უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: მარტვილის "მერანი"

AutoSharing Option
მარტვილის "მერანი" უმაღლეს ლიგაში პირველად 2011/12 წლების სეზონში გამოჩნდა და, დებიუტანტის კვალობაზე, მართლაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა.

კი ბატონო, ბევრი გუნდის მწვრთნელი თუ ხელმძღვანელი დაიჩივლებდა ხოლმე მარტვილის სტადიონის არაკომფორტულობაზე, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ყოველივე ეს თავის მართლებას უფრო ჰგავდა!

ჰო, იმ სადებიუტო სეზონშიც და მომდევნოშიც მარტვილში თამაში ყველას უჭირდა და წინა ორ ჩემპიონატში არაერთმა ფავორიტმაც დაკარგა იქ ქულები. ამას გარდა, "მერანს" თამაშის საკუთარი "ხელწერითაც" გამოარჩევდით და იმითაც, რომ ამ პერიფერიულ გუნდში ჩინებულად უგებდნენ ერთმანეთს გამოცდილი და ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა ფეხბურთელები.

არც სადებიუტო
სეზონში და არც მომდევნოში, "მერანს" უმაღლესი ლიგის დატოვების საფრთხე არ დამუქრებია და ქართულ საფეხბურთო "ოჯახშიც" ნელ-ნელა იმკვიდრებდა ადგილს.

აი, ასეთი შედეგი გამოიღო 2006 წლიდან წამოწყებულმა საქმემ, როცა კლუბის პატრონობა ფრიდონ ინჯიამ ითავა, რომელმაც, თავის მხრივ, გუნდის გაწვრთნა იმ დროისათვის ახალგაზრდა სპეციალისტს, 30 წლის მალხაზ ჟვანიას მიანდო...

სწორედ ამ მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაიწყო კიდეც "მერანმა" ეს ჩემპიონატი და აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილად არა ვართ განებივრებულნი ისეთი ფაქტ(ებ)ით, როცა ერთი და იგივე სპეციალისტი ერთ გუნდში ექვს თუ შვიდ წელიწადს გაატარებს გადაბმულად.

Sportall.Ge

თუმცა მალხაზ ჟვანიას გუნდს ერთობ რთული სეზონი რომ ელოდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო; ჯერ ერთი, "მერანს" საშინაო მატჩები სხვა ქალაქში უნდა ჩაეტარებინა (სამტრედიაში); ამასთან, ძნელი სათქმელი იყო, თუ როგორ მოხდებოდა გუნდის სამი საკვანძო ფეხბურთელის, გივი დიდავას, ვალერი იობაშვილისა და საბა ლომიას სრულფასოვნად შეცვლა.

მაგრამ "მერანი" მაინც აგრძელებდა სასიამოვნო სიურპრიზების შემოთავაზებას: ამ სეზონის სტარტზე გუნდმა ზედიზედ ოთხივე "საშინაო" მატჩი მოიგო!

და აი, VIII ტურის მერე, როცა მარტვილური გუნდი პირველად დამარცხდა "საკუთარ" მოედანზე ("ტორპედოსთან"), ბევრისთვის მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა: 7-წლიანი მართლაც ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ მალხაზ ჟვანიამ "მერანი" დატოვა!

თუმცა ამ მწვრთნელმა მაინც "მოასწრო" და ისე, როგორც წინა ორ სეზონში, ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ერთობ პერსპექტიული ახალგაზრდა დააწინაურა...

ჟვანიას შემცვლელის ძებნა "შორს" არ დაწყებულა: "მერანის" მთავარ მწვრთნელად ახლო წარსულში "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" მარცხენაფლანგელი, ბოლოს კი მარტვილური კლუბის სამწვრთნელო შტაბში მომუშავე კახა ჩხეტიანი დაინიშნა.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, ჩხეტიანის სამწვრთნელო დებიუტი წარუმატებელი გამოდგა: პირველი ეტაპის ბოლომდე დარჩენილ ათ შეხვედრაში "მერანმა" მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულა აიღო...

მეკარე
ჯონი შეროზიამ მთელი კარიერა "მერანში" გაატარა და გუნდთან ერთად აღზევდა უმაღლესშიც; ისე, როგორც წინა ორ სეზონში, პირველ ეტაპზეც, ფაქტობრივად, შეუცვლელად იდგა "მერანის" კარში და იმის მიუხედავად, რომ პირველ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი სწორედ მარტვილურმა გუნდმა გაუშვა.

ამ ყველაფერში 23 წლის შეროზიას დადანაშაულება ძნელი იქნება. მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოუწია მოედანზე გამოსვლა 25 წლის მიხეილ ხარშილაძეს.

დაცვა
ასაკის მიუხედავად, უკვე ორ წელზე მეტია, "მერანის" შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა 19 წლის ლევან გეგეჭკორი; თანაც, ამ ფლანგის მცველს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც იწვევდნენ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ფლანგის მცველს - 21 წლის კიჭი მელიავა "მერანის" ერთ-ერთი სტაჟიანი წევრია. ცენტრალურ მცველთა "დუეტი" გუნდის გამოცდილ ფეხბურთელებს უნდა შეედგინათ, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო 27 წლის გივი ქარქუზაშვილსა და 30 წლის თეიმურაზ ფარულავას ერთად ბევრი მატჩი არ ჩაუტარებიათ.

ტრავმის გამო ბევრი გაუცდა კიდევ ერთ გამოცდილ ფეხბურთელს, 29 წლის გელა ხუბუას. სეზონის მსვლელობისას "მერანში" გამოჩნდა 24 წლის ჯემალ გაბუნია, რომელიც უმაღლეს ლიგას გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდა.

ნახევარდაცვა
ამ რგოლის კი არა, საერთოდ, გუნდის ლიდერი გახლდათ გამოცდილი ახალწვეული, 33 წლის შოთა ბაბუნაშვილი, რომელსაც საქართველოს ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა გუნდში ("ტორპედო", "დინამო", "ზესტაფონი") აქვს მოპოვებული.

ბაბუნაშვილი მართლაც გამორჩეული გახლდათ "მერანის" შემადგენლობაში და იმის გარდა, რომ გუნდის ყველა შეტევის ორგანიზატორი იყო, მეტოქეთა კარში 3 გოლის გატანაც მოახერხა. სხვათა შორის, პირველ ეტაპზე რამდენიმე ისეთი მატჩიც იყო, ბაბუნაშვილი... გამოკვეთილ ცენტრფორვარდად რომ მოგვევლინა.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, ტრავმის გამო ბევრი მატჩი გამოტოვა კიდევ ერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა, 29 წლის გიორგი მელქაძემ. სამაგიეროდ, გუნდის უკვე შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა 19 წლის პაპუნა ფონიავა.

ერთობ საინტერესო შუახაზელია გუნდის ახალწვეული, 20 წლის ბექა ციკოლია.

სხვათა შორის, სეზონის მსვლელობისას, როცა "მერანს" ტრავმების მართლაც ეპიდემია დაატყდა თავს, რამდენიმე ფეხბურთელსაც ხშირად უწევდა ამპლუის შეცვლა; ამას გარდა, რამდენიმე ისეთი შეხვედრაც იყო, მოედანზე გამოსვლა დუბლშემადგენლობიდან დაწინაურებულ 18 წლის ბიჭებს რომ უწევდათ.

თავდასხმა
წინა სეზონში "მერანს" შეტევაში მართლაც არ უჭირდა: "ზესტაფონიდან" იჯარით გადმოყვანილმა საბა ლომიამ ხომ კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა (16 გოლი გაიტანა) და საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მხოლოდ და მხოლოდ ჩისკოსა და ჯაბა დვალს ჩამორჩა.

ამ სეზონის დაწყებამდე ლომია ისევ ზესტაფონში დაბრუნდა, აი, "მერანში" კი მისი ღირსეული შემცვლელი ვერ გამოჩნდა.

ტრავმების გამო ბევრი გაუცდა გუნდის ერთ-ერთ სტაჟიან წევრს, 21 წლის ლაშა კუჭუხიძეს; ახალწვეულ შალვა კვანტალიანსაც არ ჰქონია ბევრი სათამაშო დრო; ხოლო ლეგიონერთა, კრის ბანებასა და მარსიო სანტოსის ეფექტიანობა, ფაქტობრივად, ნულის ტოლი იყო.

სამაგიეროდ, "მერანში" გამოჩნდა ერთობ პერსპექტიული და უნივერსალი ფეხბურთელი, 17 წლის აკაკი შულაია. ამ ნიჭიერ ჭაბუკს უმაღლეს ლიგაში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა და უკვე წამყვანი ქართული გუნდების ყურადღებაც მიიპყრო და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოიძახეს!

Sportall.Ge

საუკეთესო მატჩი
სეზონის სტარტზე "მერანმა" რამდენიმე გამორჩეული მატჩი ჩაატარა და, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედანზე (სამტრედიაში) ზედიზედ ოთხი "საშინაო" შეხვედრაც მოიგო.

თუმცა ყველაზე გამორჩეული, ალბათ, ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, "ჩიხურასთან" გამარჯვება იყო.

ამას გარდა, კიდევ ერთი მატჩი გვინდა აღვნიშნოთ: VII ტურში "მერანი" თბილისს სტუმრობდა და ერთობ თვალსასეირო და შედეგიან შეხვედრაში 2:4 დამარცხდა. წაგების მიუხედავად, "მერანს" ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

თანაც, იმ დროისათვის, ალბათ, ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცოდა, რომ ეს იყო მალხაზ ჟვანიას... ბოლოსწინა მატჩი "მერანის" მთავარი მწვრთნელის რანგში; თანაც, იმ გუნდთან, რომლის თავკაციც ორი თვის მერე... თვითონ გახდა!..

ყველაზე ცუდი მატჩი
სამწუხაროდ, ასეთი შეხვედრა "მერანს" ბევრი ჰქონდა პირველ ეტაპზე; თუმცა ყველაზე უსუსურად გუნდი რუსთავში გამოიყურებოდა, როცა "მეტალურგმა" 6 გოლი გაიტანა "მერანის" კარში.

მიზანი
21 სექტემბერი იყო, "მერანმა" ბოლნისის "სიონს" რომ მოუგო: აი, ამის შემდეგ გუნდს გამარჯვება არ მოუპოვებია (მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრედ) და ამის შედეგად ის მოხდა, რომ ცხრილის ბოლო საფეხურამდე დაეშვა!

მოკლედ, რეალურად თუ ვიმსჯელებთ, "მერანის" მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა და, აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა რთული ამოცანის წინაშეა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ზურაბ იონანიძე. ჰო, ის იონანიძე, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი რომ გახლავთ და "ტორპედოსა" თუ "ზესტაფონის" შემადგენლობაში თავისი ხანგრძლივზე-ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთი გამორჩეული მატჩი რომ ჩაუტარებია.

იონანიძეს უმაღლეს ლიგაში სამწვრთნელო დებიუტი ექნება, თანაც, უამრავი ახალწვეულით დაკომპლექტებულ გუნდში - პირველ ეტაპთან შედარებით, "მერანის" შემადგენლობა ამ ზამთარს ხომ საგრძნობლად შეიცვალა...

Sportall.Ge

მერანის ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
18 მატჩი, 4 მოგება 1 ფრე, 13 წაგება, ბურთები: 14-36, ადგილი-XII

I ტური. მერანი-სპარტაკი 2:1
II ტური. გურია-მერანი 1:0
III ტური. მერანი-ზუგდიდი 2:0
IV ტური. ვიტ ჯორჯია-მერანი 3:0
V ტური. მერანი-ჩიხურა 3:2
VI ტური. მერანი-სიონი 2:0
VII ტური. დინამო-მერანი 4:2
VIII ტური. მერანი-ტორპედო 0:3
IX ტური. მეტალურგი-მერანი 6:1
X ტური. მერანი-ზესტაფონი 0:2
XI ტური. დილა-მერანი 3:0
XII ტური. სპარტაკი-მერანი 1:0
XIII ტური. მერანი-გურია 1:2
XIV ტური. ზუგდიდი-მერანი 0:0
XV ტური. მერანი-ვიტ ჯორჯია 1:2
XVI ტური. ჩიხურა-მერანი 2:0
XVII ტური. სიონი-მერანი 2:0
XVIII ტური. მერანი-დინამო 0:2

მერანი 2013/14
მეკარეები: ჯონი შეროზია - 17 (-33 გოლი), მიხეილ ხარშილაძე - 1 (-3 გოლი);
მცველები: ლევან გეგეჭკორი - 17, გივი ქარქუზაშვილი - 16, კიჭი მელიავა - 15, თეიმურაზ ფარულავა - 12 (1), გელა ხუბუა - 10, ჯემალ გაბუნია - 8, ლაშა ღონღაძე - 7 (1), გიორგი გეგია - 5, ზვიად ლობჟანიძე - 4, ლაშა ჯღამაია - 2, ბეთა ხუბუა - 2, ირაკლი ციცხვაია - 1;
ნახევარმცველები: შოთა ბაბუნაშვილი - 17 (3), შოთა კერძევაძე - 13, პაპუნა ფონიავა - 17 (1), ბექა ციკოლია - 12 (2), გიორგი მელქაძე - 11 (1), ირაკლი ქათამაძე - 9, გიორგი ქარდავა - 2, ბიჭიკო ფოცხვერაშვილი - 1;
თავდამსხმელები: აკაკი შულაია - 14 (2), ლაშა კუჭუხიძე - 13 (3), შალვა კვანტალიანი - 11, იმედა აშორტია - 5, კრის ბანება - 5, მიხეილ ქაჯაია - 1, მარსიო სანტოსი - 1.
მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია (I-VIII ტური), კახა ჩხეტიანი (IX-XVIII ტური)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: თბილისის "დინამო"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: საჩხერის "ჩიხურა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: გორის "დილა"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ბოლნისის "სიონი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ლანჩხუთის "გურია"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: რუსთავის "მეტალურგი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზესტაფონი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება. "ვიტ ჯორჯია"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ქუთაისის "ტორპედო"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ცხინვალის "სპარტაკი"
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზუგდიდი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული