თქმა უნდა, სტუმრად "დინამოსთან" გამარჯვება იყო!

ყველაზე ცუდი მატჩი
პირველ წრეში "ტორპედოსთან" დიდი ანგარიშით (1:4) წაგებაზე უფრო მტკივნეული "სპარტაკთან" (1:3) მარცხი უფრო იყო; ასევე ვერაფრით ჩავუთვლით გუნდს აქტივში "ჩიხურასთან" დიდი ანგარიშით (0:3) მარცხსაც.

მიზანი
"ვიტ ჯორჯია" ზედა ექვსეულის ზღვართან კი იმყოფება, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად მოახერხებს ზურაბ ბერიძის გუნდი უძლიერესთა კომპანიაში გარევას.

ჯერ ერთი, არ დაგვავიწყდეს, რომ გუნდი აშკარად სახეშეცვლილი უნდა წარსდგეს მეორე ეტაპზე - დაუშვილისა და ჯანელიძის გარდა, "ვიტ ჯორჯია" უკვე დატოვეს გიორგი ადამაძემ და გიორგი კორიფაძემ. ანუ ერთდროულად ოთხი ლიდერის სრულფასოვანი შეცვლა რამდენად მოხერხდება, მართლაც ძნელი სათქმელია.

ამასთან, არ დაგვავიწყდეს დარჩენილი ოთხი მატჩის განრიგიც: "ვეტერინარებს" სამი შეხვედრა უშუალო კონკურეტებთან ("მეტალურგი", "ზესტაფონი", "დილა") უწევთ, ერთი კი უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლ "სპარტაკთან"...

Sportall.Ge

"ვიტ ჯორჯიას" ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
18 მატჩი, 7 მოგება, 4 ფრე, 7 წაგება, ბურთები - 25:23. ადგილი - VIII

I ტური. ვიტ ჯორჯია-გურია 3:0
II ტური. ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 0:0
III ტური. ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 0:2
IV ტური. ვიტ ჯორჯია-მერანი 3:0
V ტური. სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1
VI ტური. ვიტ ჯორჯია-დინამო 0:2
VII ტური. ტორპედო-ვიტ ჯორჯია 4:1
VIII ტური. ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 5:2
IX ტური. ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 1:1
X ტური. ვიტ ჯორჯია-დილა 0:2
XI ტური. სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 3:1
XII ტური. გურია-ვიტ ჯორჯია 2:1
XIII ტური. ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 1:0
XIV ტური. ჩიხურა-ვიტ ჯორჯია 3:0
XV ტური. მერანი-ვიტ ჯორჯია 1:2
XVI ტური. ვიტ ჯორჯია-სიონი 0:0
XVII ტური. დინამო-ვიტ ჯორჯია 0:1
XVIII ტური. ვიტ ჯორჯია-ტორპედო 5:0

ვიტ ჯორჯია 2013/14
მეკარეები: ნიკა დაუშვილი - 17 (-21 გოლი), დანტეს ჩალიგავა - 1 (-2 გოლი);
მცველები: ლაშა კასრაძე - 18 (2), გიორგი მჭედლიშვილი - 16, გურამ ადამაძე - 15, გიორგი გეთიაშვილი - 12, ოთარ ჯავაშვილი - 11 (1), რევაზ ჩიტიშვილი - 1;
ნახევარმცველები: გიორგი ჯანელიძე - 18 (3), გიორგი კორიფაძე - 18 (4), ნიკოლოზ სიჭინავა - 18 (2), შოთა დავლაშელიძე - 16 (1), ირაკლი ღიბრაძე - 16 (1), აკაკი წყაროზია - 15, ნიკა მაისურაძე - 13 (2), ნოდარ იაშვილი - 5 (1), ვანო კურდღელაშვილი - 1;
თავდამსხმელები: ელგუჯა ლობჯანიძე - 16 (5), ლევან კუხალეიშვილი - 14(3), ილია პავლიაშვილი - 9, ერეკლე ხვისტანი - 1, მათე კვირკვია - 1.
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე (I-XVIII ტური)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: თბილისის "დინამო"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: საჩხერის "ჩიხურა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: გორის "დილა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ბოლნისის "სიონი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ლანჩხუთის "გურია"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: რუსთავის "მეტალურგი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზესტაფონი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული